ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია „ფრონტერა“ გენპროკურატურას ყოფილი თანამშრომლის, ზაზა მამულაიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართავს

ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია „ფრონტერა“, რომელიც თავის ყოფილ თანამშრომელს, ზაზა მამულაიშვილსა და „გრინ კაპიტალს“ საქართველოში „ფრონტერას“ ბიზნესის თაღლითურად მითვისების მცდელობაში ადანაშაულებს, გენერალურ პროკურატურას მიმართავს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ზაზა მამულაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს „ფრონტერას“ წინააღმდეგ განხორციელებული ყველა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის. საქართველოს გენერალურ პროკურატურას „ფრონტერამ“ 2021 წლის 14 ივლისს მიმართა.

„2020 წლის აგვისტოში, „ფრონტერას“ დირექტორთა საბჭომ ზაზა მამულაიშვილს მოუხსნა კომპანიასთან დაკავშირებული ყველა კორპორაციული უფლებამოსილება და შესაბამისად, იგი გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. ამის შემდეგ, „ფრონტერამ“ აშშ-სა და საქართველოში ზაზა მამულაიშვილის წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი ქმედებები, რათა დაეცვა და შეენარჩუნებინა საქართველოში „ფრონტერას“ მიერ დიდი ხნის მანძილზე წარმოებული ბიზნესი“ – განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, 2021 წლის 11 ივნისს, Frontera Resources Corporation-მა მოიპოვა დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება ტეხასის შტატის, ჰარისის ოლქის 281-ე საოლქო სასამართლოში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ზაზა მამულაიშვილსა და მასთან აფილირებულ კომპანია „გრინ კაპიტალს“ უკრძალავს საქართველოში „ფრონტერას“ აქტივების განკარგვას, „ფრონტერასთვის“ ნებისმიერი ფორმით კონკურენციის გაწევას და ნებისმიერი საოპერაციო ქმედების განხორციელებას, რაც დაკავშირებულია საქართველოში „ფრონტერას“ ბიზნესთან.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აშშ-ში სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ექსტრაორდინალურია და საჭიროებს მტკიცების მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილებას, რაც შეძლო „ფრონტერამ.“ შესაბამისად, ზაზა მამულაიშვილმა, „გრინ კაპიტალმა“ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა უნდა შეწყვიტონ „ფრონტერასა“ და მისი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება.

Leave a Reply

Menu Title