საით წავა ნავთობის ფასი და რა გავლენას მოახდენს საქართველოზე?

მცირედი გაიაფების შემდეგ, ნავთობის ფასი ისევ მკვეთრად გაიზარდა და ბარელზე აპრილის ფიუჩერსულმა ღირებულებამ $95-ს გადააჭარბა. ბაზარი ჯერ ისევ გაურკვევლობაშია. აშშ-ირანის მოლაპარაკების შედეგები და უკრაინაში შექმნილი ვითარების შესაძლო ცვლილება ფასებზე გარანტირებულ გავლენას მოახდენს. ფასების ვარდნა საქართველოზეც დადებითად აისახება და ინფლაციის ტემპს შეამცირებს, მატების შემთხვევაში პროგნოზი ნეგატიურია.

ნავთობზე ფასები დრამატულად კოვიდამდე 2016 წელს შემცირდა, მიზეზი ირანთან წარმატებული მოლაპარაკებები აღმოჩნდა, რის შედეგადაც ირანს სანქციების ნაწილი მოეხსნა და ნავთობის დიდი ოდენობით ექსპორტის უფლება მიეცა, რასაც აშშ-ის მიერ საკუთარი ნედლი ნავთობის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნაც დაემატა. $20-ს ვერა, მაგრამ მაშინ ბარელი ნავთობის ფასი $30-ს ჩამოსცდა. დიდი ვარდნა დიდხანს არ შენარჩუნებულა და იმავე წელს $50-ს გადასცდა, მაგრამ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე $55-ს არ ასცილებია.

ტრამპი თეირანისადმი თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი და უკვე თეთრი სახლიდან მას ადრინდელზე უფრო მძიმე სანქციები დაუწესა. 45-ე პრეზიდენტი აცხადებდა, რომ იაფი ელექტროენერგიის წარმოებისთვის ირანს საკმარისზე მეტი ბუნებრივი გაზი გააჩნდა და ბირთვული ენერგია ამის მიუხედავად მართლაც მშვიდობიანი მიზნებისთვის რომ სდომოდა მაშინ უფრო დაბალი პროცენტით გაამდიდრებდა.

2017-2019 წლებში ნავთობის ფასი ძირითადად 60-70 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა ყოფილა შემთხვევა როდესაც $52-ზე ჩამოსულა, ან $84-ზე ასულა.

2020 წლის იანვარში ფასებმა კლება მაშინ დაიწყო, როდესაც კოვიდი ჯერ კიდევ ჩინეთის საზღვრებში რჩებოდა. #2 ეკონომიკის მქონე ქვეყანაში მოთხოვნის შემცირებამ შავი ოქროს ფასი 15%-ით $58-მდე დასწია, თებერვალში რუსეთისა და საუდის არაბეთის მოწოდების თაობაზე შეუთანხმებლობამ ბარელის ფასი $50-ს ქვემოთ ჩამოიყვანა, 8 მარტს ვირუსის პანდემიად გამოცხადებამდე 3 დღით ადრე იმავე მიზეზით ერთ დღეში ნავთობმა ღირებულების 30%-ზე მეტი დაკარგა და $35-ს ჩამოსცდა, ვარდნის რეკორდი კი აპრილში მოიხსნა და ფასი $18-მდე შემცირდა. Brent-ის მარკის ნავთობი XXI საუკუნეში ასე იაფი სხვა დროს არ ყოფილა. ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI-ს თავგადასავალი ბევრად უფრო დრამატული აღმოჩნდა, აპრილში ფასი 0-ს ჩასცდა და (-$37) დაფიქსირდა. უარყოფითი ფასი უპრეცედენტო შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ ვარდნის მოცულობა მაინც რეკორდული აღმოჩნდა.

მაისში OPEC+ ქვენებმა მაინც მოახერხეს შეთანხმების მიღწევას რაც მოპოვების 10%-ით შემცირებას ითვალისწინებდა. ეს კიდევ ერთი ახალი რეკორდი აღმოჩნდა, მაგრამ რადგან მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად იყო შემცირებული ფასები პანდემიამდელ მაჩვენებელს სწრაფად ვერ დაუბრუნდა. $50-იანი ნიშნული მხოლოდ დეკემბერში ვაქცინაციის დაწყების შემდეგ გადაილახა. მთელი 2021 წელი ნავთობი პლუსში იმყოფებოდა, 2022 წელს კი უკვე $90-საც გადასცდა რაც 2014 წლის შემდეგ აღარ მომხდარა.

