ნამახვანის ჩაშლით გახარებული და გამარჯვებული „ბიდლოს“ ქვეყანა

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ანვითარებულ მოვლენებს ჟურნალისტი თენგიზ აბლოთია სტატიას უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

”სიტყვა „ბიდლო“, ისევე, როგორც ლუმპენპროლეტარიათი, ჩვენში რუსული ენიდან შემოვიდა, თუმცა, წარმოშობით ერთი პოლონურია, მეორე კი გერმანული.

ორივე ნიშნავს ერთსა და იმავეს – ყველაფერი რომ შევაჯამოთ – უპასუხისმგებლო, ინფანტილურ, მუდამ ხელგაშვერილ და ამავე დროს უმადურ ადამიანს.

ბიდლო არის ის, ვინც არც ქალაქელია, და არ სოფლელი, არც მიწა იცის, არ ხელობა ეხერხება, არც ფერმერია და არც ზეინკალი, ქალაქში სოფლელობს, სოფელში ძალად ქალაქელობს, სინამდვილეში კი არც ერთის თავი აქვს და არც მეორის.

ბიდლოს, ანუ ლუმპენს, არ გააჩნია პროფესია, ან რაიმე სასარგებლო უნარ-ჩვევა. ის ყველაზე მრავლადაა უმუშევრებს შორის, იმიტომ, რომ წესიერად არაფრის კეთება არ შეუძლია.

ბიდლო მუდამ სახელმწიფოს დახმარების იმედზეა, საკუთარი ცხოვრების დალაგებას არ ცდილობს, ზომაზე მეტად უყვარს ჭამა, სმა, აზარტული თამაშები. ბიდლო ყოველთვის აძლევს ხმას პოპულისტებს, თუმცა, მადლიერი არასდროსაა – ის მიიჩნევს, რომ მთელი მსოფლიო მის წინაშე ვალშია.

თუ ლუმპენს რაღაცით დაეხმარებით – მადლობის იმედი ნუ გექნებათ. ხვალ ისევ დაგადგებათ თავზე და რაღაცას გთხოვთ.

ბიდლო ყოველთვის პსევდორელიგიურია, ამაყობს თავისი ერის ისტორიით, რომელიც არ იცის და ტრადიციებით, რომლებიც უკუღმართად ესმის.

იქ სადაც ბიდლოა, ყოველთვისაა ხმაური, ნაგავი, უწესრიგობა, გაუნათლებლობა, უსაქმურობა და კრიმინალი.

ბიდლო დაჯილოებულია ათასგვარი ფობიებით – სხვა ერების, სხვა რელიგიების, განსხვავებული გარეგნობის, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის, მასონების, მსოფლიო შეთქმულების, კორონავირუსის ვაქცინების, ბიომეტრიული პირადობის მოწმობების და კიდევ ვინ იცის, რამდენი რამის…

ალბათ გეცნოთ ეს ჩამონათვალი… გამარჯობა, საქართველო… ესაა შენი მოსახლეობის უმრავლესობა თუ არა, ყოველ შემთხვევაში, დიდი ნაწილი.

ბიდლო, ანუ ლუმპენი, ყველა ქვეყანაში არსებობს და ის ბუნებრივი მოვლენაა. ცივილიზებულ ქვეყნებში ისინი ძირითადად ცალკე ცხოვრობენ, უბნებში, საიდანაც საშუალო ფენა გარბის და რომლებსაც უწესრიგობა ყველაფერში ეტყობათ. ყველაზე მდიდარ და მოწესრიგებულ ქვეყნებშიც კი – მოუწესრიგებელი სადარბაზოები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, დალეწილი საავტობუსო გაჩერებები, უსისტემოდ, აქა-იქ მიგდებული ავტოტრანსპორტი.

განსხვავება მხოლოდ ერთ რამეშია – მათ რაოდენობაში და ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში მათ წილში. არის ქვეყნები, სადაც ბიდლო მცირეა და ძირითადად ნორმალური მოქალაქეები მათ საფეხბურთო მატჩებზე ხედავენ, გულშემატკივართა დაჯგუფებებში, რომლებიც ერთმანეთთან ჩხუბობენ და რაც გზაში შეხვდებათ, ყველაფერს აზიანებენ.

ისინი საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულები მარგინალები არიან, რომლებიც არაფერს წყვეტენ და მათ არავინ არაფერს ეკითხება.

ასევე არის ქვეყნები, სადაც ბიდლო ბევრია და მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენს. აი, მათ კი ძალიან არ გაუმართლათ.

ქვეყნის ნორმალური მოქალაქეები მუშაობენ, საქმეს აკეთებენ, ცდილობენ ქვეყანა ააშენონ, ბიდლო კი ამას ყველაფერს ანგრევს. ლუმპენების მაღალი პროცენტის მქონე ქვეყანა ვერასდროს გაიმართება წელში, რადგანაც მას კისერზე უსაქმურების ლეგიონი აზის..

