აფხაზეთში 90 000 დენის მრიცხველის მონტაჟს გეგმავენ

აფხაზეთში თითქმის 90 000 დენის მრიცხველის დაყენებაა აუცილებელი, რაც მოხმარების აღრიცხვის საშუალებას გააჩენს, ეს კი პერმანენტულ ენერგოკრიზისთან ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგოს“ დირექტორის მოადგილემ ზურაბ ბაღაფშმა განაცხადა.

მისი თქმით, პროცესი ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, და 2014 წლამდე 18 000 მრიცხველი, მათ შორის 12 000 სოხუმში დამონტაჟდა. სადღეისოდ ამ მოწყობილობების 70% მუშა მდგომარეობაშია.

„საბჭოთა პერიოდში დაყენებული მრიცხველები უკვე კარგა ხანია მწყობრიდანაა გამოსული, ამიტომაც, ახალი მოწყობილობების დაყენება აუცილებელია. როგორც წესი, მაშინ, როდესაც მოსახლეობას უყენია მრიცხველები, რომელთა გათიშვა შესაძლებელია, ადამიანები მოხმარებული ენერგიის საფასურს კარგად იხდიან“, – განაცხადა ბაღაფშმა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევებში მოხმარებული ენერგიის ანაზღაურება თითქმის 90%-ს აღწევს.

„ამ დროისთვის ყველაზე აქტუალურია მრიცხველები, რომლებიც მოხმარების თაობაზე ინფორმაციას დისტანციურად გადასცემენ – ეს დისციპლინის დამყარებას ხელს უწყობს“, – მიიჩნევს „ჩერნომორენერგოს“ დირექტორის მოადგილე.

მისი თქმით, რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ საინვესტიციო გეგმაში უკვე დამუშავებულია ენერგეტიკის რეფორმირების კომპლექსური პროგრამა – მაგალითად, მის ფარგლებში დღეს ხდება ტყვარჩელის, ოჩამჩირეს და გაგრის რაიონებში ახალი ქსელების მონტაჟი.

ამ განახლებულ ინფრასტრუქტურაში ასევე გათვალისწინებულია გამრიცხველიანება.

საკუთარი ხარჯებით მრიცხველებს „ჩერნომორენერგოც“ ამონტაჟებს, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით – 100 ცალი წელიწადში.

„ჩვენ ფინანსურად შეზღუდულები ვართ და მასობრივ რამრიცხველიანობას ვერ ვახდენთ. თანაც ჩვენს ენერგეტიკულ კანონმდებლობაში ბევრი თეთრი ლაქაა, რაც ამ დარგში ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს“, – განაცხადა ბაღაფშმა.

მისი თქმით, მრიცხველებზე ფასები იზრდება და ესეც სახელმწიფოს მხრიდან გამრიცხელიანობას აფერხებს.

„ადრე ამ საკითხს სახელმწიფო მეტ ყურადღებას უთმობდა, მაგრამ დღეს ყველა თავისუფალი თანხები ავარიული ქსელების განახლებას ხმარდება“, – განაცხადა ბაგაფშმა.

მისი თქმით, ძველი მრიცხველების ახლებით ჩანაცვლება მოხმარებას მკვეთრად შეამცირებდა, რადგანაც გათიშვის შიშით მოქალაქეები უკონტროლოდ ელექტროენერგიის ხარჯვას შეამცირებენ.

ამ დროისთვის აფხაზეთში მოქმედებს ე.წ. კანონი, რომელიც ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებისთვის ჯარიმას ითვალისწინებს, თუმცა, ის რეალურად არ მუშაობს, რადგანაც აფხაზეთში ენერგიის საფასურს არავინ არ იხდის.

წყარო: “კომერსანტი”

 

Leave a Reply

Menu Title