მოქალაქეებმა საწვავზე გაზრდილი ფასები გააპროტესტეს

საწვავის გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით მოქალაქეებმა დიღომში საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ბოლო კვირებში საწვავის ფასმა არაერთხელ მოიმატა, რაც მათი თქმით, პანდემიის პირობებში მოქალაქეებისთვის დამატებითი ტვირთია.

აქციის მონაწილეებს „ვისოლის“ დირექტორი ვასილ ხორავა შეხვდა. ხორავამ მოქალაქეებს ის მიზეზები განუმარტა, თუ რატომ მოხდა საწვავზე ფასის გაზრდა. მანვე პროტესტის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენ ლოიალურ მომხმარებლებს, რომლებმაც მიუხედავად საპროტესტო აქციისა, მაინც ჩვენთან ერთად განაგრძეს თანამშრომლობა და ჩვენ ვიგრძენით ეს მხარდაჭერა. მაგრამ მხარდაჭერის გარდა, ჩვენ ვიგრძენით ფაქტობრივად ტალღა იმ ადამიანების, რომლებიც იყვნენ განაწყენებული ჩვენი სერვისებით და ფასებით. მე აქ მომიყვანა სიმართლემ და არაფერმა სიმართლის გარდა, რომ მეთქვა ამ ადამიანებისთვის – კომპანია „ვისოლი“ და „ვისოლ ჯგუფი“ ეს არის პასუხისმგებლიანი კომპანია და არასდროს ჩვენ საზოგადოების წინააღმდეგ და საზოგადოებასთან დამალულად არც ერთი სერვისით და საფასო პოლიტიკით არ წარვდგებით. ჩვენ ვართ გამჭირვალე კომპანია. ნებისმიერი დოკუმენტი, ნებისმიერი ფასწარმოქმნა, მე პირადად ვაძლევ პირობას, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს აბსოლუტურად ღიად ავუხსნით, რას წარმოადგენს საქართველოში საწვავის ფასი და როგორ ხდება მისი კალკულაცია.

შარშანდელთან შედარებით ნავთობის ფასი გაიზარდა 110 პროცენტით. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ინდუსტრიამ 110 პროცენტიანი ზრდის პირობებში შეინარჩუნოს იგივე ფასი, როცა 2017 წლის შემდეგ აქციზი გაზრდილია, როცა ნავთობის ფასი გაორმაგებულია. მე მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც სამწუხაროდ რჩებათ იგივე ხელფასები, შემოსავლები და ხედავენ გაზრდილ სამომხმარებლო ფასებს. აბსოლუტურად მესმის მათი პროტესტი. კერძო კომპანია დღეს ყველაზე მცირე მარჟაზე მუშაობს, რაც ისტორიულად უმუშავია. ჩვენთვის უფრო მისაღებია ერთი ლიტრი ღირდეს ერთი ლარი, ვიდრე ლიტრი ღირდეს სამი ლარი. ეს ჩვენთვის არის მეტი მოტივაცია, მეტი რეალიზაცია და არა ის, რომ იყოს მაღალი ფასი. მზად ვარ ამ ადამიანებს შევხვდე და ყველაფერი კიდევ ერთხელ გავიაროთ დეტალურად“,- განაცხადა „ვისოლის“ დირექტორმა, ვასილ ხორავამ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი ფრანგიშვილის განცხადებით, მათი პროტესტი ბოიკოტის ფორმით გაგრძელდება.

„ჩვენ ვაპროტესტებთ საწვავის ფასის არაგონივრულად მაღალ ფასებს. გამომდინარე იქიდან, რომ ხალხის ერთობა ძალიან დიდია, ჩვენ გადავწყვიტეთ გავემიჯნოთ აბსოლუტურად ნებისმიერ გზების გადაკეტვას, არაკანონიერ ქმედებებს. ჩვენი ქმედებები იყო კანონიერი და ბოლომდე ასე შენარჩუნდება, თუმცა გაჟღერებული ინფორმაცია რაც მოვისმინეთ „ვისოლის“ გენერალური დირექტორისგან, რომელმაც მოიყვანა აბსოლუტურად იგივე რიცხვები, გააკეთა იგივე განცხადებები, რასაც აქამდეც ვისმენდით ტელევიზიებიდან, ამიტომ ამით არაფერი იცვლება და ჩვენი პროტესტი ბოიკოტის ფორმით გრძელდება“,- განაცხადა გიორგი ფრანგიშვილმა.

Leave a Reply

Menu Title