რომან გოცირიძე - ნაცვლად იმისა, რომ ენერგეტიკის მინისტრი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავდეს, გამოდის "გაზპრომის" ადვოკატად

გოცირიძე: კალმახის გადარჩენაზე ცრემლებს რომ ღვრიან და იმას ვერ ხვდებიან, თუ რა კავშირშია ელექტროენერგია იმასთან, ქვეყანა რომ იცლება და ადამიანები რომ შიმშილობენ

“ენკას” ოფისების დახურვასთან დაკავშირებით, რომან გოცირიძე პოსტს აქვეყნებს საკუთარ facebook გვერდზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

““ენკამ” დახურა ყველა ოფისი და წავიდა. ალბათ საერთაშორისო არბიტრაჟში დავის მომსწრენი გავხდებით.

“ენკამ” მილიონობით ფული დაურიგა ადგილობრივ მოსახლეობას მიწების გამოსყიდვის პროცესში. მათ უნდა დააბრუნონ ეს ფული ( თუ მხოლოდ ეს გვაკმარა სასამართლომ, მაგრამ, ასე ნამდვილად არ იქნება) და არა საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ისედაც უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება.  “ნამახვანის” გამოსვლებმა ბევრი გააბრიყვა. რას ვიზამთ, ბევრჯერ გვინახავს ხალხი მოტყუებული და გაბრიყვებული. ყველაზე მეტად მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც, წესით არ უნდა ბრიყვდებოდნენ. როგორ გამოვარდნენ სოლიდარობის აქციაზე ვარლამებისა და სხვადასხვა ჯურის მარშისტების მხარდასაჭერად, როგორ ამბობდნენ, ძლივს არ ვიხილეთ ნამდვილი, გულწრფელი, ხალხის წიაღიდან წამოსული პროტესტიო. როგორ ეტრფოდნენ “უბრალო ადამიანებს”, როგორი “სენსიტიური” პოსტები უძღვნეს. “ჩემს დედიკოს ბალახის სუნი ასდის, შენს დედიკოს სუნამოსი”. ყვებოდა ერთი ადიოდე წლის წინათ ტელევიზორში ვიღაც პოეტი თუ თვითმარქვია პოეტი ძალიან მგრძნობიარე ლექსს, რომელიც სოფლის იდილიას, მიწაზე შრომის იდილიას, დედის იდილიას აღწერდა და სუნამოიან “ბურჟუებს” ლანძღავდა. “იდილიურ” თემებზე წამოეგებიან ხოლმე ჩვენი “პრადვინუტები”, კალმახის გადარჩენაზე ცრემლებს რომ ღვრიან და იმას ვერ ხვდებიან, თუ რა კავშირშია ელექტროენერგია იმასთან, ქვეყანა რომ იცლება და ადამიანები რომ შიმშილობენ, ვერ გაუცნობიერებიათ, ეკონომიკაზე რომ გადის ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ბედი.  როგორც საშუალო კლასი არ ჩამოყალიბებულა, ის არ ჩამოყალიბებულა ის “საშუალო კლასი”( პოლიტიკური თუ ინტელექტუალური ელიტის სახით), რომელიც სტაბილურობას შესძენდა ჩვენს ცხოვრებას და რომელიც უკან კი არ აედევნებოდა ვარლამებს, არამედ წინ გაუძღვებოდა მათ სწორი მიმართულებით. ამითაც განვსხვავდებით ევროპისაგან. მივალთ ალბათ ჩვენც მაქამდე, ოღონდ გააჩნია რა დროში.”

Leave a Reply

Menu Title