იაპონია ფუკუშიმას ბირთვული ელექტროსადგურის დაბინძურებულ წყალს ზღვაში ჩაუშვებს

იაპონიის მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომელიც ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან ზღვაში დაბინძურებული წყლის გაშვებას გულისხმობს, ადგილობრივი ინდუსტრიისთვის კომპენსაციების სტანდარტებისა და უსაფრთხოების ანგარიშის გათვალისწინებით.

იაპონიამ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ 2023 წლის გაზაფხულიდან დაახლოებით 1 მილიონ ტონაზე მეტ დაბინძურებულ წყალს ეტაპობრივად ზღვაში ჩაუშვებს. იაპონიის გადაწყვეტილებამ როგორც ადგილობრივი მეთევზეების, ისე  მეზობელი ჩინეთისა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგობა გამოიწვია. ამის მიუხედავად, დეკემბრის დასაწყისში, ქარხნის ოპერატორმა Tokyo Electric Power-მა ბირთვული ელექტროსადგურის დაბინძურებული წყლისგან გათავისუფლების დეტალური გეგმა წარმოადგინა, რომელიც წყლის გასათავისუფლებლად წყალქვეშა გვირაბის აშენებასაც გულისხმობს. სამთავრობო სქემის მიხედვით, იაპონია ზარალის კომპენსაციისთვის შესაბამის სტანდარტებსაც დააწესებს ისეთი ადგილობრივი ინდუსტრიებისთვის, როგორიცაა მეთევზეობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და გააძლიერებს მონიტორინგს, გამჭვირვალობის ზრდისთვისა და რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით.

იაპონია ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) მომავალი წლისთვის, ადგილობრივი ანალიტიკური ლაბორატორიების კომპენსაციისა და მარეგულირებლის წესდების საფუძველზე, გაწმენდილი წყლის უსაფრთხოების შესახებ შუალედურ შეფასებას წარადგენს. შეგახსენებთ, რომ ცუნამისა და მიწისძვრის შემდგომ, ფუკუშიმას ბირთვული კატასტროფის შედეგად, ატომური ელექტროსადგურის ადგილას თითქმის 1,3 მილიონი ტონა დაბინძურებული წყალი დაგროვდა.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title