კახა კალაძე: 2008 წელს, საომარ პირობებში, ბუნებრივი გაზის მოცულობებს რუსეთიდან ვიღებდით

კახა კალაძე: 2008 წელს, საომარ პირობებში, ბუნებრივი გაზის მოცულობებს რუსეთიდან ვიღებდით

წინა ხელისუფლების განცხადება, რომ 2006 წელს სრულიად მოხდა რუსული გაზის ჩანაცვლება არის დიდი სიცრუე, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ბუნებრივ აირს რუსეთიდან 2008 წლის საომარ პირობებშიც იღებდა

როგორც კალაძემ აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოში, როდესაც ვიმყოფებოდით საომარ პირობებში, საქართველო ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობებს რუსეთიდან იღებდა.

მისივე თქმით, საქართველო ბუნებრივ აირს რუსეთიდან იღებს 80-იანი წლებიდან, თუმცა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა წარმოადგინა ციფრები, სადაც საუბარი იყო ბუნებრივი გაზის იმ მოცულობაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა რუსეთიდან 2003 წლიდან იღებს.

“საინტერესოა ერთი ფაქტი, 2006 წელი, ჩვენ კარგად გვახსოვს მოხდა აფეთქება მაღალ ელექტროგადამცემ ხაზზე, “კავკასიონზე”, საიდანაც ელექტროენერგიას რუსეთიდან ვიღებდით და ორ ცენტრალურ მაგისტრალურ გაზსადენზე. მაშინ წინა ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ ჩვენ მოვახერხეთ და ბუნებრივი აირი შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან და ირანიდან და სრულიად მოხდა რუსეთის ჩანაცვლება. ეს იყო დიდი სიცრუე და ამაზე მეტყველებს ციფრები”, – განაცხადა კალაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2006 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოტანილია 19 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის გაზი, ხოლო ირანიდან დაახლოებით 5 მილიონი კუბური მეტრი გაზი.
“ირანიდან შემოსული გაზი არის დაახლოებით 2 საათის სამყოფი მოხმარება ჩვენი ქვეყნისთვის. 19 მილიონი კი შეიძლება ითქვას, რომ ნახევარი დღის მოხმარებაა”, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ 2006 წელსაც კი დამატებითი მოცულობების მიღება ხდებოდა რუსეთიდან, ანუ 2006 წელსაც საქართველო 99%-ით იყო რუსულ გაზზე დამოკიდებული. კახა კალაძის თქმით, ეს თანამშრომლობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

“2008 წლის აგვისტოში, როდესაც საომარ პირობებში ვიმყოფებოდით, მაშინაც ჩვენ ვიღებდით ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს რუსეთიდან”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Leave a Reply

Menu Title