ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

მსოფლიო ენერგოკრიზისის გავლენა საქართველოზე

მსოფლიო ენერგოკრიზისის წინაშე დგას. საწვავისა და ელექტროენერგიის გაძვირება ერთდროულად რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის, რუსეთის მიერ ბუნებრივი აირის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებამ, რამაც ევროპაში ენერგომატარებლებზე ფასები რეკორდულად გაზარდა. მსოფლიო გამოსავალს მოწოდების დივერსიფიცირებასა და განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების შექმნაში ხედავს, თუმცა, ამას  რამდენიმე წელი დასჭირდება.

გაძვირებული ენერგია

წელს ნედლი ნავთობის ფასი 65%-ით გაიზარდა და ბარელზე $83-ს აღწევს, ხოლო მარაგები ხუთი წლის ყველაზე დაბალ დონეზეა. ბენზინი მაქსიმალურ ნიშნულზეა. შეერთებულ შტატებში ბუნებრივი აირის ფასი, რომელიც აშშ-ის ელექტროენერგიის 30%-ზე მეტს გამოიმუშავებს, წელს გაორმაგდა. ხოლო ქვანახშირის ფასი 400%-ით გაიზარდა და ტონაზე $270-ს მიაღწია. გასულ წელს ცივმა ზამთარმა ბუნებრივი აირის მარაგები შეამცირა. ახლა გაზსაცავებში საჭიროზე ბევრად ნაკლები აირია.

მოთხოვნა გაიზარდა თხევად ბუნებრივ აირზე აზიიდან, განსაკუთრებით ჩინეთიდან. ამან ხელი შეუწყო გაზის საბითუმო ფასების ზრდას მთელ მსოფლიოში – იანვრის შემდეგ ის 250%-ით არის მომატებული.

გაცილებით უარესი ვითარებაა ევროპაში, სადაც ბუნებრივი აირი იმავე პერიოდში თითქმის 500%-ით გაძვირდა. ესპანეთში ელექტროენერგიის საფასურმა შარშან 35%-ით მოიმატა, აგვისტოში – თითქმის 8%-ით. იტალიაში ელექტროენერგიის ფასი დაახლოებით 15%-ით გაიზარდა და შესაძლოა, რამდენიმე თვეში კიდევ 40%-ით მოიმატოს. იტალიაში ელეტროენერგიის 40% ბუნებრივ აირისგან იწარმოება და მისი დაახლოებით ნახევარი იმპორტირებულია რუსეთიდან.

რამ შექმნა კრიზისი? 

კრიზისი შექმნა ფაქტორების ერთობლიობამ. ერთი მიზეზი ენერგომატარებლებზე მოთხოვნის გლობალური ზრდაა. COVID-19-ის პანდემიის შესუსტების ფონზე ეკონომიკის გამოცოცხლებამ დამატებითი რესურსების მოთხოვნა გამოიწვია. ამჟამად ენერგორესურსებზე მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. ამ დისბალანსის მიზეზი ბევრია – მათ შორის, ნავთობზე მოთხოვნის ზრდის პირობებში OPEC-ის მიერ ბაზრისთვის შემცირებული მიწოდება.

აზიის ქვეყნებმა  ნახშირი, რასაც ენერგიის წარმოებისთვის იყენებდნენ, ბუნებრივი აირით ჩაანაცვლეს. ამან ბუნებრივ აირზე მოთხოვნა გაზარდა და გააძვირა. ამ ფაქტორებს ემატება ცივი და არაპროგნოზირებადი ამინდი. ასევე, მარაგების, რეზერვების შექმნისა და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების შესახებ მთავრობის მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებებიც. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი – წიაღისეულ საწვავში (და ატომური ენერგიის) ინვესტიციებმა იკლო, რამაც მიწოდება შეამცირა. ამ ფაქტორებს ემატება ისიც, რომ რუსეთმა ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუმცირა.

