ჩინეთის ენერგო კრიზისი თითქმის ყველა ძირითად ინდუსტრიაზე იმოქმედებს

ჩინეთის ენერგეტიკული კრიზისი მთელ მსოფლიოზე იწყებს ზეგავლენის მოხდენას. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკის ენერგო კრიზისი აზიანებს ყველას, ავტომწარმოებლებიდან ავსტრალიელ ფერმერებამდე.

მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორის ელექტროენერგიის დეფიციტის მიწოდების ჯაჭვებზე გავლენამ შესაძლოა, შეაფერხოს გლობალური ეკონომიკა, რომელიც პანდემიისგან თავის დასაღწევად იბრძვის.

გადაზიდვების ინდუსტრია უკვე ებრძვის გადატვირთულ მიწოდების ხაზებს, რომლებიც მსოფლიოში ტანსაცმლისა და სათამაშოების მიწოდებას აფერხებენ. კრიზისი ასევე ემთხვევა ჩინეთში მოსავლის აღების სეზონს, რაც სურსათის ფასებისთვის დამატებითი საზრუნავია.

”თუ ელექტროენერგიის დეფიციტი და წარმოების შემცირება გაგრძელდება, ისინი შეიძლება გახდეს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მიწოდების გლობალურ პრობლემებს გამოიწვევს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის საექსპორტო პროდუქციის წარმოებაზე იმოქმედებს”,- ამბობს ლუის კუიზი, Oxford Economics-ის აზიის უფროსი ეკონომისტი.

ეკონომისტებმა უკვე გასცეს გაფრთხილება ჩინეთში ზრდის შენელების შესახებ. Citigroup-ი მიუთითებს, რომ ჩინეთის ეკონომიკის შესუსტების ფონზე, წარმოებული საქონლის ექსპორტიორები განსაკუთრებული რისკის წინაშე დგებიან. ჩინეთის ეკონომიკის მიმართ მგრძნობიარეები არიან მეზობლები, როგორიცაა ტაივანი და კორეა, ასევე ლითონის ექსპორტიორები ავსტრალია და ჩილე და ძირითადი სავაჭრო პარტნიორები, როგორიცაა გერმანია.

რაც შეეხება მომხმარებლებს, მთავარი კითხვაა, გადააკისრებენ თუ არა მწარმოებლები გაზრდილი ხარჯების ტვირთს მომხმარებლებს.

პეკინი ელექტროენერგიის მიწოდების მოწესრიგებას და სიტუაციის სტაბილიზაციას ცდილობს, თუმცა კრიზისის გლობალურ ეკონომიკაზე გავლენა იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გამოიღებს ეს ძალისხმევა შედეგს. ბევრმა ჩინურმა ქარხანამ წარმოება მიმდინარე კვირაში “ოქროს კვირის” დღესასწაულისთვის შეამცირა. ეკონომისტები ყურადღებით აკვირდებიან დაბრუნდება თუ არა ელექტროენერგიის დეფიციტი, როდესაც ისინი კვლავ სრული დატვირთვით ამუშავდებიან.

თუმცა, ზოგიერთი ინდუსტრია უკვე ზეწოლის ქვეშაა და ზარალი, რომელსაც ისინი განიცდიან, შეიძლება სწრაფად აისახოს სხვა სექტორებზე.

წყარო: “ბიზნესფომულა”

Leave a Reply

Menu Title