აზერბაიჯანი კლიმატის ცვლილებისადმი მდგრად ენერგო სტრატეგიებს შეიმუშავებს

“მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში გამომუშავებული ენერგიის უმეტესი ნაწილი მიიღება ტრადიციული წიაღისეული საწვავიდან, მომავალში ჰიდროენერგეტიკა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგიის წარმოებაში”

აღნიშნულ ინფორმაციას “მსოფლიო ბანკისა” და “აზიის განვითარების ბანკის” ერთობლივ ანგარიშში “კლიმატური რისკის მქონე ქვეყნების პროფილი” ვკითხულობთ.

“აზერბაიჯანში, 2016 წელს, ჰიდროენერგეტიკის წარმოებამ მთლიანი წარმოების 8% შეადგინა, მაშინ როდესაც, 2010 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 18% იყო. მიუხედავად ნალექების მოცულობის არაზუსტი პროგნოზებისა, მყინვარების სწრაფი ტემპით დნობასა და გაზრდილ აორთქლებას შეუძლია მნიშვნელოვნად დააზიანოს აზერბაიჯანის ენერგეტიკა” – ნათქვამია მოხსენებაში.

ანგარიშში ნაჩვენებია, რომ ეროვნული განვითარების ფარგლებში, აზერბაიჯანი კლიმატის ცვლილებისადმი მდგრად ენერგო სტრატეგიებს შეიმუშავებს, მათ შორის, ემისიების შემცირების გრძელვადიან სტრატეგიებსაც, რაშიც უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ ჰიდროენერგეტიკა შეასრულებს.

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოებამ 14 მლრდ 868.8 მლნ კვტ.სთ შეადგინა, რაც, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 4%-ით მეტია. მოცემული მოცულობიდან 858.1 მილიონი კვტ.სთ ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის (13.3%-ით მეტი, წინა წელთან შედარებით), 13 467.6 მილიონი კვტ.სთ – თბოელექტროსადგურებზე (3.8%-ით მეტი), 54 მილიონი კვტ.სთ – ქარის ელექტროსადგურებზე (46%-ით ნაკლები, წინა წელთან შედარებით), 31.5 მილიონი კვტ.სთ – მზის ელექტროსადგურებზე (16.2%-ით მეტი).

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title