კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ოკეანეებსა და მდინარეებს იყენებენ

გლობალური კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისა და წიაღისეული საწვავის გამონაბოლქვების შემცირების ფონზე, ზოგიერთი კომპანია ამჯობინებს, შედარებით გამოუყენებელ, თუმცა ენერგიის უხვ წყაროზე, მოქცევის ტალღებზე ფოკუსირდეს. ატლანტის ოკეანის ორ სხვადასხვა მხარეს, ორი კომპანია ცდილობს, გამოიყენოს ტალღების ენერგია, რათა გამოიმუშავოს ელექტროენერგია.

შოტლანდიის სანაპიროსთან კომპანია Orbital Marine Power, მისი თქმით, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მოქცევის ტურბინას ამუშავებს. ტურბინა დაახლოებით სამგზავრო თვითმფრინავის ზომისაა და, შეიძლება ითქვას, ფორმითაც ჰგავს მას. მისი ცენტრალური პლატფორმა წყალზე ცურავს, ფრთები კი ორივე მხარეს წყლის ქვემოთაა გაშლილი. ფრთების ბოლოებზე როტორებია განთავსებული, რომლებიც ტალღის ძალით მოძრაობენ.

Orbital Marine Power-ის აღმასრულებელი დირექტორის, ენდრიუ სკოტის განცხადებით, მოქცევის ნაკადების ენერგია, შეიძლება ითქვას, არაფრით განსხვავდება ქარის ენერგიისაგან. შესაბამისად, იმ ტექნოლოგიის ნაწილები, რომლებიც ტალღებისაგან ენერგიას გამოიმუშავებენ, დიდად არ განსხვავდებიან ქარის ტურბინისაგან.

თუმცა არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება ქარისა და ტალღის ენერგიებს შორის. უპირველეს ყოვლისა, ტალღები უფრო პროგნოზირებადი ფენომენია, ვიდრე ქარი. ტალღების მოქცევა და ნაკადი, შეიძლება ითქვას, სტაბილურობით ხასიათდება და იშვიათად იცვლება, რაც ეფექტიანობას მაქსიმალურად ზრდის.

აღმასრულებელი დირექტორის, ენდრიუ სკოტის, თანახმად, ეს მოძრაობები წლებისა და ათწლეულების განმავლობაში შეგიძლია გათვალო. თუმცა დასანანი ისაა, რომ ისინი მხოლოდ ორი მიმართულებით მოძრაობენ, განსხვავებით ქარისგან, რომელიც ენერგიის მოპოვებისას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას ითვალისწინებს. თუმცა, ამისდა მიუხედავად, მოქცევის ტალღებს ბევრად მეტი ენერგიის გამომუშავება შეუძლიათ, ვიდრე ქარს.

ზღვის წყალი ქარის სიმკვრივეს დაახლოებით 800-ჯერ აღემატება. და მიუხედავად იმისა, რომ ნაკადების სიჩქარე ქარის სიჩქარეზე გაცილებით ნაკლებია, ისინი ბევრად უფრო დიდ ენერგიას წარმოქმნიან.

კომპანიის ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნულ ტურბინას 2 მეგავატამდე ენერგიის გამომუშავება შეუძლია, რაც ერთი წლის განმავლობაში 2000-მდე შინამეურნეობისათვის საკმარის ელექტროენერგიას უტოლდება.

კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, ჯერჯერობით ტექნოლოგია ფართოდ არ გამოიყენება, რაც მისი მაღალი ღირებულებითაც შეიძლება აიხსნას. თუმცა დროთა განმავლობაში ტექნოლოგიის დახვეწასთან ერთად გაიზრდება მისი გამოყენების საშუალებებიც. კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე კი მოქცევის ტალღების ენერგია ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ჩამოყალიბდება.

Oriental-ის ორბიტიდან 5000-მდე კილომეტრის მოშორებით, ნიუ-იორკის მისადგომებთან, რუზველტის კუნძულის სანაპიროზე, მსგავს ტექნოლოგიას კიდევ ერთი კომპანია, Verdant Power იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ Verdant-ის ტურბინები ჯერჯერობით ბაზარზე ხელმისაწვდომი არ არის, საპილოტე პროექტის ფარგლებში აგებულ ტექნოლოგიას ნიუ-იორკის ელექტროენერგიით მომარაგებაში საკუთარი წვლილი მაინც შეაქვს.

თუმცა, განსხვავებით წინა კომპანიის ტექნოლოგიისაგან, რომელიც წყლის ზედაპირზე იყო განთავსებული, Verdant-ის ტურბინა სპეციალურად დამზადებულ ჩარჩოზეა მიმაგრებული, რომელიც მდინარის ფსკერზეა განთავსებული. კომპანიის დამაარსებლის, ტრეი ტეილორის, განმარტებით, ტექნოლოგიის არსის უკეთ გასააზრებლად, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ქარის ტურბინები, რომლებიც მდინარის ფსკერზე არიან განთავსებულნი. თქვენითაც შეამჩნევდით, რომ ამ ორი კომპანიის ხელმძღვანელების მოსაზრებები ტექნოლოგიების განმარტებასთან დაკავშირებით ერთმანეთს ზედმიწევნით ემთხვევა.

შესაბამისად, მისი განმარტებით, მდინარის დინებები ისეთივე უპირატესობას იძლევა ენერგიის გამომუშავებისას, როგორსაც ოკეანის დინებები. ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მას ელექტროენერგიის გამომუშავება 24/7-ზე შეუძლია, განსხვავებით მზისა და ქარის ენერგიებისაგან. მზე ყოველთვის არ ანათებს, ქარიც არ ქრის მუდმივად, მდინარის ტალღები კი არასდროს ჩერდება. შესაბამისად, აღნიშნული ტექნოლოგია მრავალმხრივ ეფექტიანია.

რვა თვის განმავლობაში, Verdant-ის ტურბინამ მხოლოდ 60 შინამეურნეობისათვის საკმარისი ელექტროენერგიის გამომუშავება შეძლო. თუმცა, თუკი მის დამაარსებელს დავუჯერებთ, ტექნოლოგიაზე აგებული სრულფასოვანი ელექტროსადგური წლის განმავლობაში 6000 სახლის მომარაგებას შეძლებს ელექტროენერგიით. მისი პროგნოზით, ტალღების ენერგიის პოტენციალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად 250 გიგავატს უტოლდება. ეს კი 250 მილიონი შინამეურნეობის უზრუნველსაყოფად სრულიად საკმარისი იქნება.

თუმცა, ობიექტურობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტექნოლოგიას პოტენციალთან ერთად, ერთი უდიდესი დაბრკოლება აქვს – სისტემის დაყენებისა და გაფართოების ღირებულება. შეერთებული შტატების ენერგიის დეპარტამენტის 2019 წლის მონაცემებით, საშუალოდ მოქცევის ტალღით კომერციულად გამომუშავება 280 აშშ დოლარი ჯდება მეგავატ საათში. შედარებისათვის, ქარის ენერგია 20 დოლარი ჯდება იმავე ერთეულის შემთხვევაში. ამიტომაც, ტექნოლოგიის ფართოდ დასანერგად, პირველ რიგში მისი ღირებულების შემცირებაა საჭირო.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply