აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება – რა მოცულობის დენს მოიხმარს ოკუპირებული რეგიონი

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ისევ იზრდება.

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის 7 თვეში ოკუპირებულმა რეგიონმა 1766.0 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, ეს კი 22.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წელს აფხაზეთს 1442.7 მლნ კვტ.სთ დენი მიეწოდა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთს ,,ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს საქართველოს სახელმწიფო უფასოდ აწვდის. 2020 წელს ოკუპირებულმა რეგიონმა 2552.4 მლნ კვტ.სთ ენერგია მოიხმარა, რაც 24%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მაშინ აფხაზეთს 2059.9 მლნ კვტ.სთ დენი მიეწოდა.

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის, მოძველებული ინფრასტრუქტურა, კრიპტოვალუტების ფერმები და რა თქმა უნდა, ფაქტობრივად, უფასო დენი. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დე ფაქტო მთავრობას რუსეთი უკვე შეპირდა, თუმცა სანაცვლოდ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა მოთხოვა. დათანხმდება თუ არა სოხუმის რეჟიმი მოსკოვის წინადადებას, ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება მთლიან მონაცემებს, ესკო სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში გენერირებული იქნა 6770.3 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, მოხმარებამ კი შეადგინა 8317.9 მლნ კვტ-სთ დენი. ამავე პერიოდში საქართველომ უცხოეთში 1706.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა.

წყარო: bpn

Leave a Reply

Menu Title