Financial times: ევროპამ რუსულ გაზზე უარი უნდა თქვას

ჯერ ღრმა შემოდგომაც არ დამდგარა, მაგრამ შიში, რომ ევროპელებს გაზმომარაგების პრობლემა შეექმნებათ, უკვე იკითხება. მსოფლიო ფასები გაზზე დღეს ყველაზე მაღალია 2008 წლიდან და ყველაზე მეტად სწორედ ევროპა ზარალდება.

ცისფერი საწვავის იმპორტი წინა წელთან შედარებით 440%-ით გაძვირდა და ეს მაშინ, როდესაც ბუნებრივი აირი ევროპისთვის ელექტროენერგიის გამომუშავების ძირითადი წყაროა – შესაბამისად, გაზის კრიზისი შესაძლოა გლობალურ ენერგოკრიზისში გადაიზარდოს.

ეს ყველაფერი დიდი ხნის მანძილზე მწიფდებოდა – 60-ან წლებში ევროპა ძირითადად გაზს ნორვეგიიდან, ბრიტანეთიდან და ჰოლანდიიდან იღებდა, მაგრამ მათი საბადოები უკვე დიდი ხანია თითქმის ბოლომდე ამოიწურა, და კონტინენტი მეტწილად შემოტანილ გაზს იყენებს.

70-ანი წლების ბოლოდან საწვავის მიწოდება საბჭოთა კავშირმა დაიწყო. 90-ანი წლების ბოლოდან ევროპის დამოკიდებულობა რუსულ გაზზე პოლიტიკურ პრობლემად იქცა.

როდესაც 2009 წელს რუსეთმა გაზის მიწოდება უკრაინის გავლით დროებით რამდენიმე დღით შეაჩერა, ევროპელები მიხვდნენ, რამდენად საშიში და კრიტიკულია მათი დამოკიდებულობა რუსულ გაზზე.

2009 წლის კრიზისის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა – ევროპაში ამერიკული თხევადი გაზი გამოჩნდა, რომელიც მოხმარებას მეტ-ნაკლებად აბალანსებს, თუმცა, რუსული გაზის წილის შემცირება ვერაფრით ვერ ხერხდება. ამიტომაც ევროპა ჯერ კიდევ რჩება ვლადიმირ პუტინის გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული, ის კი გაზის მიწოდებას პოლიტიკურ იარაღად აქტიურად იყენებს.

ამ საკითხში ევროკავშირის ნებისმიერი კოლექტიური სტრატეგია შეზღუდული იქნება, რადგანაც ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად გერმანია, ამ დამოკიდებულობისგან განთავისუფლებას არც კი ცდილობს. და ეს მაშინ, როდესაც გრძელვადიანი დამოკიდებულობა რუსულ გაზზე წინააღმდეგობაში შედის ევროპულ სტრატეგიასთან, რომელიც 2050 წლისთვის ატმოსფეროში ნახშირბადის გაფრქვევის ნულამდე დაყვანას გულისხმობს.

ამ მიზნის მისაღწევად, ინვესტიციები გაზის  სექტორში უნდა შემცირდეს, მაგრამ დღეს ეს შეუძლებელია – გაზი დღემდე ენერგიის შეუცვლელ წყაროდ რჩება. წესით, ნახშირბადის გამოყოფაზე კვოტების დაწესება ნახშირის გამოყენებას ამცირებს და გაზზე მოთხოვნას ზრდის, თუმცა, დღეს ყველაფერი საპირისპიროდაა – ძვირი გაზი ნახშირის მოხმარებას ზრდის.

ეს არ იქნებოდა დიდი პრობლემა, მაგრამ კლიმატური პირობების ცვალებადობა მზის და ქარის ენერგიის გამოყენების ეფექტურობას მნიშვნელოვნად ამცირებს. ეს კი ისევ ზრდის ბუნებრივ აირზე მოთხოვნას – მაგალითად, ბრიტანეთში ამ წლის სექტემბერში გამომუშავებული ელექტროენერგიის თითქმის 60% სწორედ გაზზე მოდიოდა.

ამ კრიზისის გადაწყვეტა შეუძლებელია – არსებობს მხოლოდ საშიში პოლიტიკური გადაწყვეტილებების სცენარები, რომელთა თანახმად პუტინს არსებული ვითარების მკვეთრად გაუარესება შეუძლია. ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ არასტაბილურობა გლობალურ ენერგეტიკაში საუკეთესო არგუმენტია ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების ზრდისთვის, თუმცა, ეს მომავლის საკითხია, ენერგომოხმარებას კი მომავალში ვერ გადადებ.

ნახშირბადების გამოყოფაზე კვოტები გაზის გაძვირებას იწვევს და რუსეთზე დამოკიდებულობა ამ რეალობას კიდევ უფრო ამძიმებს. ამას ყველაფერს კი საფუძვლად უდევს რუსულ გაზზე კრიტიკული დამოკიდებულობისადმი შეგუება.

ევროპელმა პოლიტიკოსებმა მძიმე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და ამ დამოკიდებულობაზე მტკიცე უარი განაცხადონ.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply