ქართული ეკოპარანოიის მორიგი გამონათება: “სახ ელ რო” იგივე ГОЭЛРО

ჟურნალისტი და ისტორიკოსი დათო გამცემლიძე ეკო-აქტივისტების საქმიანობას სტატიას უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

როგორც მოსალოდნელი იყო, კლინიკური მოძრაობა, რომელიც დაიწყო ჰიდროფობიით, “მშობლიური ბუნების დაცვის” მოტივებით (სვანეთის ტყის ტოტალურად, ბარბაროსულად გამჩეხავებთან ერთად), შემდეგ განვითარდა ქართული ენერგეტიკიდან უცხოელ ინვესტორთა წარმატებით გაძევებით, დასრულდა იმავე “მშობლიური ენერგეტიკის” ტოტალური ნაციონალიზების, ანუ ყველა ობიექტის კერძო მფლობელისათვის წართმევის და სახელმწიფოსათვის დაბრუნების მოთხოვნით.

ამაზე ადვილი რა არის? ბულგაკოვისეული შარიკა რომ ამბობდა: “წავართვათ, მერე გავიყოთ თანაბრად ყველამ” და…..აშენდება ქვეყანა. მათ შორის ენერგეტიკა.
ულიანოვ-ლენინმა რუსეთის იმპერია, მერე ახლადშობილი რუსული დემოკრატია რომ დაამხო და “დერჟავას” მოდერნიზაცია სცადა, პირველ რიგში ენერგეტიკა დაიმარტოხელა: დააფუძნა ГОЭЛРО (Государственная комиссия по электрификации России), შემდეგ ყველა კერძო ელექტროსადგური “ბურჟუებს” წაართვა და სახელმწიფო კომისიას ანუ მუშურ-გლეხურ სახელმწიფოს გადასცა მოსავლელად.
ოღონდ……იმავე ГОЭЛРО-ს გეგმით, საბჭოთა რუსეთში ჰიდროენერგეტიკა კრიმინალად და ლამის სამარცხვინო საქმედ კი არ გამოცხადდა, არამედ სწორედ ლენინმა და მისმა დიქტატორულ-ტერორისტულმა ჯგუფმა, შემდეგ სტალინმა, სისხლის მდინარეები რომ დააყენეს ქვეყანაში, ტიტანურ მდინარეებზე (ენისეიზე, ვოლგაზე) დღემდე მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგურები ააშენეს, ამ მდინარეებს კალაპოტები შეუცვალეს, მილიონობით ჰექტარი ტყე გაჩეხეს და მილიონობით პოლიტპატიმარი ზედ შეაკლეს – მონებად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებად ჩამოყალიბებულმა სოციოპატებმა და ნევროტიკებმა თავად არ იციან რა უნდათ!
მარტივი კითხვა: რა ამოცანას გადაწყვეტს ენერგოსექტორის ნაციონალიზაცია? ჯერ ნუ ვიმსჯელებთ იმაზე, რომ ამას რასაკვირველია არ დაუშვებს რუსეთი, რომელსაც ქართული ენერგეტიკის დათვის წილი ეკუთვნის: დაწყებული თბილისის ელექტროდისტრიბუციით (თელასი), გაგრძელებული რამდენიმე ჰესით. საკმარისია ეს საკითხი თუნდაც დაისვას და მიზერსაც ვეღარ მივიღებთ იმ მილიონობით კილოვატ-საათიდან, რაზეც “ჩამოვეკიდეთ” ბოლო წლებში სწორედ კლინიკური “ანტიჰესური” მოძრაობის და ქვეყნის ტერიტორიაზე ათეულობით დიდი თუ პატარა ჰესის მშენებლობის შეჩერების “წყალობით”.
შესაძლოა შიფროგრამებიც მიიღონ “მოძრაობაში” ჩანერგილმა სექსოტებმა: “გადაეცით მაგ იდიოტებს, რომ ლუქსემბურგში გაფორმებული ვითომ დასავლური გრანტებით იმიტომ კი არ ვკვებავთ, ИНТЕР-РАО-ს მანდ რამე წაართვანო”.
იმ გრანტების მიზანი აქცენტის ჰიდროენერგეტიკიდან თბო-ენერგეტიკაზე, ასევე იმპორტზე გადატანა, ანუ ისედაც გაქუცულ ენგურჰესზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულების უზრუნველყოფაა.
იმიტომ, რომ ისიც კი, რაც შეგვრჩა ფასეული ჰიდროენერგეტიკაში (ანუ ენგურჰესი) მოსკოვის ნებაზეა დამოკიდებული: როცა მოესურვებათ და დასჭირდებათ პოლიტიკურად, მაშინ დააჭერენ ღილაკს თითს გალის რაიონის სოფელ საბერიოში და…….
