რა ხდება, როცა კომპანია ხელშეკრულებას წყვეტს: ENKA

ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს მთავრობას შეატყობინა, რომ მას ჰესის აშენება აღარ სურს. ამის მიზეზად ის ხელშეკრულების პირობების დარღვევას და შექმნილ პოლიტიკურ ფორსმაჟორს ასახელებს. რა მოხდება, თუ კომპანია გადაწყვეტილებას არ შეცვლის და საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლებს? რა ოდენობის კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია კომპანიას და აქვს თუ არა ქართულ მხარეს შანსი, საქმე თავის სასარგებლოდ დაასრულოს.

მივა თუ არა საქმე არბიტრაჟამდე

საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ საქმე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივა და „პროცესი პოზიციების დაახლოებით და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება“. მას ერთი თვე აქვს იმ პირობებისა და მოთხოვნების გასაცნობად, რასაც კომპანია აყენებს.

●        რა წერია ნამახვანჰესის ხელშეკრულებაში?

Enka-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, კომპანიის მიერ მიზეზად დასახელებულია პოლიტიკური ფორსმაჟორი. ამ გარემოებას ხელშეკრულების მე-8 მუხლი ითვალისწინებს, სადაც პოლიტიკურ ფორსმაჟორად მიჩნეულია ის საპროტესტო აქციები, რაც რიონის ხეობაში 10 თვეზე მეტია გრძელდება.

„ეს არ ნიშნავს, რომ ხელშეკრულება აუცილებლად შეწყდება. ერთი თვის ვადაში მხარეებს შეუძლიათ დაილაპარაკონ და მორიგდნენ. თუ არ ან ვერ შეთანხმდებიან, მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა საქმეს შესაბამისი მსვლელობა“, – აღნიშნავს Business Feed-თან ენერგეტიკის სამართლის ცენტრის დირექტორი, ენერგეტიკის სამართლის ექსპერტი მაკა ფარცვანია.

რის მოთხოვნა შეუძლია ინვესტორს

ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობის თანხის გადახდას მოითხოვს ინვესტორი პირობების დარღვევისა და შექმნილი ფორსმაჟორისთვის. კომპანიამ რიონის ხეობაში ჩაატარა წინასამშენებლო სამუშაოები, სახელმწიფოსგან და მოსახლეობისგან იყიდა მიწის ნაკვეთები, აგრეთვე, გადაიხადა საფლავებიდან მიცვალებულების გადასვენების ხარჯები. ამ თანხის ზუსტ ოდენობას ჯერ მხარეები არ ასახელებენ. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, Enka-მ საქართველოს მთავრობას უნდა გადაუგზავნოს ინვოისი, რომელშიც გადასახდელი თანხა იქნება ასახული. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოთხოვნილი თანხა აუდიტორულ კომპანიას გადაამოწმებინოს, რომელიც დაასკვნის, რამდენად სამართლიანია Enka-ს მოთხოვნა. მაკა ფარცვანია მიიჩნევს, რომ კომპანიას მოგების დიდი შანსი აქვს, თუ არბიტრაჟში წავა.

„კომპანიის თანამშრომლები იღებდნენ ვიდეოკადრებს, თუ როგორ არ უშვებდნენ მათ მშენებლობის ადგილზე. ეს იმ შემთხვევისთვის ხდებოდა, თუ მტკიცებულებების სახით დასჭირდებოდათ არბიტრაჟისთვის. მშენებლობის ადგილი რამდენიმე თვეა ცარიელია და ამას კომპანია გამოიყენებს, რათა დაასაბუთოს სასამართლოზე, რომ ყველაფერი გააკეთა პროექტის გასაგრძელებლად”, – აღნიშნავს მაკა ფარცვანია.

ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ მშენებლობა წინამოსამზადებელ ეტაპზე იყო, ამიტომ კომპანია ჯარიმებსა და კომპენსაციას ვერ მოითხოვს. მისი თქმით, ხელშეკრულება საქართველოსთვის კაბალურია, ამიტომ მისი გაწყვეტა აუცილებელია.

„ამ ხელშეკრულებით, მხოლოდ სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები აღებული, ხოლო კომპანიას, ჰესის აშენების გარდა, არანაირი ვალდებულება არ აქვს. Enka -ს ორი წლის შემდეგ რომ დაეწყო დავა, მოითხოვდა აღებული სესხისა და მისი პროცენტების ანაზღაურებას, აქტივების სრულ გამოსყიდვას და საქართველოს $800 მილიონის გადახდა დაეკისრებოდა. ახლა კომპანიას ჯერ არც სესხი აქვს აღებული და არც სამშენებლო ნებართვა. ის მშენებლობის ეტაპზეც კი არ გადასულა. მას შეუძლია, სახელმწიფოსგან მხოლოდ გადაცემადი აქტივების გამოსყიდვა მოითხოვოს“, – განმარტავს დავით ჭიპაშვილი.

მისივე თქმით, ევროკავშირის ენერგოგაერთიანების ჩართვის შემთხვევაში, სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, რომ კომპანიას შეუსრულებელ ვალდებულებებზე ედავოს. ასევე, პასუხი მოსთხოვოს იმ ზიანზე, რაც მან უკანონოდ წარმოებული სამუშაოებით გარემოს მიაყენა.

აწყობდა თუ არა კომპანიას კონტრაქტის გაწყვეტა

როგორც იურისტები ამბობენ, კომპანიის მიერ სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების გაწყვეტის ასეთი შემთხვევა ადრე არ ყოფილა. იურისტი როინ მიგრიაულის თქმით, ყველა ხელშეკრულება ინდივიდუალურია და სხვადასხვა პირობით ფორმდება, შესაბამისად, შეთანხმების ყველა პუნქტი დეტალურად არის შესასწავლი. იურისტი ამბობს, რომ ხშირია შემთხვევები, როცა კომპანია ხელშეკრულებას წყვეტს უსაფუძვლოდ, ნებისმიერ დროს და სახელმწიფოსგან ითხოვს კომპენსაციას.

„ბევრი შეკითხვა ჩნდება და მათ შორის, სურდა თუ არა კომპანიას ოდესმე ამ პროექტის განხორციელება და სხვა მიზნებით ხომ არ იყო შემოსული“, – ამბობს დავით ჭიპაშვილი.

„Enka მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო კომპანიაა. ასეთ კომპანიას პროექტის ჩაშლა არ უნდა. ვარაუდი, რომ მას კომპენსაცია უფრო აწყობს, ვიდრე პროექტის განხორციელება, მცდარია. ეს უფრო იძულებაა, ვიდრე კომპენსაციის მიღების სურვილი“, – მიიჩნევს მაკა ფარცვანია.

დავით ჭიპაშვილი დასძენს, რომ თუ ქვეყანას თანხის გადახდა მოუწევს, იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს და ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

„რატომ აუარეს გვერდი ხელშეკრულების სამუშაო ვარიანტზე იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების უარყოფით შეფასებებს? გამოძიებამ უნდა დაადგინოს, საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, გადაწყვეტილების მიმღებთა უტვინობასთან, თუ ზემოდან მიღებულ დირექტივასთან. თუ კორუფციული გარიგებები გამოვლინდება, ენკასთვის აქტივების გადაცემაზე აღარ იქნება საუბარი. ასევე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გააკეთოს დეტალური რევიზია და დარღვევების შემთხვევაში, უნდა დააჯარიმოს კომპანია“, – აღნიშნავს დავით ჭიპაშვილი.

წყარო: Business Feed

Leave a Reply