საქართველოში ყველა პოლიტიკოსი წლების მანძილზე ორიენტირებულია ბიდლოზე. ყველა პოლიტიკოსი პირველ რიგში მოსახლეობის ამ ფენის გულის მოგებას ცდილობს – მუქთას ჰპირდება იმისთვის, რომ არჩევნებზე შემოიტყუოს, უცხოელებს მიწის ყიდვის და დამუშავების უფლებას ართმევს (ოღონდ ბიდლოს არ ეწყინოს), მოძალადეებს არ სჯის და ქვეყნის გამყიდველ ეკლესიასთან მუხლმოდრეკილი დგას – ოღონდ აგრესიულ მრევლს, იგივე ბიდლოს, არ ეწყონოს.

არაფრის მაქნისი გარე მოვაჭრეების და მებაზრე-გადამყიდველების, ქუჩაში მდგომი, და დედების მიერ ევროპიდან გამოგზავნილ ფულზე დამოკიდებული უსაქმურების აზრი საქართველოს ყველა ხელისუფლებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საშუალი კლასის აზრი.

მთავრობა ათას საძაგლობაზე მიდის, ოღონდ ბიდლოს გული მოიგოს და ამ დროს, ქვეყნის ბურჯის, საშუალო ფენის ინტერესებს ყურადღებას არ აქცევს. ეს არა მხოლოდ მთავრობას, არამედ ოპოზიციასაც ეხება – მაგალითად, მიშა სააკაშვილს, რომელიც „არა ჰესების“ ბიდლო-მოძრაობას მხარი დაუჭირა და 5 ივლისის მოვლენებში ეკლესიის როლზე მკაფიოდ თითქმის არაფერი თქვა.

ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებულია აზრი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ბიდლოა და მათი გულის მოგებით შესაძლებელია არჩევნებში გამარჯვება. რაც არასწორია ყველა კუთხით.

ბიდლო არაა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ნახევარი შეიძლება იყოს, მაგრამ არა უმრავლესობა. და რაც მთავარია – ის სრულიად უსარგებლოა, როგორც ელექტორატი – ლუმპენები არჩევნებზე არ დადიან, იმიტომ რომ პასუხისმგებლობის გრძნობა დაბადებიდან არც ერთ წამს არ ჰქონდათ,და იმიტომაც რომ ტიპური ბიდლო ფიქრობს – „რა აზრი აქვს, მაინც ჩვენს გარეშე გადაწყვეტენ“.. ან „ხალხისთვის მაინც არავინაა, ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობს“..

ეს მხოლოდ თეორიაა არაა – საქართველოში არჩევნებზე საშუალო დასწრება 55%-ა. ამომრჩეველთა 45% ხმის მისაცემად საერთოდ არ დადის – მათ უმრავლესობა სწორედ ბიდლოა. ტყუილად ცდილობთ ისინი ააყენოთ და არჩევნებზე წაიყვანოთ – კიდევ ჯობია სახლებში ისხდნენ.

ისინი არჩევნებზე მართლაც რომ წავიდნენ, ქვეყანა ბოლომდე დაიქცევა.. შესაძლოა მმართველი პარტია „პატრიოტთა ალიანსი“გახდეს. ამიტომ კიდევ აჯობებს სახლში დარჩნენ.

მაშ რა გამოდის? ქართული პოლიტიკური სპექტრი მზადაა დააქციოს ქვეყანა, თანაც სულ ტყუილად? „ქართული ოცნების“ მთავარი მხარდამჭერი ხომ იდეური ანტიმიშისტები, საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლები და მათ ნათესავები არიან. კაი ბიჭების მოყვანილი ან 50 ლარად ნაყიდი ბიდლო ამ ფონზე უმნიშვნელო დანამატია..

დიახ, გამოდის რომ ტყუილად.

მაგალითად, ქალაქის ხელისუფლება ქუჩაში ვაჭრობის კუთხით წესრიგს ვერაფრით ვერ ამყარებს – ბიდლოს რისხვის ეშინია. მაგრამ ამავე დროს არ ფიქრობს, რომ ქუჩაში ქაოსით დაღლილ საშუალო ფენა ასეთ მიდგომას პირიქით, მხარს დაუჭერს..

მაგრამ არა – მთავარია ბიდლოს ეს ეწყინოს, თორემ დანარჩენებს ვინ დაეძებს. ვაგზლის მოედანი – ლუნპენ-პროლეტარიატის ტრიუმფი…

ქართული რეალობის ტრაგედია და ქართული პოლიტიკის უტვინობის მაჩვენებელი – ბიდლო გამარჯვებას ზეიმობს, ქვეყანას კი დიდი პრობლემები და უზარმაზარი ჯარიმები ელის. მაგრამ არა უშავს, საშუალო ფენა, გადასახადების გადამხდელი, მოითმენს.

მთავარია, ლუმპენს არ ეწყინოს.

ნამახვანიდან გაქცეული ინვესტორი – ბიდლოს კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვებაა საღ გონებაზე. საქართველო კი, კიდეც ერთხელ, ბოლო 30 წლის მანძილზე ვინ იცის მერამდენედ – გამარჯვებული ბიდლოს ქვეყანა..”

წყარო: cnews.ge

Leave a Reply