“რუსეთისათვის არასასურველი ენერგოპროექტების წინააღმდეგ წარმართული კამპანიებში, როგორც წესი, ჩართული არიან ერთი და იგივე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და მათთან დაკავშირებული სტრუქტურები”

ვიცით, რა ჰიბრიდული ომის წარმოების ზოგადი პრინციპები, კრემლის მოქმედების მეთოდოლოგია პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის საქართველოშიც, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთის სპეც სამსახურებს კარგად აქვთ შესწავლილი საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, იციან მათი სუსტი და ძლიერი მხარეები, ანგარიშს უწევენ საზოგადოების მენტალიტეტს (დასავლელი პარტნიორებისგან განსხვავებით) და ქმნიან მოქმედების შესაბამის მოდელს. ისინი ამ მოდელის რეალიზაციას ახდენენ საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში არსებული გავლენის აგენტურის მეშვეობით. რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ კარგად დამუშავებული მეთოდები არა მხოლოდ პირდაპირი აგენტების, არამედ მათ ინტერესებში მოქმედი მართვადი ინდივიდების და ჯგუფების (ე.წ. „სასარგებლო იდიოტების“) გამოყენებისა.

„ჰიბრიდულ ომში“, კონკრეტულ ქვეყანაში გამოიყენება არა მხოლოდ ადგილობრივი (პირდაპირი აგენტების თუ „სასარგებლო იდიოტების“), არამედ საერთაშორისო რესურსებიც. ჩვენს შემთხვევაში ასეთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ – ლგბტ თემის ინტერესების ვითომდამცველი ორგანიზაციების აქტივობა დაფინანსებულია ფსევდოლიბერალური ევროპული ფონდების მიერ (რომელთა დაფინანსებაშიც, თავის მხრივ, დიდი წვლილი შეაქვს რუსეთს), ქაოსის შექმნაში გამოყენებულია ასევე რეაქციული ადგილობრივი ძალები (ფსევდოპატრიოტული დაჯგუფებები).

რაც შეეხება საფრთხეების განეიტრალებას – გარეგნულად ჩანს, რომ სახელმწიფო ვერ მართავს ამ პროცესებს ეფექტურად და საზოგადოებას უჩნდება ეჭვი, რომ ამის მიზეზი არა მხოლოდ ფუნქციონალური არაეფექტურობაა, არამედ სამთავრობო აპარატში ჩანერგილი აგენტების მიზანდასახული აქტივობაა. საერთოდ ხალხს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ მთელ ამ ქაოსს მართავენ მთავრობაში, ოპოზიციურ სპექტრში და არასამთავრობო ორგანიზაციებში ჩანერგილი აგენტები, მე დავამატებდი, რომ უცხო ქვეყნის სპეც სამსახურების მიერ ეფექტურად ხდება ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნაწილის ინფანტილურობისა და ეგოისტური დაქსაქსულობის, სახელმწიფო ინტერესების საფუძველზე შეთანხმების უნარის არ ქონის გამოყენება.

ვახსენეთ ენერგეტიკა, როგორც რუსეთის გავლენის გაძლიერების ფაქტორი. გავიხსენოთ პოლონეთში, უკრაინაში, აშშ-ში, საქართველოში – რუსეთისათვის არასასურველი ენერგოპროექტების წინააღმდეგ წარმართული კამპანიები, რომლებშიც ჩართული არიან როგორც წესი, ერთი და იგივე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული სტრუქტურები. საქართველოში, ერთი და იგივე არასამთავრობოები იბრძოდნენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის წინააღმდეგ და ნებისმიერი, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისათვის მნიშვნელოვანი სხვა პროექტების (ხუდონჰესი; ნენსკრა ჰესი; ნამოხვანის ჰესი და ა.შ.) წინააღმდეგ და საერთაშორისო „მოკავშირეების“ როლებიც სტერეოტოპულად იყო განაწილებული: საერთაშორისო არასამთავრობოების ქსელი „ბენქვოჩი“ მათი ქართველი პარტნიორებით, „მწვანე ალტერნატივა“ და სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), როგორც „თანამომჩივანი“ მხარე და მათივე ლობირებით – მომრიგებელ მხარედ „ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია”.

ენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგ ბრძოლაში, წმინდა გარემოსდაცვითი ხასიათის არგუმენტებთან ერთად, მომჩივანი მხარე არ მოერიდა ისეთი არგუმენტების გამოყენებასაც, როგორიც არის სვანების ეთნიკური კუთვნილება: გამოცხადდა, რომ სვანები წარმოადგენენ ქართველებისაგან განსხვავებულ „ეთნიკურ ჯგუფს“ („Svan people as a unique community which may be referred to as an “ethnic nationality” group… according to international standards and good practice the group of people, the Svans, may likely belong to a unique ethnic group“- ნიდერლანდების გზშ კომისიის დასკვნიდან ხუდოჰესის პროექტზე, 2013) – არა „ეთნოგრაფიულ“ ჯგუფს, არამედ სწორედ ეთნიკურად განსხვავებულ ჯგუფს და ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ნაწილში მყარად დამკვიდრდა აზრი, რომ სვანეთი დაპყრობილი აქვს საქართველოს, რომ „არაქართველი“ სვანები განიცდიან ქართველების მხრიდან კოლონიურ ჩაგვრას.

სხვათა შორის, ეს სტერეოტიპი გამოყენებულია არა მხოლოდ ენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ, რაც უფრო სახიფათოა, იმ ძველი რუსული ნარატივის დასამკვიდრებლად, რომ მეგრელები და სვანები ქართველები არ არიან, ეს კი პირდაპირ ემსახურება იმპერიულ პოლიტიკას – „გაყავი და იბატონე“. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლე ჩვენს თანამემამულეებს პასპორტში უწერენ „სვანი“ ან „მეგრელი“, რომ ხაზი გაუსვან მათ არაქართველობას. ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ნარატივს მხარი აუბა საქართველოს ზოგი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც (ჩვენთან ხომ ნებისმიერი „საპროტესტო“ ნარატივი განხილულია პარტიების მიერ, როგორც ინსტრუმენტი მთავრობასთან საბრძოლველად და თავისი ელექტორატის გასაზრდელად, ეს ყოველთვის ხდება ზედაპირულად, ქვეყნის ინტერესების გაუთვალისწინებლად).

წყარო: pia.ge

სტატიის სრული ვერსია იხილეთ აქ

Leave a Reply