აშშ-ში რუსეთის ელჩი “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციებზე – ვაშინგტონის მცდელობა, შეინარჩუნოს დიალოგი მოსკოვთან სანქციების გზით, მიუღებელია

ვაშინგტონის მცდელობა, შეინარჩუნოს დიალოგი მოსკოვთან სანქციების გზით, მიუღებელია და საერთაშორისო კანონს არღვევს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რითაც ის “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას გამოეხმაურა.

„ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატები, უკვე რამდენიმე წელია ცდილობენ გაართულონ რუსეთ-ევროპის ენერგეტიკული თანამშრომლობა. თავდაპირველად ვაშინგტონს სურდა გაზსადენის დასრულების შეფერხება. ვერ მოახერხეს: გაზის მაგისტრალი გაყვანილია და მზადაა ასამუშავებლად. ახლა ისინი ცდილობენ შეაფერხონ ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება და ამავდროულად მოუწოდებენ რუსეთს გაზარდოს ენერგომომარაგება ევროპაში, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს საწვავის კრიზისის შედეგები“, – აღნიშნა ანტონოვმა.

მისი თქმით, მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით მის წინააღდეგ წაყენებულ ბრალდებებს.

„ჩვენ ასევე კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთის ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით წაყენებულ ბრალდებებს. ასეთი განცხადებები აჩვენებს შეერთებული შტატების უპატივცემულობას საკუთარი მოკავშირეების მიმართ, რომლებიც მზად არიან ჩვენს ქვეყანასთან გრძელვადიანი ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის დასამყარებლად. ჩვენ პრაქტიკაში დავამტკიცეთ, რომ ენერგეტიკის სფეროში საიმედო პარტნიორები ვართ“, – აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს გაუგზავნა ანგარიში, სადაც საუბარია “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტში ჩართულ ორ ხომალდსა და კომპანია Transadria-ზე.

„კომპანია Transadria-ს სანქციები დაუწესდება, მისი ხომალდი Marlin-ი კი ბლოკირებულ საკუთრებად გამოცხადდება,“- აღნიშნა ბლინკენმა.

Leave a Reply