ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

ენგურზე გენერირებული ელექტრონერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოზე 40/60% პრინციპით განაწილდება

აფხაზეთის ენერგომომარაგება ძველ რეჟიმს უბრუნდება. ქართული მხარის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ რეგიონთან დენი 40/60-ზე პროპორციით განაწილდება. ენერგეტიკოსების განცხადებით, ამიერიდან დამატებითი ელექტროენერგიის შესყიდვა არ გახდება საჭირო აფხაზეთისთვის, დანაკლისის შევსება მას თვითონვე მოუწევს. კერძოდ, რუსეთისგან შეიძენს. მხარეებს შორის შეთანხმება 90-იან წლებში ზეპირად დაიდო და ამ ეტაპზეც, ელექტროენერგიის განაწილების საკითხი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მოხდა. როგორც აღმოჩნდა, ინიციატივა ენერგეტიკოსებს ეკუთვნით, რაც მთავრობის მხრიდან პრაქტიკულად მხარდაჭერილია.

შესაბამისად, როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს, უკვე ნოემბრიდან ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 40/60-ზე პრინციპით განაწილდება, რითაც საქართველოს  ენერგოსისტემა ცოტას „ამოისუნთქებს“.

,,გადაწყდა, რომ წლის ბოლოსთვის ,,ენგურჰესის ელექტროენერგიის განაწილება  გახდეს  40/60%-ზე, როგორც წლების წინ ვიყავით შეთანხმებული, თუმცა მისი შესრულება მხოლოდ ახლა ხდება შესაძლებელი. აქამდე ,,ენგურის“ მიერ გამომუშავებული დენი არამიზნობრივად იხარჯებოდა და ამ პრობლემას ერთხელ და საბოლოდ დაესმება წერტილი. კერძოდ, მცდელობა არის, რომ  პროპორცია 40/60%-ზე წლიურ ჭრილში მაინც დავიცვათ, ყოველთვიურად მისი დაცვა გაგვიჭირდება. ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა. ,,ენგურჰესის“ წყალსაცავი განსხვავებული რეჟიმით დამუშავდა, რაც საშუალებას იძლევა, არსებული მარაგი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. გამომუშავებული ელექტროენერგიის 60% ჩვენია, 40%-ს აფხაზეთი წაიღებს. ცხადია, ჩვენ ვერ მივყიდით მას ელექტროენერგიას, როგორც ვერ მივყიდით, ვთქვათ,  იმერეთს, გურიას და ნებისმიერ სხვა რეგიონს. დამატებით რა მარაგიც დასჭირდება აფხაზეთს, რუსეთისგან შეისყიდის,  სამაგიეროდმ უფრო ყაირათიანად მოიხმარს.  დენის მოხმარების კუთხით დიდი პრობლემა შეიქმნა, რაც აფხაზეთში დაიწყო კრიპტოვალუტის შემოტანა. სხვა შემთხვევაში, მაგალითად,  1995-96 წლებში და ცოტა მოგვიანებითაც, სანამ კრიპტოვალუტის ბაზარი გააქტიურდებოდა, აფხაზეთი სტანდარტით განსაზღვრული ელექტროენერგიის 40%-საც ვერ ითვისებდა“, – აცხადებს ,,კომერსანტთან“ გია არაბიძე.

ენერგეტიკოსის თქმით, პარალელურად აფხაზეთს  კრიპტოვალუტის გამომუშავების პროცესის მკაცრად გაკონტროლება და გადასახადის გაზრდა მოუწევს კონკრეტულად ამ სეგმენტისთვის. სავარაუდოდ, აფხაზეთში  რუსულ  ბაზებსაც უფრო ძვირად მიაწვდიან ელექტროენერგიას, ვიდრე აქამდე იყო შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომის შემდგომი პერიოდიდან დღემდე ,,ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთს სრულად მიჰქონდა და დამატებით მიეწოდებოდა  იმპორტული დენიც, ენერგოპოლიტიკა ამ ხნის განმავლობაში არ შეცვლილა.

ცნობისთვის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2021 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ოკუპირებულმა აფხაზეთმა 2 მლრდ 371.9 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 19.5%-ით მეტია.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title