უფასო დენი სვანეთის თავსატეხად იქცა – მესტიაში უკვე ენერგოკრიზისია

ელექტრომომარაგების მხრივ წლევანდელი ზამთრის სეზონი სვანეთისთვის წარმოუდგენლად რთულია. კრიპტოვალუტების მოპოვებიდან გამოწვეულმა პრობლემებმა იმდენად დააზიანა ადგილობრივი ელექტროსისტემა, რომ მოსახლეობას დენი დაბალი ძაბვით მიეწოდება, სასტუმროებს ხანნდახან საერთოდ არა, ხოლო საბაგიროები საერთოდაც გაჩერებულია და არავინ იცის როდის ჩაირთვება.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების ფონზე ადგილობრივ მოსახლეობას კრიპტოვალუტების ე.წ. მაინერების გამორთვისკენ მოუწოდებს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით ელექტროენერგიის დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი.

„ბოლო წლების განმავლობაში, მესტიის მუნციპალიტეტი მუდმივად დგას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის წინაშე. ამ მხრივ კი მდგომარეობა ყოველ წელს უფრო მეტად მძიმდება და დღეს გვაქვს მოცემულობა, სადაც ელექტროენერგიის მოხმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ჩვენ ნამდვილად გვემუქრება მუნიციპალიტეტის სრული ჩაბნელების საფრთხე, რისი თანმდევი პროცესიც, არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო დისკომფორტი, არამედ ტურისტული სეზონის ჩავარდნა იქნება.

დასამალი არ არის, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის მთავარი მიზეზი ე.წ მაინერების მომრავლებაა. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფოორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სრული მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჭიროა 7 მეგავატი ელექტროენერგია. ამის ფონზე კი დღეს მესტიის მუნიციპალიტეტი მოიხმარს 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას, საყურადღებოა ისიც, რომ გასული წლების მონაცემებთან შედარებით დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი.

არსებული ელექტროგადამცემი ხაზები ვერ უძლებენ გათვალისწინებულზე ოთხჯერ მეტ დატვირთვას, რის შედეგადაც გახშირდა დაზიანებები. დღეისათვის დაზიანებულია ენგურჰესის ხაზი და ელექტროენერგიის მოწოდება ხდებოდა ალტერნატიული ხაზიდან (ლაჯანური) რომელიც ასევე დაზიანდა. არსებული ქსელის შესანარჩუნებლად სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ უწევს დატვირთვის შემცირება და მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება.

დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა. ჩვენ ვცხოვრობთ პატარა სოციუმში, სადაც ყოველდღიურად ვხვდებით ერთმანეთს, გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობები, პატივი ვცეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ოჯახებს და შვილებს, გამოვრთოთ მაინერები და დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, სადაც ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვა არავის მოერიდება. მიუღებელია კონკრეტული ადამიანების მიერ „იოლი“ ფულის მიღების სურვილს, მთელი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ინტერესი ეწირებოდეს“, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

ვითარების დრამატულობს ადასტურებენ ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებიც. მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბუდეს“ დამფუძნებლის თათია თეთრაშვილის თქმით, კურორტის სტაბილური ელექტრომომარაგების პრობლემა ამ სეზონზეც მოუგვარებელია, რაც ტურისტული სეზონისთვის ხელის შემშლელი ფაქტორია. მთავარი მიზეზი მესტიის მოსახლეობის უფასო ელექტრომომარაგებაა, რის გამოც ქალაქში კრიპტოვალუტების არალეგალური წარმოება გახშირდა. პრობლემაა ასევე ამორტიზებული ელექტროსადენები, რაც დენის ხშირ გათიშვას იწვევს.

„მესტიაში ტურისტული სეზონი ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა ელექტროენერგიის პრობლემა უმთავრესია. მოგეხსენებათ, აქ ბუნებრივი აირი არ მოგვეწოდება, შესაბამისად, ყველაფერი მხოლოდ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული.

ძალიან ხშირად დენი არ გვაქვს, მაგრამ როცა გვაქვს, მაშინაც დაბალი ძაბვით მოგვეწოდება. ხშირად სარეცხი მანქანის ჩართვაც კი შეუძლებელია. ამის გამო სტაბილიზატორებში მრავალი ათასი გვაქვს გადახდილი.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ელექტროენერგია მთელი ღამის განმავლობაში არ მოგვეწოდება, ასეთ დროს გვიწევს გენერატორების ჩართვა, რათა ტურისტები არ გაგვეყინონ, ესეც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. შესაძლოა, ერთ ღამეში 500 ლარის საწვავიც დასჭირდეს“, – განუცხადა „ბიზნეს მედიას“ „ბუდეს“ დამფუძნებელმა და დასძინა, რომ მართალია, მესტიის მერიამ გასულ კვირას განცხადება გაავრცელა და ადგილობრივ მოსახლეობას მაინერების გათიშვისკენ მოუწოდა, მაგრამ რეალურად, კრიპტოვალუტის წარმოებით მოსახლეობა არაა დაკავებული.

მესტიაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა დანარჩენ სამთო-სათხილამურო კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონი 25 დეკემბერს გაიხსნა, მაგრამ ამ დრომდე გაჩერებულია ჰაწვალის და თეთნულდის საბაგიროები. მიზეზი ისევ და ისევ არასტაბილური ელექტრომომარაგებაა. როდიდან იქნება შესაძლებელი საბაგიროების ჩართვა, ამ კითხვით „ბიემმა“ კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიმართა, სადაც კონკრეტული პასუხი ასევე არ აქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ ამ დროისთვის მოსახლეობას ელექტროენერგია სრულად მიეწოდება, რაც საბაგიროების გაჩერების ხარჯზე მოხერხდა.

წყარო: for.ge

Leave a Reply

Menu Title