ბორელი: ევროპას, სავარაუდოდ, უფრო მეტი რუსული გაზი დასჭირდება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპას, სავარაუდოდ, უფრო მეტი რუსული გაზი დასჭირდება, ვიდრე ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. ამის შესახებ გამოცემა El Pais წერს.

“ჩვენ კვლავაც გვჭირდება რუსული გაზი და სავარაუდოდ, იმაზე მეტი დაგვჭირდება, ვიდრე ეს კონტრაქტით არის გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ, ესპანეთი ინიციატივით გამოდის, რომ მოლაპარაკებები ცალკე აღებულმა ქვეყანამ არ წარმართოს და ეს ერთობლივად მოხდეს, როგორც ეს ვაქცინებთან დაკავშირებით გაკეთდა. ჩვენ საგანგებო სიტუაციის წინაშე ვდგავართ. გაზის მიწოდების პრობლემას გეოპოლიტიკური განზომილება აქვს“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა

გასულ კვირაში ევროპაში გაზის ფასმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა და 1000 კუბურ მეტრზე 1,230 აშშ დოლარს მიაღწია.

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ “გაზპრომმა” უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

Financial Times-სთან ინტერვიუში, უკრაინის გაზოპერატორის, GTS-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი მაკოგონმა განაცხადა, რომ ფასების ზრდა ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა.

ამავდროულად, “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენის მშენებლობა 10 სექტემბერს დასრულდა და დაიწყო შემოწმების პროცესი. “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” სრულ ამოქმედებას შეიძლება თვეები დასჭირდეს.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

წყარო: report

Leave a Reply