წამყვანი ბრენდები, პლასტმასის წარმოების შემცირებაზე, გლობალური შეთანხმების დადებას ითხოვენ

მსოფლიოს წამყვანი ბრენდები, მათ შორის Coca Cola და PepsiCo, პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანდებიან და გლობალური შეთანხმების დადებას ითხოვენ, რომელიც პლასტმასის წარმოების შემცირებას ითვალისწინებს. მსოფლიოს ოფიციალური პირები, ამ წლის ბოლოს, გაეროს გარემოსდაცვით ასამბლეაზე შეიკრიბებიან, სადაც ველური ბუნებისა და ოკეანეების დასაცავად, პლასტიკური ნარჩენების კრიზისის დაძლევის გზებს განიხილავენ.

ორშაბათს გაკეთებულ განცხადებას უკვე 70-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, რომელთა შორისაა სამომხმარებლო პროდუქციის კომპანიები, Nestlé, Unilever-ი, Walmart-ი და ფრანგული ბანკი BNP Paribas-ი. აღსანიშნავია, რომ გლობალური შეთანხმების მხარდამჭერი კომპანიების უმეტესობა საკუთარ პროდუქციაში აქტიურად იყენებს ერთჯერად პლასტმასებს.

Reuters-ის ანგარიშით, სრულად წარმოებული პლასტმასის 10%-ზე ნაკლებია გადამუშავებული, პლასტმასის წარმოება კი, რომელიც უმეტესად ნავთობსა და გაზს მოითხოვს, მომავალი 20 წლის განმავლობაში გაორმაგდება, რაც ენერგეტიკული კომპანიებისთვის შემოსავლის ძირითად წყაროდ იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური გადამუშავების ზრდა პლასტმასის ნარჩენებისგან თავის დასაღწევად უმნიშვნელოვანესია, ეს მცდელობები, წარმოებაზე შეზღუდვის გარეშე, პლასტმასით დაბინძურების ზრდას ვერ შეაჩერებს.

ჯერჯერობით უცნობია, ბრენდებს შორის დადებული შეთანხმება მხოლოდ ნარჩენების მართვითა და გადამუშავებით შემოიფარგლება, თუ უფრო მკაცრი ზომებიც, მათ შორის პლასტმასის ახალი წარმოების შეზღუდვაც იქნება გათვალისწინებული. თუმცა, დიდი ალბათობით, წარმოების შეზღუდვას მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები, ნავთობისა და ქიმიური ფირმების, ასევე პლასტმასის მწარმოებელი ძირითადი ქვეყნების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, შეხვდება.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title