რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ბირჟებზე ნიკელის ფასმა 10-წლიან მაქსიმუმს – 1 ტონაზე $22 745-ს მიაღწია.
ამ ლითონის ფასს ელექტრომობილებზე მოთხოვნის მატების მოლოდინი ზრდის, რადგან ამ მანქანების მთავარ დეტალში – ბატარეაში – ნიკელი დიდი რაოდენობით გამოიყენება. დღევანდელი ფასი რეკორდულია 2011 წლის შემდეგ.
ბოლო დღეებში ნიკელი მცირედით გაიაფდა, თუმცა, მაინც საკმაოდ მაღალი დარჩა – $22 245. ბოლო პერიოდში ფერადი ლითონების მარაგი მსოფლიოში მკვეთრად შემცირდა, განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის ფონზე, ამიტომაც ნიკელთან ერთად ალუმინი და სპილენძიც ძვირდება.
ბოლო თვის მანძილზე ყველაზე მეტად – 14%-ით – სწორედ ალუმინი გაძვირდა. 2021 წლის ბოლოს ნიკელის ბაზარი მკვეთრად შეიცვალა – თუ 2020 წელს პროფიციტი 82 000 ტონას შეადგენდა, 2022 წელი 149 000-ტონიანი დეფიციტით დაიწყო, რაც მოთხოვნის ზრდასთან ერთად მიწოდების შემცირებამ გამოიწვია.
ექსპერტების გათვლით, 2022 წლის ბოლოსთვის დეფიციტი მცირე – 59 000-ტონიანი პროფიციტით შეიცვლება, მაგრამ ეს ძირითადად დაბალხარისხიანი ლითონის ხარჯზე მოხდება.
სავარაუდოდ, წელს ნიკელის მსოფლიო წარმოება 20%-ით, 3,2 მლნ ტონამდე გაიზრდება. 2030 წლის პროგნოზით, ბაზარზე იქნება ნიკელის მუდმივი დეფიციტი, რასაც ელექტრომობილების გაყიდვების ყოველწლიური ზრდა შეუწყობს ხელს.
სავარაუდოდ, ნიკელის მოხმარება ელექტრომობილების წარმოებასთან ერთად 7%-ით გაიზრდება, მაშინ, როდესაც წარმოების ზრდის პოტენციალი 6%-ით შემოიფარგლება.
ლითონზე მოთხოვნას მკვეთრად ზრდის ასევე მზის და ქარის ელექტროსადგურების ფართო გავრცელება – დღეს ალტერნატიული ენერგეტიკა წელიწადში 35 000 ტონა ნიკელს მოიხმარს, ხოლო 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი 1 მლნ ტონამდე გაიზრდება.
მოკლევადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია ნიკელის ფასის შემდგომი ზრდა. ელექტრომობილების წარმოების და ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარების გარდა დეფიციტს ჩინეთში ნიკელის წარმოების შემცირებაც უწყობს ხელს – ცნობილია, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში ჩინეთში ფერადი ლითონის მწარმოებელი ქარხნების ნაწილი შეკეთებაზე და ამავე დროს პეკინის ოლიმპიადისთვის მზადების პროცესის ფარგლებში დროებით გაჩერდება.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ათწლეულის დასასრულისთვის, ნიკელის გლობალური მოხმარების 35-40% სწორედ ელექტრომობილების წარმოებაზე მოვა. მოხმარების დონე პირდაპირ იქნება დამოკიდებული ელექტრომობილების წარმოებაზე, პირველ რიგში ეს ბატარეების ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარეობს.
ასევე ბევრი იქნება დამოკიდებული ნიკელიდან სპეციალური სულფატების მიღების ტექნოლოგიის განვითარებაზე – ელექტრომობილების ბატარეებში სწორედ ეს სულფატი გამოიყენება.
ამ დროისთვის ბატარეების წარმოებას მსოფლიოში წარმოებული ნიკელის 10% ხმარდება. ნიკელის ძირითადი მომხმარებელია უჟანგავი ლითონების სექტორი, რომელზეც მოდის მსოფლიო მოხმარების 70%.
წყარო: “კომერსანტი”