სამხრეთკორეულმა „ხელოვნურმა მზემ“ ახალი რეკორდი დაამყარა

სამხრეთკორეულმა თერმობირთვული სინთეზის რეაქტორმა KSTAR-მა, რომელსაც „ხელოვნურ მზეს“ უწოდებენ, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან 100,000,000°C-ზე მეტ ტემპერატურაზე გავარვარებული პლაზმის შენარჩუნება 30 წამის განმავლობაში შეძლო. შედეგად, სამხრეთ კორეის ბირთვული ენერგიის ინსტიტუტში შექმნილმა რეაქტორმა საკუთარი რეკორდი 10 წამით გააუმჯობესა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა New Atlas-ი ავრცელებს.

ცნობისთვის, თერმობირთვული სინთეზის რეაქტორში ისეთივე რეაქცია მიმდინარეობს, როგორიც ჩვენს მზესა და კოსმოსში არსებულ სხვა ვარსკვლავებში ენერგიის პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობით წარმოებისთვის. მეცნიერები აღნიშნული პროცესის წარმართვისთვის ძლიერ მაგნიტებს იყენებენ, რათა ცელსიუსის სკალით მილიონობით გრადუს ტემპერატურაზე ცხელი პლაზმის გაკონტროლება და სტაბილიზაცია იყოს შესაძლებელი. ამით ისინი ატომებს ერთმანეთთან შეჯახების საშუალებას აძლევენ, რაც უფრო ძლიერ ბირთვს აყალიბებს. თეორიულად, ამ გზით იმ რაოდენობის მდგრადი ენერგია უნდა გამოიყოს, რომელიც კაცობრიობის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ეს კი თავის მხრივ კლიმატის ცვლილების შერბილებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

ცნობისთვის, KSTAR-ის მშენებლობა სამხრეთ კორეაში 2007 წელს დასრულდა. ამის შემდეგ მეცნიერებმა მოწყობილობა დახვეწეს და თანდათან შედეგების გაუმჯობესება შეძლეს. შეგახსენებთ, რომ სამხრეთკორეულმა „ხელოვნურმა მზემ“ გასული წლის დეკემბერში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან პლაზმა 100,000,000 °C-ზე 20 წამის განმავლობაში შეინარჩუნა.

სამხრეთ კორეის ბირთვული ენერგიის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, KSTAR-მა საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება რეაქტორში გათბობის სისტემისა და მაგნიტური ველის მდგომარეობის ოპტიმიზაციის წყალობით შეძლო. სპეციალისტების საბოლოო მიზანი  პლაზმის 300 წამის განმავლობაში შენარჩუნებაა. ამ ამოცანის შესასრულებლად მათ რეაქტორის განახლება და გაუმჯობესება მოუწევთ, რათა მაღალი ტემპერატურის გაკონტროლება უფრო ხანგრძლივად შეძლონ.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title