კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

როგორ აპირებს ევროკომისია ენერგოკრიზისის დაძლევას

ევროკავშირში ენერგომატარებლებზე ფასების კატასტროფული ზრდის გამო სულ უფრო შფოთავენ. 13 ოქტომბერს ევროკომისიამ დაამტკიცა მისაღები ზომები, რომლებმაც ფასების ზრდის შედგები უნდა შეარბილონ და ასევე ენერგოსისტემა უფრო მდგრადი გახადონ.

პირველ რიგში ევროკომისია გაზის გაძვირების მიზეზებს ასახელებს. პირველია ენერგომატარებლებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა ეკონომიკის პოსტპანდემიური აღდგენის პირობებში. იმის გამო, რომ გაზი მნიშვნელოვან როლს ელექტროგენერაციაშიც ასრულებს, გაზთან ერთად ელექტროენერგიაც გაძვირდა.

კიდევ ერთი ფაქტორია ანომალურად ცივი ზამთარი და ასეთივე გაუსაძლისად ცხელი ზაფხული, რის გამოც გათბობის და გაგრილების სისტემების გამოყენების ზრდამ გაზსაცავების დაცარიელება გამოიწვია.

შესაბამისად, ევროკავშირში გაზის მარაგები ჩვეულებრივ სიტუაციასთან შედარებით ბევრად მცირეა – რეზერვუარები 78%- ითაა შევსებული, მაშინ, როდესაც ბოლო წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი 90%-ზე დაბლა არ ჩამოსულა.

ევროკომისიის დოკუმენტში რუსეთიც ნახსენებია, თუმცა, მაქსიმალურად ნეიტრალურად – ხაზგასმულია, რომ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელზე დაბალი მიწოდების მიუხედავად, „გაზპრომი“ ევროპელ პარტნიორების წინაშე აღებულ საკონტრაქტო ვალდებულებებს მთლიანად ასრულებს.

მოსკოვისადმი პრეტენზია იმაშია, რომ ის ევროპას გაზის დამატებით რაოდენობას არ აწვდის, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ ამას შესაძლოა საბაზრო ახსნა ჰქონდეს – გაზზე მოთხოვნა ბოლო თვეებში აზიაშიც გაიზარდა და იქ ბუნებრივი აირი უფრო მაღალ ფასში იყიდება.

ევროკომისია ასევე არ იზიარებს ბევრი ევროპელი პოლიტიკოსის მოსაზრებას, თითქოს რუსეთის მხრიდან ასეთი საქციელი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების ნებართვის გაჭიანურების გამო შანტაჟია – დოკუმენტში ეს პროექტი ძალიან ფრთხილადაა ნახსენები „შესაძლო ანტიკონკურენტული ქცევის“ კონტექსტში.

ენერგეტიკის პრობლემის ერთადერთ ფუნდამენტურ გადაწყვეტად ბრიუსელში განახლებად ენერგიას მიიჩნევენ, თუმცა, აღიარებენ, რომ სუფთა ენერგიაზე გადასვლა ათწლეულების საკითხია.

არსებული კრიზისის გადასაწყვეტად ევროკომისიამ რამდენიმე მოკლე და საშუალოვადიანი ინსტრუმენტი წარადგინა. პირველ რიგში გეგმა მომხმარებლების და ბიზნესისთვის დახმარების გაწევას გულისხმობს – ზომებს შორისაა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სუბსიდიების გამოყოფა.

მეორე ზომაა ენერგოკომპანიებისთვის გადასახადების შემცირება, რაც მათ ტარიფების დაწევის შესაძლებლობას მისცემს. ევროკომისია ასევე აუცილებლად მიიჩნევს მომხმარებლებს დაცვას ელექტრო და გაზმომარაგების პერიოდული შეწყვეტისგან.

ევროკავშირი ასევე აპირებს გაზის მიღების გაზრდას რამდენიმე ქვეყნიდან – კონკრეტული ქვეყნები ნახსენები არაა – ნორვეგიის გარდა.

საშუალოვადიან ზომებს შორისაა გაზის შენახვის ეფექტურობის ზრდა და ქვეყნებს შორის საცავებთან მეტი წვდომა – მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება საცავები სავსე იყო, მეორეში კი – ბოლომდე დაცლილი.

ევროკომისია ასევე განიხილავს გაზის მარაგის შექმნისთვის ერთიანი შესყიდვების შესაძლებლობას და ენერგიის შენახვის ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიას.

ბრიუსელში სწრაფ შედეგებს არ ელოდებიან – მოკლევადიან პერსპექტივაშიც კი, ევროკომისიის ვარაუდით, გაზი უკეთეს შემთხვევაში 2022 წლის აპრილში გაიაფდება.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply