ელექტრომობილების გარემოზე ზემოქმედება: დადები თი და უარყოფით მხარეები

თამამად შეგვიძლია, 21-ე საუკუნეს ელექტრომობილების ერა ვუწოდოთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ელექტრომობილებმა ფაქტობრივად დაიპყრეს მსოფლიო საავტომობილო ბაზარი. ექსპერტების ვარაუდით, უახლოეს მომავალში ისინი სრულად ჩაანაცვლებენ ტრადიციულ, შიდაწვისძრავიან ავტომობილებს.

ელექტრომობილების დიდი უპირატესობა მათი ენერგოეფექტიანობაა, რაც დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა მსოფლიოსთვის. ელექტრომობილი სამჯერ უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე შიდაწვისძრავიანი მანქანა.

ელექტრომობილი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აქვს არავითარი გამონაბოლქვი. ასევე, მცირე რაოდენობით საჭიროებს ისეთ დამაბინძურებელ სითხეებს, როგორებიცაა ძრავის ზეთი და ძრავის გამაგრილებელი სითხე.

არსებობს მოსაზრება, რომ ელექტრომობილი დღესდღეობით არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ელექტრომობილის დადებითი მხარეები:

  • აქვს მცირე მიმდინარე ხარჯები
  • ამცირებს ნახშირბადის კვალს გარემოზე
  • იშვიათად საჭიროებს ტექნიკურ ჩარევას
  • არის ენერგოეფექტური.

ელექტრომობილის უარყოფითი მხარეები:

  • გრძელ გზაზე მგზავრობისას საჭიროებს რამდენჯერმე დამუხტვას
  • დამუხტვისთვის სჭირდება დიდი დრო
  • მისი შეძენა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული
  • დღესდღეობით არსებობს ბატარეის გადამუშავების პრობლემა
  • აქვს ბატარეის გამოცვლის ხარჯი.

ირკვევა, რომ მხოლოდ ელექტრომობილი გარემოზე ზემოქმედების პრობლემას ვერ გადაჭრის. ეკოლოგები ხშირად აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, ელექტროენერგია, რომლითაც ელექტრომობილი იმუხტება, ენერგიის სუფთა წყაროებიდან იყოს მიღებული. თუ ელექტროენერგიას გაზისა და ნახშირის თბოელექტროსადგურებიდან მივიღებთ, აღნიშნული პროცესი ეკოლოგიურ სარგებელს ვერ მოიტანს.

ჯერჯერობით, უპირატესობებთან ერთად, ელექტრომობილს გარკვეული ტექნიკური პრობლემებიც აქვს, მაგალითად, მისი მოძრაობის მანძილი. ელექტრომობილს უფრო ხშირად სჭირდება დამუხტვა, ვიდრე შიდაწვისძრავიან ავტომობილს საწვავის ჩასხმა.

ასევე არსებობს სხვა პრობლემებიც, რომლებიც ელექტრომობილების მოხმარების ზრდამ გააჩინა.

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა განაცხადა, რომ ელექტრომობილების წარმოებაში მომუშავე ადამიანების უფლებები ყოველდღიურად ირღვეოდა. საქმე იმაშია, რომ ელექტრომობილების წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო მეტალი ლითიუმია, რის გამოც მასზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ლითიუმს ძირითადად სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებში მოიპოვებენ.

„საჭირო ლითონის მომპოვებელ მაღაროებში ასობით არასრულწლოვანი მუშაობს, რომელთა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. ამგვარად, კომპანიები მომხმარებელს ურთიერთგამომრიცხავი არჩევანის წინაშე აყენებენ: ადამიანები ან პლანეტა. რაც კატეგორიულად დაუშვებელია.“  – აცხადებდა Amnesty International.

მსოფლიოში ელექტრომობილების ინდუსტრიის ზრდამ გააჩინა ახალი კითხვა – არის თუ არა რეალურად ელექტრომობილი ისეთი უსაფრთხო გარემოსთვის, როგორც ის ერთი შეხედვით ჩანს?

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები არ აბინძურებენ გარემოს, საინტერესოა, რა მოხდება მაშინ, როდესაც მათი ექსპლუატაციის ვადა ამოიწურება – განსაკუთრებით ყურადსაღებია, რა ბედი ეწევა მათ ბატარეებს.

„10-15 წლის შემდეგ, როდესაც დიდი რაოდენობით ელექტრომობილის ექსპლუატაციის ვადა გასული იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე გვქონდეს მათი გადამუშავების ინდუსტრია,“  – აცხადებს ბირმინგემის უნივერსიტეტის დოქტორი პოლ ანდერსონი.

ტრადიციული ტყვიის მჟავის ბატარეები ამჟამად ფართოდ გადამუშავდება, რასაც ვერ ვიტყვით ელექტრომანქანებში გამოყენებულ ლითიუმ-იონურ ვერსიებზე.

ელექტრომობილის ბატარეები უფრო დიდია, მძიმეა და შედგება რამდენიმე ასეული ინდივიდუალური ლითიუმ-იონური უჯრედისგან, რომელთაგან ყველა საჭიროებს დემონტაჟს. ბატარეა შეიცავს საშიშ მასალებს და, არასწორად დაშლის შემთხვევაში, შესაძლოა აფეთქებაც კი გამოიწვიოს.

სწორედ ამიტომ, ევროკავშირის მიერ ბოლო დროს გავრცელებული მოთხოვნების თანახმად, ელექტრომომარაგების მომწოდებლები პასუხისმგებლები იქნებიან პროდუქციის გადამუშავებაზე.

როგორც ირკვევა, პრობლემის გაჩენის შემდეგ მწარმოებლებმა უკვე დაიწყეს მოგვარების გზების ძებნა.

მაგალითად, Volkswagen-მა უკვე გახსნა პირველი გადამამუშავებელი ქარხანა და  წელიწადში 3 600-მდე ბატარეის სისტემის გადამუშავებას გეგმავს საპილოტე ფაზაში.

„გადამუშავების პროცესის შედეგად მრავალი მასალა აღდგება. პირველ ეტაპზე ჩვენ ფოკუსირებული ვართ კათოდურ ლითონებზე, როგორიცაა კობალტი, ნიკელი, ლითიუმი და მანგანუმი,“ – ამბობს Volkswagen Group Components-ის გადამუშავების დაგეგმვის ხელმძღვანელი.

წყარო: businessfeed.ge

Leave a Reply

Menu Title