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ოღონდ ქართული “სახ ელ რო” სხვა მხრივაც საინტერესოა: გამორიცხულია საბოლოოდ ამ ტიპის მოძრაობა მის მენტალურ საფუძვლებს არ დაუბრუნდეს და იმავე “შარიკას” კომუნისტურ იდეალებს არ ელოლიავოს. ასეთია ამ მოძრაობის და მის “აღმძღავ” მექანიზმთა შინაარსი: გერმანიაში, მაგალითად, “მწვანეთა მოძრაობა”, მისი ფილოსოფიით, მემარცხენეობასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მემარჯვენეობასთან. ითვლება, რომ თუ სახელმწფოს კუთვნილი იქნება, ეს სახელმწიფო ბუნებას უკეთ დაიცავს. ამიტომაც შეიტანეს კანონმდებლობაში უამრავი ცვლილება, რეგულაცია, წინაპირობა, რომ უფრო ქმედითად მართონ.
მერედა …….განა სახელმწიფო არ აშენებდა გიგანტებს? ნუთუ ბიუროკრატია უფრო დაიცავს ბუნებას და უფრო გაუფრთხილდება, როდესაც არა მხოლოდ კონტროლის, არამედ მართვისა და ეფექტიანად განკარგვის ვალდებულება ექნება?
და ამგვარი “ნაციონალიზაციის” შემდეგ, ვინ გიჟი ჩადებს თუნდაც ათას დოლარს თბილისის აფრიკის დასახლებაში პატარა მაღაზიის გასახსნელად? უცხოელებზე აღარ ვლაპარაკობ, – თუნდაც “შიდა ინვესტორი”, რომელიც სინამდვილეში ქვეყნისთვის ბევრად ფასეული და არსებითია, ვიდრე უცხოელი? იმიტომ, რომ შიდა რესურსების გამოყენებას გულისხმობს.
ეს რესურსები კი არც ისე მცირეა, როგორც ზოგს ჰგონია: საკმარისია ქვეყანაში ელემენტარული დემოკრატიული წესრიგი დამყარდეს, საკმარისია ქვეყანა “დალაგდეს”, სიტუაცია პროგნოზირებადი გახდეს და ინვესტიცია აუცილებლად გაიზრდება. მათ შორის ენერგეტიკაში.
როგორც ჩანს, პარანოიდული ჰიდროფობიის მიმდევრებს ამ სულელური “სახ ელ რო”-თი იმის მიღწევა სურთ, ენერგეტიკაში საერთოდ არაფერი გაკეთდეს. ხოლო მათ “ლუქსემბურგელ” სპონსორებს ძალიან უნდათ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი ყოველწლიურად 170-200%-ით გაიზარდოს, როგორც ახლა იზრდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეს ხომ ორჯერ ორია? აბა საიდან უნდა მოიტანოს გაძვალტყავებულმა ქართულმა სახელმწიფომ, სულს რომ ღაფავს, ის მილიარდობით დოლარი, რაც ენერგეტიკის თუნდაც დღევანდელ დონეზე შესანარჩუნებლადაა აუცილებელია?
დიახ, “განვითარებაზე” საერთოდ არაა ლაპარაკი. დღევანდელი დონეც კი, ესე იგი ენერგეტიკის მოვლა, დიდ ხარჯებს მოითხოვს.
იმაზეც ზედმეტია ლაპარაკი (ალბათ ასე რთულად ვერ აზროვნებენ), რომ მხოლოდ რუსეთი კი არა, აზერბაიჯანიც გადაგვეკიდება სამტროდ, თუ მათ ენერგოგიგანტს და მის საკუთრებას ვახლებთ ხელს.
ნებისმიერი მოძრაობა ფასდება არა დეკლარაციებით, არამედ მოსალოდნელი ან/და დამდგარი შედეგით:
“სახ ელ რო”-ში ბოლო მარცვალი შემთხვევით არ უწყვილდება ГОЭЛ(РО)-ს.
“სახ ელ საქ”-იც კი არ არის.
იმიტომ, რომ ეს ნებისმიერ შემთხვევაში რუსული გეგმაა: საქართველოს რუსეთზე სამუდამოდ მიბმის და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის 30 წლიანი, სისხლიანი ბრძოლის შემდეგ ისტორიულად დასაცინ ტაკიმასხარად ქცევისა.

წყარო: nation.ge

Leave a Reply

Menu Title