თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

პოლონეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს

პოლონეთს რუსული გაზი 2023 წლიდან აღარ დასჭირდება. ამის შესახებ ენერგეტიკის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის საკითხებში პოლონეთის მთავრობის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, პიოტრ ნაიმსკიმ განაცხადა, რასაც Euractiv-ი ავრცელებს.

ნაიმსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ბალტიის გაზსადენი Baltic Pipe 2022 წლის 1 ოქტომბრიდან სრულად ამოქმედდება, რომლის საშუალებითაც პოლონეთი ნორვეგიის კონტინენტალური შელფიდან გაზს მიიღებს. გაზსადენს დანიური კომპანია Energinet ოპერირებს. პოლონეთისთვის რუსული გაზის მიწოდებაზე იამალის კონტრაქტის ვადა 2022 წლის 31 დეკემბერს იწურება.

„ჩვენ რუსულ „გაზპრომთან“ კონტრაქტს არ განვაახლებთ”, – აცხადებს პიოტრ ნაიმსკი.

მისი თქმით, პოლონეთი ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას ეწევა, გაზიფიცირება კი მეტად მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან ნახშირზე დამოკიდებულებას ამცირებს.

„გაზის რაოდენობა, რომელსაც პოლონეთი გამოიყენებს, 2030 წლისთვის ან მის ახლო პერიოდში, დაახლოებით, 50%-ით გაიზრდება“, – ამბობს ნაიმსკი.

მისი თქმით, ვინაიდან პოლონური კომპანია Gaz-System მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთდამაკავშირებელ ხაზებს აშენებს, ეს პოლონეთს საშუალებას მისცემს, რუსეთის გვერდის ავლით, სხვა წყაროებიდან ეკონომიკისთვის აუცილებელი გაზის მოცულობის იმპორტი განახორციელოს.

Baltic Pipe-ის გაზსადენის პროექტი ნორვეგიის გაზის საბადოებთან დანიასა და პოლონეთს აკავშირებს. მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, გაზის ტრანსპორტირების მოცულობა წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. ნაიმსკიმ განმარტა, რომ გაზსადენის მშენებლობის შეფერხებები გარკვეულ გარემოსდაცვით საკითხებთან იყო დაკავშირებული, რაც დანიელმა პარტნიორებმა უკვე მოაგვარეს.

Baltic Pipe-ისა და სხვა ინფრასტრუქტურით პოლონეთი დასავლეთ ევროპის ბაზრებს, მათ შორის სასაქონლო ბაზარს სრულად დაუკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის მთავრობა ამ განცხადებას იმ ფონზე აკეთებს, როცა რუსულმა „გაზპრომმა” ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენის მშენებლობა დასრულებულად გამოაცხადა. „გაზპრომს“ სურს, Nord Stream 2-ით გერმანიისთვის და ევროპის სხვა ქვეყნებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება ოქტომბრიდან დაიწყოს.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply