როგორ ითვისებს საქართველო არსებულ ენერგოპოტენციალს

2021 წელს საქართველომ $47.6 მილიონის ელექტროენერგია იყიდა – მთავარი მომწოდებელი რუსეთია

საქართველოში ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას ადგილობრივი გენერაცია კვლავ ჩამორჩება, რაც ელექტროენერგიის იმპორტს ზრდის – 2021 წელს ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 25%-ით გაიზარდა, მთავარი მომწოდებელი კი რუსეთი გახდა.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, გასული წლის იანვარ-დეკემბერში საქართველომ 2 მლრდ 006 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, რაც ქვეყანას $47.6 მილიონი დაუჯდა. საქსტატის მონაცემებით, აქედან $11.9 მილიონი რუსულ ელექტროენერგიაზე დაიხარჯა. მთლიანი იმპორტის დაახლოებით 62%, ანუ 1 მლრდ 244 მლნ კვტ.სთ რუსეთზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან გაზრდილი იმპორტი მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის გაზრდილ მოხმარებას უკავშირდება. გასულ წელს აფხაზეთში რუსეთიდან მიწოდებული ელექტროენერგიის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი მათ შორის რეაბილიტაციის გამო “ენგურჰესისი” 3-თვიანი გაჩერება იყო. რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიიდან 993 მლნ კვტ.სთ სწორედ ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა. აფხაზეთის ჭარბი მოხმარება პრობლემაა „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილების თვალსაზრისით. ამასთან, სპეციალისტების ნაწილი აფხაზეთში, სადაც მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის, გაზრდილ მოხმარებას კრიპტო მაინინგს უკავშირებს. არალეგალური მაინინგის გამო ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების პრობლემა მწვავედ დგას სვანეთშიც.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სადაც საქართველო ელექტროენერგიას ყიდულობს, იანვარ-დეკემბერში აზერბაიჯანიდან 600 მლნ კვტ.სთ ($28.9 მილიონის), ხოლო თურქეთიდან – 161.2 მლნ კვტ.სთ ($6.8 მილიონის) ელექტროენერგიაა იმპორტირებული.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ იანვარ-დეკემბერში 13 მლრდ 753 მლნ კვტ.სთ-ს გადააჭარბა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-იანი ზრდაა.

რაც შეეხება ადგილობრივ გენერაციას, ელექტროენერგიის გამომუშავებამ 12 მლრდ 645 მლნ.კვტ.სთ შეადგინა. აქედან უდიდესი წილი (10 მლრდ. 182 მლნ.კვტ.სთ) ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. თბოსადგურების მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 2 მილიარდ 379 მლნ.კვტ.სთ შეადგინა.

სპეციალისტები არსებული ტენდენციის გაგრძელების, ანუ ადგილობრივი გენერაციის განვითარების გარეშე, სამომავლოდ ელექტროენერგიის იმპორტის კიდევ უფრო გაზრდის რისკზე საუბრობენ. ამ ეტაპზე არაერთი პროექტი, მათ შორის „ნამახვანჰესი“, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებდა, გაჩერებულია და არაა გამორიცხული, საქართველოს მთავრობას ინვესტორთან საარბიტრაჟო დავა მოუწიოს, რაც არა მხოლოდ აღნიშნული პროექტის განხორციელებას და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობასაც აზიანებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიის (ქარის, მზის, ჰირდროელექტრო სადგურები) წყაროების ათვისების მიმართულებით გარკვეული ვალდებულებები აქვს ნაკისრი. განახლებადი ენერგიის სამოქმედო გეგმის თანახმად, განახლებადი ენერგიის წილი საქართველოს ელექტროენერგიის წარმოებაში 2030 წლისთვის 88%-მდე, ხოლო მთლიან საბოლოო მოხმარებაში 35%-მდე უნდა გაიზარდოს.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply

Menu Title