გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობაა

გერმანიის მმართველ წრეებში რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ირგვლივ აზრები გაიყო – ეს აშკარად ჩანს როგორც ფედერალურ, ასევე რეგიონულ დონეზე.

მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა პროექტი მკაცრად გააკრიტიკა, თუმცა მის მოსაზრებებს ბევრი მოწინააღმდეგე გაუჩნდა. კერძოდ, ბავარიის პრემიერ-მინისტრმა მარკუს ზედერმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამოქმედების შეფერხება პირველ რიგში თავად გერმანიას აზარალებს.

მან ასევე ფედერალური ხელისუფლება „მიამიტურ საგარეო პოლიტიკაში“ დაადანაშაულა, განსაკუთრებით კი, რუსეთთან მიმართებით.

„ბზარებზე საგარეო პოლიტიკაში“ საუბრობს ასევე ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტში იურგენ ჰარდტი. მისი თქმით, სოციალ-დემოკრატებს, მწვანეებს და ლიბერალებს არ გააჩნიათ ერთიანი აზრი საგარეო პოლიტიკის საკითხებში – ეს პირველ რიგში ეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების საკითხს.

მაგალითად, სოციალ-დემოკრატები გაზსადენს მხოლოდ ეკონომიკურ პროექტად აფასებენ, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი მის სტრატეგიულ როლს აღნიშნავს.

2 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გერმანია, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მზადაა გაზსადენს სანქციები დაუწესოს. შესაბამისი ინიციატივა წარადგინა „მწვანეთა პარტიის“ დეპუტატმა ომიდ ნურიპურმა.

5 იანვარს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს. შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ გაზსადენი არის პოლიტიკური იარაღი ევროპის წინააღმდეგ და მისი ამოქმედება ნაკლებად სავარაუდოა უკრაინის საზღვარზე კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში.

თავის მხრივ,  ბერბოკმა გაიხსენა, რომ აშშ და გერმანია შეთანხმდნენ ეფექტური ზომების მიღებაზე იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი გაზის მიწოდებას პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ირგვლივ შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია დიალოგი „ნორმანდიულ ფორმატში“.

4 იანვარს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ერთ-ერთი აქციონერის, გერმანული Uniper-ის გენერალურმა დირექტორმა კლაუს-დიტერ მაუბახმა განაცხადა, რომ გაზსადენის სერტიფიცირება შესაძლოა 2022 წლის მეორე ნახევრამდე დასრულდეს.

„ვიმედოვნებთ, რომ პროექტის ამუშავება ევროპის ბაზარზე შექმნილი გაზის დეფიციტის დაძლევას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა მან.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title