გაზზე რეკორდული ფასების გამო, ევროპამ წარმოების შემცირება დაიწყო

ევროპაში გაზზე რეკორდულად მაღალმა ფასებმა, რომელმაც სექტემბერში ათას კუბურ მეტრზე თითქმის 1000 აშშ დოლარს მიაღწია, აიძულა ზოგიერთი კომპანია წარმოების შემცირება დაიწყოს.

როგორც Bloomberg იტყობინება, CF Industries-მა, ამერიკულმა სასუქების უმსხვილესმა მწარმოებელმა, დახურა ორი ქარხანა დიდ ბრიტანეთში. ამავე სპეციალობის ნორვეგიულმა კომპანიამ Yara International ASA-მ განაცხადა, რომ ამცირებს ამიაკის წარმოებას და განმარტავს, რომ იგი იძულებული გახდა გადაედგა აღნიშნული ნაბიჯი გაზის რეკორდულად მაღალი ფასების გამო.

ევროკავშირი ცივი ზამთრის მოლოდინშია, საცავებში გაზის მარაგები რეკორდულ მინიმუმამდეა დასული, მაშინ როცა გათბობის სეზონი უკვე ერთ თვეში დაიწყება.

ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის რამდენიმე მიზეზი არსებობს: პანდემიის შემდეგ, ეკონომიკური გაჯანსაღების შედეგად, გაზზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა. შედარბით ნაკლებად, მაგრამ მაინც იქონია გავლენა ევროკავშირში CO2–ის ემისიაზე უფრო მაღალი კვოტების დაწესებამ.

გასათვალისწინებელია ასევე ჩრდილოეთ ზღვაში ქარის “სიმშვიდეც”. შეგახსენებთ, რომ კვირების განმავლობაში ქარის ელექტროსადგურების ტურბინები, რომლებიც ენერგიით ამარაგებდნენ ჩრდილო-დასავლეთ ევროპას, გაუნძრევლად იდგა.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply