კლიმატის ცვლილების მიზეზები

გასული 24 000 წლის მონაცემები აჩვენებს, რამდენად უპრეცედენტოა ამჟამინდელი გლობალური დათბობა

მსოფლიო წარმოუდგენელი ტემპით თბება, ისეთით, როგორიც გასული 24 000 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ მიუთითებს ახალი კვლევა, რომელმაც მთელი მსოფლიოდან ასობით ტემპერატურული მონაცემი გამოიყენა, რათა განესაზღვრა წარსულის კლიმატის ცვლილება.

წარსულის ტემპერატურების რეკონსტრუქცია, რისთვისაც ზღვის დანალექები გამოიყენეს ბოლო გამყინვარების პერიოდის ჩათვლით — კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ადამიანებმა დედამიწის კლიმატში ისეთი ძვრები გამოიწვიეს, რაც გეოლოგიურ მონაცემებში აქამდე არასოდეს დაფიქსირებულა.

„რეკონსტრუქცია მიუთითებს, რომ ამჟამინდელი ტემპერატურები უპრეცედენტოა გასულ 24 000 წელიწადში; ასევე მეტყველებს, რომ ადამიანების მიერ გამოწვეული გლობალური დათბობის სიჩქარე დროის აღნიშნულ მონაკვეთში დაფიქსირებულ ნებისმიერ ცვლილებაზე დიდია“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, არიზონის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ჯესიკა ტიერნი.

კვლევის შედეგები ხაზს უსვამს აგვისტოში გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის (IPCC) მიერ გამოქვეყნებულ უახლეს მოხსენებას, რომლის მიხედვითაც, წიაღისეული საწვავის წვამ პლანეტა გასული 2000 წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ გაათბო, ისე, რომ დედამიწის კლიმატზე ადამიანთა გავლენა ცალსახა იყო.

„განგაშის მიზეზია ის ფაქტი, რომ ჩვენ დღეს ასე შორს ვიმყოფებით იმისგან, რაც საზღვრად შეიძლება მივიჩნიოთ“, — ამბობს ახალი კვლევის ავტორი, არიზონის უნივერსიტეტის კლიმატური მეცნიერი მეთიუ ოსმანი.

ახალ კვლევაში, ტიერნიმ, ოსმანმა და მათმა კოლეგებმა შეისწავლეს 539 პალეოკლიმატური მონაცემი, ისინი სულ მცირე 4000 წლისაა და 24 000 წლის წინანდელ პერიოდამდე მიდის, ანუ ბოლო გამყინვარების პიკამდე, როდესაც დღევანდელი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უმეტესობას ყინულის ვრცელი ფენები ფარავდა.

მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან, სანაპირო ზოლებსა და ზღვის ფსკერზე აღებული დანალექების ანალიზის შედეგად, მკვლევრებმა დასკვნები გააკეთეს ტემპერატურების შესახებ და ეს ე. წ. პროქსი მონაცემები კლიმატური მოდელის სიმულაციების გასაახლებლად გამოიყენეს; ეს სიმულაციები სულ უფრო იხვეწება, მაგრამ ჯერ კიდევ დამოკიდებულია მონაცემთა შეყვანაზე.

ათასწლეულების გლობალური ტემპერატურების რეკონსტრუქციის წინა მცდელობები ფოკუსირებული იყო ძალიან ვიწრო ფანჯარაზე, რათა მოეცვა რეგიონული ცვალებადობები, ანდაც შესწავლილი ტემპერატურული ცვლილებები არ ასახავდა გლობალურ საშუალო მაჩვენებელს, რათა მიგვეღო დედამიწის წარსულში, დროთა განმავლობაში კლიმატის ცვლილების დიდი სურათი.

კვლევა აჩვენებს, რომ გლობალური ტემპერატურების დიაგრამების გრაფებში, რომლებიც აქამდეც გვინახავს, ბოლო 150 წელიწადში ჩანს ტემპერატურის მკვეთრი ზრდა უფრო ადრეულ, თანდათანობით ზრდასთან შედარებით.

„შედეგები მიუთითებს, რომ თანამედროვე დათბობა ექსტრაორდინარულია გასულ 10 000 წელიწადთან შედარებით“, — აღნიშნავს მარკო.

გარდა ამისა, კვლევის ავტორები წერენ, რომ მსოფლიოში გლობალური ტემპერატურის ცვლილებათა ჩვენება 200-წლიანი ინტერვალებით, ყინულის ფენების დნობისა და სათბური აირების გამოყოფის კვალდაკვალ, დედამიწაზე გასულ 24 000 წელიწადში კლიმატის ცვლილების უფრო სრულ სურათს ქმნის.

სულაც არ არის გასაკვირი, რომ როგორც მათმა ანალიზებმა აჩვენა, ბოლო გამყინვარების შემდეგ კლიმატის ცვლილების მამოძრავებელია სათბურის აირების დონის მომატება და ყინულის სქელი ფენების დნობა. თუმცა, მათ მიერ გლობალური ტემპერატურის ცვლილების შესახებ შექმნილმა რუკებმა რაღაც ახალიც აჩვენა.

„ამ რუკების საშუალებით, ნებისმიერს შეუძლია დაინახოს, როგორ შეიცვალა ტემპერატურა დედამიწაზე, ძლიერ პერსონალურ დონეზე“, — ამბობს ოსმანი. როგორც ქვემოთ ხედავთ, რაც უფრო მუქია ცისფერი ჩრდილი, მით უფრო ცივია ტემპერატურა დღევანდელთან შედარებით.

„პირადად მე, დღევანდელი ჩემი ადგილმდებარეობის ან ჩემი ბავშვობის საცხოვრებელი ადგილის 24 000-წლიანი ტემპერატურული ევოლუციის ვიზუალიზაციის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მახსენებს, რამდენად მკაცრია დღეს კლიმატის ცვლილება“, — ამბობს ოსმანი.

წყნარი ოკეანის კუნძულების მცხოვრებლებს, რომლებიც უკვე გრძნობენ კლიმატის ცვლილების გავლენებს, ასეთი რუკები სულაც არ სჭირდებათ, რათა გაიაზრონ, რა დევს სასწორზე და როგორ იცვლება მათი სამშობლო.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი ტექნიკური შეზღუდვაც, რომელიც ამ კვლევას ახლდა. გამოიყენეს მხოლოდ ერთი კლიმატური მოდელი, რაც იდეალური არ არის; ის არ შეიცავდა სახმელეთო მონაცემებს და ეფუძნებოდა მხოლოდ საზღვაო მონაცემებს, თანაც, ძალიან ცოტა იყო მონაცემი წყნარი, ინდოეთისა და სამხრეთის ოკეანეების ცენტრალური ნაწილებიდან.

მიუხედავად ამისა, ახალი კვლევა მხარს უჭერს მცირე ოდენობის მონაცემების საფუძველზე გლობალური ტემპერატურის ცვლილებების წინა შეფასებებს; გლობალური დათბობის მახასიათებლები დროში, მთელ მსოფლიოში და ორივე ნახევარსფეროში, ძლიერ ჰგავს ერთმანეთს.

მკვლევართა ჯგუფი გეგმავს, რომ საკუთარი მიდგომა ამჯერად დღევანდელზე უფრო თბილ უძველეს კლიმატებს მოარგონ, რადგან სათბურის აირების გამოყოფის ზრდის კვალდაკვალ, ის პერიოდები გადამწყვეტი ფანჯარაა ჩვენს მომავალში.

„კლიმატი, რომელშიც მომავალში ვიცხოვრებთ, დამოკიდებულია ჩვენს ახლანდელ გადაწყვეტილებებზე“, — ამბობს კლიმატოლოგი ვალერი მესონ-დელმოტი.

დასაკარგი დრო უბრალოდ აღარ გვაქვს.

#1tvმეცნიერება

Leave a Reply

Menu Title