ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

აფხაზეთის გაზრდილი ენერგომოხმარებისთვის ,,ენგურის“ სამმაგი სიმძლავრეც არასაკმარისია

საქართველოს ენერგომოხმარებაში  აფხაზეთის ფაქტორი ისევ დომინირებს. ესკოს-ს  მონაცემით, მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყნის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობამ 1,51 მლრდ კვტ/სთ შეადგინა. აქედან თბილისმა 147 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, აფხაზეთმა –  187.4 მლნ კვტ/სთ. გამოდის, რომ ოკუპირებული რეგიონის მიერ მოხმარებული დენის მოცულობა დაახლოებით 20%-ით მეტია იმასთან შედარებით,  ვიდრე  აგვისტოში ,,თელასის“ აბონენტებმა  მოიხმარეს.

რაც შეეხება 2021 წლის 6 თვის (იანვარ-ივნისი) მონაცემს, აფხაზეთმა მოიხმარა 1,953 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია. ,,თელასმა“ და ,,თელმიკომ“ ერთად აფხაზეთზე 350 მლნ კვტ/სთ–ით ნაკლები – 1,603 მლრდ კვტ/სთ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის რეგიონისთვის  ეს არის ენგურჰესიდან უფასოდ მიღებული ელექტროენერგია.

ენერგეტიკოს გია არაბიძის შეფასებით, დენის მოხმარების ზრდა დედაქალაქში როგორც აგვისტოს მდგომარეობით, ასევე წლიურ ჭრილშიც,  ლოგიკურია და  ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებას უკავშირდება. როგორც ენერგეტიკოსი ამბობს, სხვა რამ რადიკალური ცვლილება, ამ მხრივ არ არის, თუმცა აფხაზეთში დენის მოხმარების სტატისტიკა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს და ალოგიკურიცაა.

,,აგვისტოში დენის მოხმარების  დიდი წილი აფხაზეთზე მოდის. მან, 6 თვის (იანვარ-ივნისი) მონაცემითაც,  მთლიანი ჯამური მოხმარების 15% დაიკავა.  ეს არის  1,953 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, როცა თბილისის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი  1,6 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს. ამასთან, ,,თელასს“  ჰყავს დაახლოებით 600 ათასამდე აბონენტი, აფხაზეთში კი  სულ 80 000 აბონენტია. გამოდის, რომ სერიოზულად უსწრებს თბილისს, სხვაობა 300 მლნ კვტ/სთ-ია ანუ 20%-ით მეტი 8 თვის მონაცემის მიხედვითაც“, – უთხრა ,,კომერსანტს“ გია არაბიძემ.

ენერგეტიკოსი აფხაზეთში დენის მოხმარების ზრდის მიზეზს განმარტავს და აცხადებს, რომ  ამ მხრივ უდიდესი გავლენა აქვს ბიტკოინს, რომლის გამომუშავებაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მდგრადობას.

,,სასწრაფოდ არის ზომები მისაღები, ერთადერთი ვარიანტია, განსაკუთრებით ,,ენგურჰესის“ ხელმძღვანელობიდან, რომ რუსეთმა  დასვას იქ გამრიცხველიანების საკითხი (აფხაზებს ამას არავინ ეკითხება).  მეორეც, ფორმალურად წამოიწყებენ შემოწმებას, თითქოს მონიტორინგი გაამკაცრეს, ამოიღებენ 7-10 მაინერს და ამის მეტი კონტროლის  მიმართულებით არაფერი კეთდება.  კრიპტოვალუტის საკითხი ყველაზე მძიმე და რთულია ოკუპირებული რეგიონისთვის.  ეს პრობლემა თუ არ მოგვარდა, ენგურჰესის სიმძლავრის 3 ჰესი არ გვეყოფა აფხაზეთის ენერგომომარაგებისთვის“, – აცხადებს ენერგეტიკოსი ,,კომერსანტთან“ საუბარში.

ცნობისთის, საქართველოში, მიმდინარე წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედრებით, 40.1%-ით გაიზარდა და 1 მლრდ 351.4 მლნ კვტ.სთ შეადგინა.

აქედან აგვისტოში, თბილისში, 147 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა, რეგიონებში – 391.8 მლნ კვტ.სთ, ოკუპირებულ აფხაზეთში კი – 187.4 მლნ კვტ.სთ.

საერთო ჯამში, როგორც ესკო-ს მონაცემიდან ირკვევა, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1,706,1 მლნ კვტ/სთ  ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. აქედან 1 039,9 მლნ კვტ/სთ მოცულობის დენის იმპორტი რუსეთზე მოდის. შემდეგ პოზიციაზეა აზერბაიჯანი, საიდანაც აღნიშნულ პერიოდში 505 მლნ კვტ/სთ რაოდენობის იმპორტი განხორციელდა. მესამე პოზიციას, 48,2 მლნ კვტ/სთ-ით, თურქეთი იკავებს.

წყარო: “კომერსანტი”

 

Leave a Reply

Menu Title