“არ არსებობს არავითარი წარმოება თუ გამომუშავება, რომელსაც გარემოზე ზემოქმედება არ აქვს”

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი საკუთარ facebook გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“უგანდა ცენტრალურ აფრიკაში მდებარეობს და იქ 35 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ ადამიანზე 900 დოლარს უდრის. მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში მოსახლეობის 76% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
ორი დღის წინ უგანდის პრეზიდენტმა იოვერი მუსევენიმ უოლ სტრიტ ჯორნალში გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მზის და ქარის ენერგია აფრიკას მეტი სიღარიბისკენ უბიძგებს“. აფრიკული ქვეყანა ენერგიის სტაბილურ მიწოდებას ითხოვს და თვლის, რომ ეს სურვილი კლიმატის გაუარესებას არ იწვევს.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აფრიკის განვითარების სურვილი არ უნდა ეწირებოდეს დასავლეთის კლიმატის გაუმჯობესების მიზნებს. განახლებადი რესურსების ათვისების გაშმაგებული მცდელობა დაბალანსებული და სტაბილური ენერგიის მიღების საშუალებას ეწინააღმდეგება. ის, რაც შეიძლება მუშაობდეს განვითარებულ დასავლეთში, ვერ უშველის აფრიკის საჭიროებებს. მთლიან წერილს შეგიძლიათ ორიგინალში გაეცნოთ https://www.wsj.com/…/solar-wind-force-poverty-on…
ჩვენთვის კი ენერგეტიკული პოლიტიკა საქართველოს კონტექსტშია საინტერესო. რას გვთავაზობს სხვადასხვა ჯურის მრჩეველი იმაზე უკეთესს და საინტერესოს, ვიდრე ენერგეტიკის ერთადერთი შესაძლო და თან მწვანე ენერგიის წყაროს განვითარებაა. როგორ და რითი უნდა ჩაანაცვლოს წყლის რესურსიდან მიღებული ენერგია ალტერნატიულმა წყაროებმა. საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რაც პრემიერმინისტრის მრჩეველმა ბატონმა ჰუდაკმა განაცხადა, რომ საქართველოში დიდი ჰესების დრო დასრულებულია და მისთვის საინტერესო პროექტს ენერგიის შენახვა წარმოადგენს.
ვაზილ ჰუდაკი საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩევლად მაისში დაინიშნა და მის ფუნქციად ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა განისაზღვრა. უკვე ოქტომბერში კი ვიგებთ, რომ მსხვილი ინვესტიციების მოსაზიდად ყველაზე მასშტაბური სფერო, ჰიდროენერგეტიკა, თურმე გამოუსადეგარია. რაზე დაყრდნობით მიიჩნევა, რომ ქარის და მზის ენერგეტიკის განვითარებას ნაკლები ზემოქმედება აქვს გარემოზე, დეტალურად უცნობია. მითუმეტეს, რომ ენერგიის ეს წყაროები გამომუშავებული ენერგიის შენახვას საჭიროებენ. ენერგიის შენახვა სპეციალურ დიდ აკუმულატორებს საჭიროებს. ისევე როგორც ყველა ის ელექტრონული მოწყობილობა, რაც თანამედროვე მოწყობილობების აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს, იქნება ეს მობილური ტელეფონები, პერსონალური კომპიუტერები, ტაბლეტები თუ ელექტრომობილები. ელექტრომანქანების პოპულარიზაცია პირდაპირ გულისხმობს მათ დასამზადებლად საჭირო ელემენტების წარმოების ზრდას. ამ ტექნოლოგიური ცვლილების შედეგად ავტოინდუსტრია საწვავის სისტემაზე აწყობილი ეკოსისტემიდან მასალის საჭიროებაზე დაფუძნებულ ეკოსისტემაზე გადადის.
შესაბამისად, როდესაც კლიმატის ცვლილებასა და გარემოს ზემოქმედებაზე ვლაპარაკობთ, უნდა გვესმოდეს თუ რეალურად რა გავლენა აქვს გარემოზე ამა თუ იმ ტექნოლოგიას. ელექტრომობილი არაჩვეულებრივი საშუალებაა ქალაქში გამონაბოლქვის შესამცირებლად, მაგრამ რას უკავშირდება მისი წარმოება? უფრო კონკრეტულად კი ლითიუმ-იონიანი ბატარეების მიღება. ერთ ავტომობილზე გათვლილი ბატარეა 8 კილოგრამ ლითიუმს, 35 კილოგრამ ნიკელს, 20 კილოგრამ მარგანეცს და 14 კილოგრამ კობალტს საჭიროებს.
გარდა იმისა, რომ მათი ექსკავაცია და წარმოება დიდი რაოდენობით ტერიტორიების განადგურებას უკავშირდება, სადაც ვერავითარი ეკოსისტემა ვეღარ ხარობს, მოპოვების პროცესი უამრავ სხვადასხვა სირთულეს აწყდება. მაგალითად, 1 კილოგრამი ლითიუმის მოსაპოვებლად 2 ათასი ლიტრი წყალია საჭირო. 2020-დან 2030 წლამდე ლითიუმზე მოთხოვნა ერთ-ერთი პროგნოზით შვიდჯერ შეიძლება გაიზარდოს. კობალტის, რომელიც ტოქსიკური მასალაა, მსოფლიო რესურსის ორი მესამედი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია თავმოყრილი, სადაც მოპოვებაში ბავშვების შრომას იყენებენ და არც სხვა საწარმოო ძალის უსაფრთხოებაა დაცული.
ავტოინდუსტრიაში ტექნოლოგიის ცვლილებას საწვავზე დამოკიდებულებისგან მასალებზე დამოკიდებულებაზე გადავყავართ. შეიცვლება მოთხოვნა-მიწოდების სქემები. ჩნდება უტილიზაციის პრობლემა, რაც ვადაგასულ ელემენტებს უკავშირდება. რაც მთავარია, ელექტრო ტექნიკას ჭირდება დატენვა, ეს კი ისევ და ისევ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდას ნიშნავს. მასალების წარმოების თითოეულ ეტაპსა და რგოლზე უამრავი რამის დაწერა შეიძლება. დაინტერესებული ადამიანები ამ ინფორმაციას თავადაც იოლად მოიძიებენ.
ამ ეტაპზე კი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ორი რამ არის:
ა) საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ არ არსებობს არავითარი წარმოება თუ გამომუშავება, რომელსაც გარემოზე ზემოქმედება არ აქვს. არ არსებობს არავითარი ენერგია, რომელიც ისეთი „მწვანეა“, რომ არაფერს აშავებს. ჩვენი დრო, ენერგია და ცოდნა უნდა ვხარჯოთ ამ ზემოქმედების შემცირებაზე და შესაბამის შემარბილებელ ღონისძიებებზე;
ბ) პოპულისტური განცხადებები ენერგეტიკის შესახებ, თითქოს ერთი წყაროს ჩანაცვლება ადვილად შეიძლება მეორე წყაროთი და ამ გადასვლის გამართლება მეტი ეკოლოგიურობით თუ უსაფრთხოებით, წმინდა წყლის მანიპულაციაა და კარგს არაფერს გვიქადის.”

Leave a Reply