DRI: აფხაზეთში ენერგოკრიზისი დღესაც გადაუჭრელ გამოწვევად რჩება

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ინფორმაციით, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის ენერგოკრიზისი დღესაც გადაუჭრელ გამოწვევად რჩება:

“ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ენგურჰესის გათიშვამ აფხაზეთი ღრმა ენერგოკრიზისში ჩააგდო. ვითარება ვერც სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოსწორდა. რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის იმპორტის სისტემა ვერ აეწყო და დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის ენერგოკრიზისი დღესაც გადაუჭრელ გამოწვევად რჩება.

რა ქმნის ელექტროენერგიის დეფიციტს აფხაზეთის ენერგოსისტემაში? ამ პრობლემის ყველაზე მარტივი ახსნა ბიტკოინის მაინინგ-ფერმებია. საქართველოს ენერგოსისტემიდან, კერძოდ, „საზიარო“ ენგურჰესიდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებამ ჩრდილოვანი ეკონომიკის ეს დარგი ააყვავა და რეგიონისთვის ნამდვილ კატასტროფად აქცია. გარდა იმისა, რომ მაინინგ-ფერმების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა მიწოდების კოლაფსს იწვევს და განუზომლად დიდ სოციალურ ტვირთად აწევს რიგით მომხმარებელს, იგი, ასევე, ხელს უშლის სხვა ტიპის ეკონომიკური საქმიანობის წარმოებას და გაშლას.

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა ამ გამოწვევისთვის თავის გართმევის გზებს, ბიტკოინის მაინინგ-ფერმების აღკვეთის გარდა , საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობს. თუმცა წარმატება ამ არც თვალსაზრისით ჩანს. აფხაზეთის მოსახლეობას ელექტროენერგია დღემდე  გრაფიკით მიეწოდება, რომლის დაცვაც ენერგოსისტემისთვის მაინც პრობლემურად რჩება. როგორც ჩანს, ამ საკითხის გამოსწორება  პოლიციური მეთოდებით ვერ ხერხდება. ბიტკოინის მაინინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის შეტანა, გადატანა თუ ერთი ადგილიდან სხვა ადგილას წარმოების გადაადგილება იოლია. ამის გამო აკრძალვა, თუნდაც კონკრეტულ შემთხვევაში ქმედითი იყოს, მაინც არაეფექტიანია. აფხაზეთის დე-ფაქტო სამართალდამცველებმა რამდენი მაინინგ-ფერმაც არ უნდა  დახურონ, ამ ჩრდილოვან სექტორში ჩართულ აქტორებს ყოველთვის შეუძლიათ, სანაცვლო ფერმები გამართონ.

მოცემული ვითარება ენერგოკრიზისის კორუფციულ მხარეს აშიშვლებს. ერთი მხრივ, მოქმედი ძალაუფლების ინსტიტუტებს არ ძალუძთ დაარეგულირონ ბიტკოინის წარმოების არალეგალური ბიზნესი ამ სექტორის მოქნილობის გამო,  მეორე მხრივ კი, ამგვარი მოქნილობის კორუფციული ფაქტორები მოუხელთებელი ხდება დე-ფაქტო მთავრობისთვის. კორუფციის მასშტაბებიდან გამომდინარე, ბიტკოინის წარმოებით შექმნილი შემოსავალი ამ არალეგალური ბიზნესის მფლობელებსა და ისევ დე-ფაქტო ხელისუფლების და მისი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შორის ნაწილდება.

ამას გარდა, ეს ვითარება ცხადყოფს ენერგოკრიზისში რუსეთის ფედერაციის არაერთგვაროვან როლს. ერთი მხრივ, რუსეთი იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს თავის პროტეჟე დე-ფაქტო ხელისუფლებას აფხაზეთის ენერგომომარაგების უზრუნველყოფაში. ამისათვის ენერგეტიკის თანადაფინანსების პრინციპიც არსებობს. ენერგოსისტემის მართვის უუნარობის გამო აფხაზეთის  თავისი წილ პასუხისმგებლობას ვერ ასრულებს, კერძოდ, ვერ ახერხებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღებას და არც რუსეთის ფედერაცია იღებს ვალდებულებას, რომ თავისი ბიუჯეტიდან თანხა გამოყოს. გარდა ამისა, დღის წესრიგში დგება ენერგომიმწოდებელი ქსელის პრივატიზაციის საკითხი, რაც, როგორც ჩანს, რუსეთის ინტერესებშია და რასაც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება აყოვნებს. ამჟამად აფხაზეთის ენერგოსისტემას ე.წ. დახურული ტიპის სახელმწიფო სააქციო საზოგადოება „ჩერნომორენერგო“ მართავს. აფხაზეთში ეჭვს გამოთქვამენ, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება მის შეძენას გეგმავს, მანამდე კი ენერგოკრიზისის მარწუხებში მოქცეული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა, სავარაუდოდ, ვერც გამოსავალს იპოვის და ვერც სრული გაზიფიკაციის დაპირებულ  პროექტს მიიღებს, რომელიც შეძლებდა ამ კრიზისის სოციალური ფასის გარკვეულწილად შერბილებას, – ვკითხულობთ DRI-ს მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში.

Leave a Reply

Menu Title