ვენაში ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე, თეირანმა ქუჩაში რაკეტები გამოფინა

იმ დროს, როდესაც ირანის ბირთვული შეთანხმების განახლების მიზნით, ვენაში მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, პარასკევს, თეირანის ცენტრში, ღია სალოცავ მოედანზე, ირანმა სამი ბალისტიკური რაკეტა გამოფინა.

გასამხედროებული რევოლუციური გვარდიის განცხადებით, რაკეტებს, რომლებიც ცნობილია დასახელებებით: „დეზფული“, ქიამი“ და „ზოლფაღარი“, 1000 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსი აქვს და უკვე ცნობილი მოდელებია.

2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დარჩენილი ქვეყნების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და ჩინეთის დიპლომატები თეირანთან მუშაობენ, რათა აღადგინონ საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება, რომელიც ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ირანის ბირთვული ამბიციების შეზღუდვას ისახავდა მიზნად.

ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებს ამერიკელი დიპლომატები ესწრებიან, მაგრამ ირანელებს პირდაპირ არ ესაუბრებიან. შეთანხმება 2018 წელს ჩამოიშალა, როდესაც მაშინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შეერთებული შტატები ამ შეთანხმებიდან ცალმხრივად გაიყვანა და ირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციები განაახლა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ გამოფენილი რაკეტები იგივე ტიპის იყო, როგორიც ერაყში ამერიკის ბაზებზე იერიშის მისატანად გამოიყენეს.

რაკეტების გამოფენა, ერაყში განლაგებული ამერიკული ჯარების ბაზებზე თავდასხმის მეორე წლისთავს ემთხვევა. ბაზებზე თავდასხმა 2020 წელს, ბაღდადში, ამერიკული დრონით ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლაზე სამაგიეროს გადახდის მიზნით მოხდა.

წყარო: “ამერიკის ხმა”

Leave a Reply

Menu Title