ურსულა ფონ დერ ლაიენი: ენერგიის ფასების სტაბილურობისათვის ევროკავშირმა განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციების მოცულობა უნდა გაზარდოს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ენერგეტიკის მაღალი ფასები ევროკავშირისათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა გრძელვადიან პერიოდში განახლებადი ენერგიის სფეროში უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ, რათა მომავალი ენერგეტიკული კრიზისი თავიდან აირიდონ.

„ვფიქრობ, მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ, რომ გაზის ფასები ევროპაში მუდმივად იზრდება, ხოლო განახლებადი წყაროებით მიღებული ენერგიის ფასები ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მცირდება და შედარებით სტაბილურობით ხასიათდება“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებთან საუბრისას სლოვენიაში, ევროკავშირ–დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დაწყებამდე.

„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგოდამოუკიდებლობა ევროკავშირისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის წყაროებში მეტი ინვესტირება, რადგან ის მეტ დამოუკიდებლობას გვაძლევს, ამასთან ფასებიც შედარებით სტაბილურია“. აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით ევროკავშირში მოხმარებული გაზის 90% იმპორტირებულია.

Leave a Reply