ჯო ბაიდენი საწვავის გაძვირების გამო რეიტინგს კარგავს

ამერიკის პრეზიდენტი ამომრჩეველთა მხარდაჭერას კარგავს – ამ დროისთვის მისი რეიტინგი 38%-ს არ აღემატება.

ამის ახსნა როგორც შიდა, ასევე საგარეო ჩავარდნებით შეიძლება, თუმცა, მთავარი ფაქტორია ენერგომატარებლების მკვეთრი გაძვირება ქვეყანაში.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ენერგეტიკაში მდგომარეობის გამოსწორებისთვის შესაძლოა დემოკრატებს თავიანთი კლიმატური დღის წესრიგიც გადახედვაც მოუწიოთ. წლის მანძილზე 1 გალონი ბენზინი (3,8 ლიტრი) 1 დოლარით, 3.2 დოლარამდე გაძვირდა, რაც ამერიკელების საფულეებს მნიშვნელოვნად აზარალებს.

რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ეკოლოგებმა ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფაზე და რამდენიც არ უნდა გაუწიონ პოპულარიზაცია ელექტრომობილებს,  2020 წელს გაყიდულ ავტომობილებს შორის 98,7% სწორედ ტრადიციულ საწვავზე – ბენზინზე და დიზელზე მომუშავე მანქანებზე მოდის.

ის, რომ ფასების მომდევნო ზრდა ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ მისი პარტიის რეიტინგზე, კარგად ესმით დემოკრატ კონგრესმენებს – მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკოლოგიურ საკითხებში პარტიას ზედმეტი მოუვიდა.

კომპანია Berkeley Research Group-ის დირექტორი და აშშ-ის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ყოფილი წევრი ბრანკო ტერზიკი მიიჩნევს, რომ კურსი განახლებად ენერგიაზე, რომელიც ნახშირის, ნავთობის და გაზის მოპოვების შეზღუდვას გულისხმობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ფრთის ზეწოლის შედეგია.

თუმცა, ყველა დემოკრატი არაა მზად ხმები დაკარგოს ეკოლოგებისთვის ანგარიშის გაწევის გამო – დემოკრატების ზომიერი ფრთა ეკოლოგიურ საკითხებზე საბიუჯეტო დაფინანსების 3,5-დან 2 ტრლნ დოლარამდე შემცირებას მოითხოვს. მათი თქმით,„კლიმატური დღის წესრიგი უფრო რაციონალური უნდა იყოს და ქვეყნის ენერგოსისტემას ზიანი არ უნდა მიაყენოს“.

თავად ადმინისტრაციის ზოგიერთი ნაბიჯი ტრადიციული ენერგორესურსებისადმი დამოკიდებულების შერბილებაზე მეტყველებს – მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრმა ჯენიფერ გრენჰოლმმა განაცხადა, რომ ნახშირბადის საწვავის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუ ის ეკოლოგიურ სტანდარტების შეესაბამება.

ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ჩარლზ მაკკონელი მიიჩნევს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო კონსერვატიულ მოდგომას ირჩევს. მისი თქმით, თუ აშშ-ის მთავრობის ეკოლოგიური პოლიტიკა არ გადაიხედება, უახლოეს თვეებში 1 გალონი ბენზინი 5 დოლარამდე გაძვირდება.

გლაზგოში, ოქტომბრის ბოლოს, ტრადიციულ კლიმატურ სამიტზე სავარაუდოდ ამერიკა შიდა ბაზრისთვის ატმოსფეროში СО2-ს გამოყოფის ლიმიტების შემცირებას მოითხოვს, რაც განახლებად ენერგიაზე ფორსირებული გადასვლის სტრატეგიის მნიშვნელოვან გადახედვას ნიშნავს.

ამ საკითხში პრეზიდენტს მხარს დემოკრატიული პარტიის დიდი ნაწილი დაუჭერს, რადგანაც სადღეისოდ კლიმატზე მეტად მათ ამომრჩეველთა გულის მოგება ადარდებთ.

წყარო: “კომერსანტი”

 

Leave a Reply