აფხაზმა სამართალდამცველებმა 93 კრიპტომაინინგ აპარატი ამოიღეს

აფხაზეთის დე ფაქტო სტრუქტურებმა – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სტანდარტების, სამომხმარებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტმა 93 კრიპტომაინინგ აპარატი ამოიღეს. ამასთან, დე ფაქტო სამართალამცველებმა გამოავლინეს და დალუქეს მაინინგ-აპარატურის სარემონტო საამქრო. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

აფხაზეთის ენერგოსისტემასთან „უკანონო მიერთების ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით“ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, კრიპტოვალუტის მოპოვების რამდენიმე ობიექტი და მფლობელი დადგინდა: გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნიში – ტიმურ ძიძარია, იმავე რაიონის სოფელ ხიფსტაში – ოსმან ჩამაგუა, ქალაქ სოხუმში – იგორ ბარაბაში და სოხუმის რაიონის სოფელ ბასლათაში – ეფრემ კვარჩია, რომლისგანაც ივლისში, ასევე, 26 მოწყობილობა ამოიღეს.

ამოღებული აპარატურის საერთო რაოდენობამ 93 ერთეული შეადგინა. კრიპტოვალუტის მაინინგ მოწყობილობების მფლობელებზე ადმინისტრაციული ოქმები შედგა. დე ფაქტო სამართალდამცველები ამჟამად სარემონტო საამქროს მეპატრონეებს ეძებენ.

აფხაზეთში 16 ნოემბრიდან ელექტროენერგიის შეზღუდვების ახალი გრაფიკი მოქმედებს და ყველა ქვესადგური 00:00-დან 07:00 საათამდე რიგ-რიგობით ითიშება. აფხაზური „ჩერნომორენერგო“ ამის მიზეზად მაგისტრალურ ხაზებზე, „შეშელეთი-1“ (110 კვტ) და „აჩგუარა“ (220 კვტ) გაზრდილ დატვირთვას ასახელებს. ვითარება კიდევ უფრო გაართულა „ბაგმარან-1-ის“ ხაზზე ახლახან მომხდარმა ავარიამ, რაც ენერგოსისტემაში გაზრდილი მოხმარების გამო, მისმა გადატვირთვამ გამოიწვია. „ჩერნომორენერგოში“ აღიარებენ, რომ სიცივეებით გამოწვეული მოხმარების ბუნებრივი ზრდის გარდა, ძირითად პრობლემას კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგი წარმოადგენს.
წყარო: bpn

Leave a Reply

Menu Title