"საქართველოს მთავრობა აფხაზეთისთვის დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას აღარ გეგმავს"

აფხაზეთი მორიგი ენერგოკრიზისის მოლოდინშია

აფხაზეთში 2 დღის მანძილზე ენერგომომარაგებაში სერიოზული შეფერხებები იყო – ენერგოკომპანია „ჩერნომორენეგრო“-ს პრეს-მდივნის ალხას გაგულიას თქმით, გათიშვების მიზეზი გახდა ავარია გალის რაიონში მდებარე გადამცემ ხაზ „შეშელეთი-1“-ზე.

დაზიანება უკვე აღმოფხვრილია და ენერგომომარაგება აღდგა.

თუმცა, დროებითი გაუმჯობესების ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა აცივებასთან ერთად ახალ ენერგოკრიზისს ელის – გასული წლის უმწვავესი ენერგოდეფიციტის გამომწვევი მიზეზები – ინფრასტრუქტურის მოძველება და კრიპტოვალუტების მაინინგი – დღესაც ძალაშია, შესაბამისად, საყოველთაო მოლოდინებით, ჯერ ყველაფერი წინაა.

ალხას გაგულიას თქმით, აფხაზეთის ენერგოსისტემის მძიმე მდგომარეობა დიდ საიდუმლოს არავისთვის  არ წარმოადგენს.

„ყველამ კარგად იცის, რა მდგომარეობაშია ჩვენი გადამცემი სისტემა – აღჭურვილობა მოძველდა, შესაბამისად, ლოკალური ავარიები მუდმივად ხდება. ინფრასტრუქტურა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ლოკალური ავარიები მთელი რაიონების ენერგომომარაგებაზე აისახება. „შეშელეთი-1“ უკვე შეკეთებულია, ენერგომომარაგება აღდგა, მაგრამ ახალი დაზიანება ნებისმიერ მომენტშია მოსალოდნელი, რადგანაც გადამცემი ხაზი გადატვირთულია“, – თქვა მან.

ვითარებას ასევე ამძიმებს სოხუმის შიდა საქალაქო ენერგოსისტემის მდგომარეობა.

სოხუმელები აღნიშნავენ, რომ ბოლო დღეებში ელექტროენერგიის გათიშვები უსისტემო და ქაოსური იყო.

„ადრე, როდესაც მოქმედებდა განრიგი, გათიშვებში რაღაც ლოგიკა იყო – ენერგია თანმიმდევრულად ითიშებოდა – ერთ რაიონში ყველა ქუჩაზე შუქი ერთდროულად გარკვეული დროით ითიშებოდა. დღეს კი გაუგებარია რა პრინციპით ითიშება, მაგალითად, ერთი ქუჩა და ამავე დროს მეორე განათებულია. გარდა ამისა, ძაბვა ხან იზრდება, ხან ეცემა“, – ამბობს სოხუმელი ასიდა კორტუა.

გაგულიას თქმით, ამის მიზეზია განაწილების სისტემის ინფრასტრუქტურის განსხვავებული მდგომარეობა – ზოგ რაიონში ხაზები უკეთეს მდგომარეობაშია, ზოგში უარესი.

„სხვადასხვა ტრანსფორმატორებზე განსხვავებული მდგომარეობაა, ქალაქის სხვადასხვა უბნებში ენერგია სხვადასხვა ქვესადგურიდან მოდის, სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა ფიდერი მუშაობს. შესაბამისად, ენერგოსისტემა ერთსა და იგივე რაიონში სხვადასხვა ქუჩებზე მწყობრიდან განსხვავებულად გამოდის. სწორედ ამიტომ არის გათიშვები უსისტემო და არალოგიკური“, – განაცხადა „ჩერნომორენერგო“-ს პრეს-მდივანმა.

ეს კი ლოკალური მოვლენა იყო, ამ ეტაპზე ენერგომომარაგებაც უკვე აღდგა, მარგამ, ენერგეტიკოსები უახლოეს თვეებში გასული წლის ენერგოკრიზისის განმეორებას ელოდებიან.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title