რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, გერმანიამ შესაძლოა, ჩრდილოეთ ნაკადი 2 შეაჩეროს

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ინტერვენციის შემთხვევაში, გერმანიამ შესაძლოა, რომ ერთ-ერთი უდიდესი მილსადენის, ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტი შეაჩეროს, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიანიშნა, რომ რუსულ აგრესიაზე ბერლინის პასუხი შესაძლოა, ჩრდილოეთ ნაკადი 2 მილსადენის შეჩერებასაც მოიცავდეს.

ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ მილსადენის შესახებ კითხვაზე, შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინაზე თავდასხმა ძვირად დაუჯდება და გერმანიის მიერ ამისთვის ყველა ვარიანტი განხილული იქნება.

მანამდე შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია სანქციების დაწესებისთვის ღიაა.

პარალელურად, დასავლეთის მიერ რუსეთთან გასულ კვირაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას შეხვდება.

„შეერთებულ შტატებს არ სურს კონფლიქტი. ჩვენ გვინდა მშვიდობა. პრეზიდენტს პუტინს შეუძლია, გადადგას ნაბიჯები ამ კრიზისის დეესკალაციისთვის, რათა შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა განაგრძონ ურთიერთობა, რომელიც მტრობაზე დაფუძნებული არ არის“, – განაცხადა ბლინკენმა.

2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

წყარო: pia.ge

Leave a Reply

Menu Title