ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის ამოქმედება შესაძლოა რუსეთის უკრაინაში გადადგმულმა ნაბიჯებმა გადაწყვიტოს

განცხადებები იმის შესახებ, რომ დასავლეთი რუსეთს მაღალ ფასს გადაახდევინებს უკრაინაში ხელმეორე შეჭრის შემთხვევაში, ბოლო პერიოდში ამერიკის ადმინისტრაციის და კონგრესის მხრიდან ხშირად ისმის. მსგავსი განცხადებები კეთდება ნატოს მოკავშირეებისგანაც.

ერთ-ერთი თემა, რომელზეც ნატოს ორი გავლენიან მოკავშრე – შეერთებული შტატები და გერმანია – ერთმანეთს საჯაროდ ეწინააღმდეგებიან, რუსული “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ია. მილსადენთან დაკავშირებით, ამერიკის სენატშიც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი მილსადენზე მკაცრი სანქციების დადებას ითხოვს, რაც გერმანულ კომპანიებსაც შეეხება. ადმინისტრაცია კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ევროპელ მოკავშირეზე სანქციების დაწესების წინააღმდეგია.

მილსადენს დემოკრატი კანონმდებლებიც ეწინააღმდეგებიან, თუმცა სენატორი კრუზისგან განსხვავებული ფორმით. „მე ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკად 2-ს” და ვმუშაობდი მის შესაჩერებლად, რადგან ის საფრთხეს უქმნის ევროპის ენერგო უსაფრთხოებას. თუმცა, გერმანიასთან სიტუაციის დინამიკა შეიცვალა, ნაწილობრივ, ახალი კოალიციური მთავრობის გამო“, უთხრა სენატორმა შაჰინმა „ამერიკის ხმას“ და დასძინა, რომ „ბაიდენის ადმინისტრაცია იყენებს მიდგომას „დიპლომატია პირველ რიგში“, რაც ჩემი აზრით, სწორი გზა არის და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს მიდგომა, როცა ვხედავთ, რომ პროგრესი სახეზეა“.

18 იანვარს გერმანიის ახალმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთს მკაფიო გაფრთხილება მისცა და თქვა, რომ გამორიცხული არ არის, რომ გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამუშავება შეაჩეროს. „ცხადია, რომ იქნება მაღალი ფასი და ეს ყველაფერი განხილული იქნება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია განხორციელდა“, თქვა შოლცმა პრესკონფერენციაზე, როდესაც მას მილსადენზე შეკითხვა დაუსვეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი იმავე დღეს მოსკოვში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ „მილსადენი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც გერმანიისთვის და მთელი ევროპისთვის ენერგო-მარაგის მიწოდებას უზრუნველყოფს“.

მეორეს მხრივ, ამ საკითხს ხშირად თან სდევს რუსული მილსადენის, “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის თემა, რომელსაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სანქციები მოუხსნა და მშენებლობის დარჩენილი 5 პროცენტის დასრულების საშუალება მისცა. მილსადენს გერმანიაში წლიურად 55-დან 110 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის ჩატანის შესაძლებლობა აქვს. ის ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის და რუსეთს გერმანიასთან უკრაინის გვერდის ავლით აკავშირებს. მილსადენის მშენებლობა დამთავრდა, მაგრამ მასში რუსული გაზი ჯერ არ მოძრაობს, რადგან გერმანიის ახალმა მთავრობამ პროექტის სერტიფიცირება დროებით შეაჩერა.

ამ ფონზე, 23 იანვარს გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი ვიცე-ადმირალი კაი-ახიმ შონბახი თანამდებობიდან გადადგა, მას შემდეგ, რაც უკრაინისა და რუსეთის შესახებ სკანდალური განცხადებები გააკეთა. ადმირალმა თქვა, რომ უკრაინამ ყირიმი სამუდამოდ დაკარგა და მსოფლიო ამას უნდა შეეგუოს. მისივე თქმით, „სინამდვილეში პუტინს უბრალოდ ჩვენგან პატივისცემის მიღება სურს. ო, ღმერთო, ჩვენ ხომ არაფრად გვიღირს ცოტა პატივისცემის გამოჩენა. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, უკეთესია, რომ მისთვის მიგვეგო ის პატივისცემა, რასაც იმსახურებს… რუსეთი – ძველი და მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ჩვენც კი – ინდოეთსა და გერმანიას, რუსეთი გვჭირდება“.

ადმირალის განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მას “მიუღებელი” უწოდა.

ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და დიალოგის ცენტრში ახლა უკრაინაა, სადაც რუსეთის მომდევნო ნაბიჯებს მრავალმხრივი გავლენა ექნება დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებულ როგორც ენერგო, ასევე პოლიტიკურ და სამხედრო ასპექტებზე.

წყარო: “ამერიკის ხმა”

Leave a Reply

Menu Title