ქვეყნები, რომლებმაც კრიპტოვალუტა აკრძალეს

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინს ხშირად აკრიტიკებენ მისი არასტაბილურობის, საეჭვო ტრანზაქციებში მონაწილეობისა და მოპოვებისთვის საჭირო ჭარბი ელექტროენერგიის გამო, ის მაინც უსაფრთხო საცავად ითვლება.

თუმცა, ბიტკოინის მიმართ გაზრდილი წინააღმდეგობის გამო, მისი და სხვა კრიპტოვალუტების გამოყენებასა და მოპოვებაზე ზოგმა ქვეყანამ შეზღუდვები დააწესა.

ქვეყნების სია, რომლებიც კრძალავენ კრიპტოვალტების მაინინგს და გამოყენებას ასე გამოიყურება:

ალჟირი

ალჟირი კრიპტოვალუტის გამოყენებას 2018 წელს ფინანსური კანონის მიღების შემდეგ კრძალავს. ქვეყანაში უკანონოა ვირტუალური ვალუტებით გადახდა ყიდვა, გაყიდვა ან მათი შენახვა.

ბოლივია

ბოლივიაში 2014 წლიდან მოქმედებს ბიტკოინის გამოყენების სრული აკრძალვა. ბოლივიის ცენტრალურმა ბანკმა გამოსცა დადგენილება, რომელიც კრძალავს მას და ნებისმიერ სხვა ვალუტას, რომელიც არ არის რეგულირებული ქვეყნის ან ეკონომიკური ზონის მიერ.

ჩინეთი

ჩინეთი 2021 წლის განმავლობაში მზარდი ინტენსივობით ებრძოდა კრიპტოვალუტებს. 24 სექტემბერს, ჩინეთის სახალხო ბანკი უფრო შორს წავიდა და კრიპტოვალუტით ტრანზაქციები ქვეყანაში სრულად აკრძალა.

კოლუმბია

კოლუმბიაში ფინანსურ ინსტიტუტებს არ აქვთ უფლება ხელი შეუწყონ ბიტკოინის ტრანზაქციებს. სახელმწიფო ფინანსურმა ორგანომ 2014 წელს ფინანსური ინსტიტუტები გააფრთხილა, რომ მათ არ უნდა დაიცვან, ჩადონ ინვესტიცია, ივაჭრონ ან მართონ ვირტუალური ფულის ოპერაციები.

ინდონეზია

ქვეყნის ცენტრალური ბანკის რეგულაციების მიხედვით, კრიპტოვალუტების, მათ შორის ბიტკოინის გადახდის საშუალებად გამოყენება 2018 წლის 1 იანვრიდან იკრძალება.

ეგვიპტე

ეგვიპტეში ბიტკოინის ტრანზაქციები „ჰარამად“ კლასიფიცირდება, რაც ისლამური კანონით აკრძალულია. ეგვიპტის საბანკო კანონები 2020 წლის სექტემბერში გამკაცრდა, რათა თავიდან აეცილებინათ კრიპტოვალუტებით ვაჭრობა ან მათი პოპულარიზაცია ცენტრალური ბანკის ლიცენზიის გარეშე.

ირანი

მიუხედავად იმისა, რომ ირანის ცენტრალური ბანკი საზღვარგარეთ მოპოვებული კრიპტოვალუტებით ვაჭრობას კრძალავს, ქვეყანაში ბიტკოინის მაინინგი წახალისებულია.

თუმცა, რადგან არალიცენზირებული მაინინგი ელექტროენერგიის დეფიციტს იწვევს, ირანის ხელისუფლებამ ბიტკოინის მაინინგის 4 თვიანი აკრძალვა გამოაცხადა.

ინდოეთი

ინდოეთი სულ უფრო მტრული ხდება კრიპტოვალუტების მიმართ. 23 ნოემბერს მთავრობამ დააანონსა ახალი კანონპროექტი, რომელიც ცენტრალური ბანკის მიერ მხარდაჭერილი ციფრულ ვალუტის შექმნას და თითქმის ყველა კრიპტოვალუტის აკრძალვას გულისხმობს.

ერაყი

ერაყის ცენტრალურმა ბანკმა 2017 წელს გამოსცა განცხადება, რომელიც კრიპტოვალუტების გამოყენებას კრძალავს. აკრძალვა დღემდე ძალაშია.

კოსოვო

მიუხედავად იმისა, რომ კოსოვოში კრიპტოვალუტის აქტივების ფლობა ან ვაჭრობა ჯერ კიდევ არ არის აკრძალული, მთავრობამ მიმდინარე თვეში კრიპტო მაინინგი აკრძალა.

ნეპალი

ნეპალის ბანკმა ბიტკოინი უკანონოდ 2017 წლის აგვისტოში გამოაცხადა.

ჩრდილოეთ მაკედონია

ჩრდილოეთ მაკედონია ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელიც კრიპტოვალუტებს ოფიციალურად კრძალავს.

რუსეთი

რუსეთის ცენტრალური ბანკი ქვეყნის შიგნით ყველა ციფრული ვალუტის გამოყენებისა და მაინინგის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. რუსეთში კრიპტოვალუტით გადახდა უკვე აკრძალულია.

თურქეთი

2021 წლის 16 აპრილს, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოსცა რეგულაცია, რომელიც კრიპტოვალუტების, მათ შორის ბიტკოინის გადახდის საშუალებად გამოყენებას კრძალავს.

ასევე, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განკარგულების მიხედვით, კრიპტო ბირჟები იმ ფირმების სიაში ხვდებიან, რომლებიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ წესებს ექვემდებარებიან.

ვიეტნამი

ვიეტნამის სახელმწიფო ბანკმა გამოაცხადა, რომ ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების გამოშვება, მიწოდება და გამოყენება, როგორც გადახდის საშუალება, უკანონოა. თუმცა, მთავრობა არ კრძალავს ბიტკოინით ვაჭრობას ან მათ აქტივებად ფლობას.

წყარო: “ბიზნესფომულა”

Leave a Reply

Menu Title