მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გაზსაცავის მშენებლობა ელენერგიის იმპორტს დაახლოებით 70%-ით შეამცირებს

საქართველოში გაზსაცავის პროექტის განხორციელებით ენერგეტიკოსები დიდ სარგებელს ელიან. ამ ინფრასტრუქტურის შექმნა ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, დარეგულირდეს ქართულ ბაზარზე გაზის მიწოდება, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული მარაგი შეიქმნება. ენერგეტიკოს გია არაბიძის გათვლით, ელექტროენერგიის იმპორტი შესაძლოა 70%-ით შემცირდეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი გაზსაცავში აკუმულირებული გაზის მარაგს მხოლოდ თბოელექტროსადგურებისთვის გამოიყენებენ.

,,კომერსანტთან“ გია არაბიძემ განმარტა, რამდენად აუცილებელია ქვეყანაში საცავის არსებობა და რა მნიშვნელოვან შეღავათს მოგვცემს იგი.

,,ძალიან დიდი ხანია, გაზსაცავის მშენებლობაზე საუბარი მიმდინარეობს, თუმცა პროცესის დაწყება ვერაფრით მოხერხდა. სულ ცოტა ხნის წინათ გახდა ცნობილი, რომ მშენებლობის პროცესი დაიწყება. კარგი იქნება, რომ ეს საკითხი დაიძვრება. ტექნიკური პროექტი უკვე არსებობს. რაც შეეხება სარგებელსა და შეღავათს, პირველ რიგში ეს არის 300-350 მილიონი კუბ/მ შენახული გაზი. ამ დროს ჩვენი ელექტროსადგურები  600 მილიონ კუბ/მ-ს მოიხმარენ. ხოლო დაახლოებით 3 მილიარდამდე კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. გაზსაცავის მშენებლობით ჩვენ კიდევ დამატებით 300-350 მილიონი კუბ/მ გაზი გვექნება შემონახული, იქიდან კიდევ ნახევარს, 1,5-2 მილიარდამდე გამოვიმუშავებთ. ეს არის ის ოდენობა, რომლის გამომუშავებასაც ვგეგმავთ. თუ ამ გაზსაცავს გამოვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ თბოელექტროსადგურებისთვის, ჩვენ რადიკალურად შევამცირებთ იმპორტზე დამოკიდებულებას.  გარდა ამისა, გაზის მოთხოვნილება იზრდება, განსაკუთრებით ზამთარში და ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ ჩვენს ბაზარზე გაზის მიწოდება, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული მარაგი გვექნება“, – აცხადებს ,,კომერსანტთან“ გია არაბიძე.

ენერგეტიკოსის გათვლით, გაზსაცავში არსებული გაზის მარაგს მხოლოდ თბოელექტროსადგურებისთვის თუ გამოვიყენებთ, ციფრებში ეს იქნება იმპორტის დაახლოებით 70-80%. ამ მოცულობის დენს ადგილობრივი თბოსადგურები გამოიმუშავებენ, რის საშუალებას გაზსაცავი იძლევა.

,,გაზსაცავი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდისთვის შენდება. პროექტი საქართველოს შაჰ-დენიზის მილსადენში გამავალი ბუნებრივი აირის უკეთ ათვისების საშუალებას მისცემს. ზაფხულის თვეებში, მაშინ როდესაც ენერგომოხმარება დაბალია, აზერბაიჯანიდან მიღებული ბუნებრივი აირი საცავში შეიახება, ზამთარში კი მისი გამოყენება მოხდება. გარდა თბოელექტროსადგურებისა, შეიძლება გაზსაცავში შენახული გაზის გამოყენება მოსახლეობის მომარაგების მიზნით, მით უმეტეს, გაზიფიცირების დონე მატულობს და მოხმარებაც იზრდება. ჩვენ დაახლოებით 600-700 მლნ კბ/მ-ს ვხარჯავთ თბოსადგურებში ელექტრული ენერგიის გამოსამუშავებლად. 350 მილიონი კბ/მ გაზის მარაგი თუ გვექნება, თბოსადგურები თითქმის ამდენივეს გამოიმუშავებენ, რაც საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება. აქ საქმე მხოლოდ იმპორტში არ არის, არამედ უსაფრთხოებაზე როგორც ელექტროენერგიის, ასევე გაზის მოხმარების კუთხითაც. ტექნიკურად ყველაფერი შეიძლება მოხდეს, გარკვეული ავარიული სიტუაციაც შეიძლება შეიქმნას, მაგრამ ქვეყანას ექნება გარკვეული მარაგი, რაც უსაფრთხოების მყარ გარანტიას იძლევა“, – აცხადებს ,,კომერსანტთან“ გია არაბიძე.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა ორიოდე კვირის წინ განაცხადა, რომ გაზსაცავის მშენებლობის პირველი ფაზა, სავარაუდოდ 2022 წელს დაიწყება. მისი თქმით, პანდემიის გამო პროექტის თანხები სხვა მიმართულებით დაიხარჯა და მხოლოდ 30 მილიონი ევროა დარჩენილი, დანარჩენს მთავრობა მოიძიებს.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დაიწყება და 2025 წელს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ გაზსაცავის პროექტი საპარტნიორო ფონდმა ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში წარადგინა და მისი განხორციელება არაერთხელ გადავადდა.

პროექტის მიხედვით, მიწისქვეშა გაზსაცავი სამგორში ერთ-ერთი ნავთობსაბადოს ტერიტორიაზე იქნება მოწყობილი. ბუნებრივ აირს მიწის ქვეშ ნავთობის საბადოს ბუნებრივ სიღრუეში შეინახავენ.

გაზსაცავის მოცულობა, დაახლოებით, 210-280 მილიონი კუბური მეტრი იქნება, პროექტის ღირებულება პირობითად 250-300 მილიონი დოლარია, თუმცა საბოლოო საფასური განსაზღვრული არაა.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title