პორტუგალიაში 219 მგვტ-იანი მზის ელექტროსადგური აშენდა

ირლანდიურმა ფირმა WElink Group-მა და ჩინურმა China Triumph International Engineering Co. Ltd-მა (CTIEC) პორტუგალიაში, ალგრავეს რეგიონში 219 მგვტ-იანი Solara 4-ის პროექტი დაასრულეს და თვის ბოლოსთვის სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია რეგიონულ ქსელშიც ჩაეშვება.

ელექტროსადგური, ქვეყნის მასშტაბით, მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურებს შორის უდიდესია, ის ასევე ყველაზე დიდი პროექტია, რომელიც ევროპაში სუბსიდიის გარეშე აშენდა.

სადგური, საერთო ჯამში, 320 ჰექტარის ტერიტორიას ფარავს და 661 500 მზის პანელისგან შედგება, რომელიც 382 გგვტ.სთ მზის ენერგიას გამოიმუშავებს და დაახლოებით, 200 000 სახლის მოხმარებას დააკმაყოფილებს.

ინვესტიციის მოცულობა 170 მლნ ევროა (196.6 მლნ დოლარი) და პროექტის განმავლობაში ადგილობრივებისთვის 500-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა.

პორტუგალიაში იმედოვნებენ, რომ პროექტის დასრულება დაეხმარება ქვეყანას გაუმკლავდეს ენერგიის მზარდ ფასებს ევროპაში.

“ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ბუნებრივი აირისა და საწვავის ფასის ზრდით, რომელიც კვლავ მნიშვნელოვანი წყაროა პორტუგალიაში ენერგიის წარმოებისთვის და წვლილი შეაქვს ელექტროენერგიის ფასის დადგენაში. თუმცა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ავირიდოთ თავიდან მაღალი ფასები მსგავსი პროექტების მხარდაჭერით”, – ამბობს პორტუგალიის გარემოსა და კლიმატის ზემოქმედების მინისტრი, ჯოაო პედრო მატოს ფერნანდესი.

წყარო: “ტაბულა”

Leave a Reply