Air France-KLM განახლებადი წყაროებიდან მიღებული საწვავის დამატებით გადასახადს ავიაბილეთებში ასახავს

ამიერიდან ავიაკომპანიების ჯგუფი Air France-KLM განახლებადი წყაროებიდან მიღებული საწვავის დამატებით გადასახადს (SAF) ავიაბილეთებში ასახავს. ჯგუფმა განმარტა, რომ ამით ეკოლოგიური საწვავის უფრო მაღალი ღირებულების კომპენსირება ხდება, აღნიშნული საწვავის გამოყენება კი მნიშნველოვანია კომერციული საჰაერო ტრანსპორტის გარემოსდაცვითი დაბინძურების შესამცირებლად.

ავიაკომპანიები მგზავრებს ასევე შესაძლებლობას მისცემენ SAF საწვავის დამატებითი მოცულობის თანხა გადაიხადონ, რაც ხელს შეუწყობს ფრენის დროს CO2-ის გამოყოფის შემცირებას.

SAF არის ევროკავშირის პოლიტიკის განუყოფელი, სტრატეგიული ელემენტი გარემოზე ავიაციის ზემოქმედების შესამცირებლად. განახლებული პანევროპული მდგრადი განვითარების გეგმა, მათ შორის SAF-ზე გადასვლა, მიღებულ იქნა 2021 წლის ივლისში. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ასევე ანვითარებენ მსგავს ეროვნულ პროგრამებს. ამრიგად, საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, 2022 წლის დასაწყისიდან ყველა რეისზე, რომელიც საფრანგეთიდან სრულდება, მინიმუმ 1% SAF საწვავი უნდა გამოიყენონ. Air France-ში აცხადებენ, რომ ეკოლოგიური საწვავის დამატებითი გადასახადი ეკონომ-კლასისი ბილეთებში 1 ევროდან 4 ევრომდე მერყეობს, ხოლო ბიზნესკლასში 1,5 ევროდან 12 ევრომდე. გადასახადის მოცულობა საბოლოო ჯამში ფრენის მანძილზეა დამოკიდებული.

“ამ მოსაკრებლების წყალობით, ისევე როგორც რამდენიმე კორპორატიული კლიენტის ნებაყოფლობითი შენატანების წყალობით, 2022 წელს ჩვენს თვითმფრინავში 15 ათას ტონაზე მეტი SAF საწვავის ჩასხმაა შესაძლებელი, რაც ათჯერ აღემატება შარშანდელ მოცულობას”, – აცხადებენ Air France-ში.

მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებში ჯერ არ დაუსახელებით SAF საწვავის საჭირო პროცენტული მოცულობა, KLM-მ განაცხადა, რომ 10 იანვრიდან ეს იქნება 0,5% ამსტერდამიდან განხორციელებულ ფრენებზე.

“KLM-მა და ჩვენმა პარტნიორებმა კოალიცია Clean Skies for Tomorrow-დან განაცხადეს თავიანთი ამბიციის შესახებ მიაღწიონ 10%-იან SAF-ს 2030 წლისთვის”, – განმარტავენ ავიაკომპანიაში.

“საჰაერო ტრანსპორტი მომავალში შეიცვლება და SAF ითამაშებს მთავარ როლს ამ პროცესში“, – ნათქვამია KLM-ის განცხადებაში.

2019 წელს ჰოლანდიური ავიაკომპანიის მიერ გამოყენებულმა SAF საწვავის წილმა მთლიან საწვავში 0,18%-ი შეადგინა.

“ჩვენ გვესმის, რომ მგზავრობის ტარიფში 0.5%-იანი წილი და შესაბამისი გადასახადი ძალიან მცირეა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გადაიდგა სწორი მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ სხვა ავიაკომპანიებიც მოგვბაძავენ“, – აცხადებენ KLM.

ცნობისათვის, KLM-ის რეისებზე ავიაბილეთებში ასახული SAF საწვავის გადასახადი ისეთივე იქნება, როგორც Air France-ის რეისებზე – 1-დან 12 ევრომდე.

წყარო: avianews.ge

Leave a Reply

Menu Title