კრიზისის ხელშეწყობაში ევროპელები მოსკოვს ადანაშაულებენ. ევროპაში გაზის გაძვირება რუსეთის მიერ მიწოდების განზრახ შემცირებას მოჰყვა. დიდი ალბათობით, ეს არის ვლადიმირ პუტინის ტაქტიკა, ევროპას Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტის დამტკიცება აიძულოს. Nord Stream 2-ით ბუნებრივი აირი რუსეთიდან გერმანიაში, უკრაინის გვერდის ავლით უნდა მოხვდეს. მილსადენის ოპონენტები თვლიან, რომ ეს არის პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანი რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულების გაზრდაა.

პრეზიდენტმა პუტინმა იქით დაადანაშაულა ევროპა და თქვა, რომ ცივი ზამთრის შემდეგ ევროპელებმა საცავებში საკმარისი მოცულობის აირი არ შეინახეს. მისი თქმით, გაზპრომი, ევროპას გაზს არსებული კონტრაქტების შესაბამისად, მაქსიმალური მოცულობით, აწვდიდა და მზად იყო, მოთხოვნის შემთხვევაში, მეტიც მიეწოდებინა. იქვე პუტინმა პირდაპირ მიანიშნა ევროპას, რომ ახალი გაზსადენის ამოქმედება ევროპის ენერგეტიკულ პრობლემებს შეამსუბუქებს.

რა არის გამოსავალი?

მსოფლიო ენერგოკრიზისიდან გამოსავალს ეძებს. ბენზინის მაღალი ფასების გამო ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია OPEC-ს სთხოვს, გაზარდოს წარმოება. ევროპელები იმედოვნებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი უფრო მეტ ბუნებრივ აირს მიაწვდის მათ ქვეყნებს. ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გაზზე დამოკიდებულება ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის გზით შეამციროს. სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად ბუნებრივი აირის ერთობლივი შესყიდვის შესაძლებლობასაც განიხილავს.

ენერგოკრიზისმა მსოფლიო მწვანე ენერგიის წარმოების გაზრდის აუცილებლობაზე დააფიქრა, რომლის წილი ჯერ კიდევ ძალიან მცირეა. გლობალურად ენერგომოხმარების 80%-ზე მეტს ნავთობი, ქვანახშირი და ბუნებრივი აირი შეადგენს. ქარის ენერგია მოხმარების 2%-ზე ოდნავ მეტს აკმაყოფილებს, ხოლო მზის – 1%-ს. ქარისა და მზის ენერგია 2500%-ით უნდა გაიზარდოს, რომ წიაღისეული საწვავი სრულად ჩაანაცვლოს, რაც მომდევნო რამდენიმე წელიწადში არ მოხდება.

ენერგოკრიზისის გავლენა საქართველოზე

საქართველოში ბენზინის ფასს მთლიანად მსოფლიო ბირჟაზე დადგენილი ტარიფი განსაზღვრავს. შესაბამისად, საწვავი ავტოგასამართ სადგურებში თითქმის ყოველკვირეულად მატულობს. საწვავის გაძვირება თითქმის ყველა სხვა პროდუქტისა და მომსახურების ფასის ზრდას იწვევს. შედეგად, საქართველოში ინფლაცია რეკორდულ ნიშნულზეა. თუ მსოფლიო ტენდენციას გავითვალისწინებთ, სამომხმარებლო ფასების ზრდას თავს ვერც მომავალში ავარიდებთ.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფს, ის 2022 წლის 31 დეკემბრამდე არ შეიცვლება. ტარიფის ამჟამინდელ ნიშნულზე შესანარჩუნებლად შესყიდული ბუნებრივი აირის ხარჯი ნაწილობრივ  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ბიუჯეტიდან იფარება.

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს სემეკ–მა 2021 წლის ბოლოს უნდა გადახედოს. სემეკ-ის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ტარიფი არსებითად არ გაიზრდება.

წყარო: businessfeed.ge

 

Leave a Reply

Menu Title