2019 წელს ნავთობის დღე-ღამური მოხმარება 99.7 მლნ-ს ბარელს შეადგენდა. 2020 წელს 91 მლნ-ს, 2021 წელს წინასწარი მონაცემებით 96.5 მლნ-ს, 2022-ის პროგნოზი 99.4 მლნ ბარელია. ფასს მარტივად მოთხოვნა და მიწოდება განაპირობებს. თავად მოთხოვნასა და მიწოდებაზე კი მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას.

თუ 2021-ში შეზღუდვები მნიშვნელოვნად შემცირდა, 2022-ში მათგან თითქმის აღარაფერი დარჩა. გლობალური ეკონომიკა იზრდება. ამავე დროს მკვეთრად იზრდება ელექტრომობილებზე მოთხოვნაც. ელექტრომობილები ჯერჯერობით ამინდს ვერ ქმნიან, მაგრამ შეუმჩნევლებიც აღარ არიან. ზუსტი თარიღის დასახელება ძნელია, მაგრამ 2030 წლამდე დადგება გარდამტეხი მომენტი, როდესაც გლობალური ეკონომიკის ზრდის მიუხედავად ნავთობის მოხმარება შემცირდება. იქამდე ჯერ კიდევ 5-7 წელი გვაშორებს რა დროსაც მოთხოვნა ისევ მზარდი იქნება.

თეორიულად მიწოდების ზრდა, მოთხოვნაზე სწრაფადაა შესაძლებელი. ნავთობის მარაგი ამოწურვადია, მაგრამ რაც არის, ის მეტის მოპოვების საშუალებას იძლევა. ნავთობის კარტელს ეს არ სურს. ინდივიდუალურად ქვეყანას მეტის მოპოვება აწყობს, მაგრამ თუ ყველამ ასე იფიქრა მაშინ ფასი იმდენად დავარდება, რომ მოპოვების ხარჯებსაც ვეღარ აანაზღაურებს, ამიტომ OPEC+ ქვეყნები პერიოდულად მოპოვებას ხელოვნურად ამცირებენ და ამით ფასს ზრდიან, ინარჩუნებენ ან უკიდურეს შემთხვევაში ვარდნის ტემპს ამცირებენ.

ქვეყანას შეიძლება სანქციებიც დაადონ და სხვა ქვეყნებს მისგან ნავთობის შესყიდვაზე კვოტების დაუწესონ ან მოპოვება-გადაიარაღებისთვის საჭირო ტექნოლოგიების მიწოდება შეუჩერონ. ვენესუელა მსოფლიოში ნავთობის დამტკიცებული მარაგით #1 სახელმწიფოა, მოპოვებით კი მე-12. ირანი მარაგებით მე-4 და მოპოვებით მე-7. ვენესუელაში მადუროს რეჟიმი ნარჩუნდება და ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ირანისთვის სანქციების შერბილება კი მოპოვებას გაზრდის.

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, გეოპოლიტიკური ცვლილებების გარდა მოკლევადიან პერიოდში მაინც ნავთობის ფასის ზრდა მოჰყვება. აგვისტოს ომის მსგავსად მსოფლიომ ყირიმის ანექსიაც მარტივად გადაყლაპა აღმოსავლეთ უკრაინაში ომზე კი რაღაც ტიპის რეაქცია მაინც გამოავლინა. წინასწარი განწყობა დღეს უფრო მკაფიოა. რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, თუ მას სხვა ქვეყნების მხრიდან მოპოვების ზრდა დაემატა ფასები ისევ შემცირდება, როგორც ეს 2014 წლის მეორე ნახევრიდან მოხდა.

რუსეთი 100%-ით ნავთობზე დამოკიდებული არაა, მაგრამ მის ეკონომიკაში გაზი და ნავთობი ისევ დიდ როლს ასრულებს. გაზს პოლიტიკური მიზნებისთვისაც იყენებს. თუ მოსკოვმა ევროპას გაზის მიწოდება მართლაც შეუწყვიტა, ამით კონტინენტს მნიშვნელოვნად აზარალებს, მაგრამ თავადაც $40 მლრდ-ზე მეტს დაკარგავს, რაც მისივე თავდაცვის ბიუჯეტის 2/3-ს შეადგენს.

80-იან წლებში ნავთობზე ფასების ვარდნამ საბჭოთა კავშირის აღსასრული დააჩქარა, 1998 წელს აზიურ კრიზისს ნავთობის ფასებიც კლებაც დაემატა და რუსეთმა დეფოლტი გამოაცხადა. 1998 წელს რუსეთის ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა, 2009 წელს როდესაც 2008-ის პიკის შემდეგ ნავთობის ფასი 3-ჯერ შემცირდა, რუსეთში რეცესიის მაჩვენებელი 7.8%-ს გაუთანაბრდა, 2015 წელს ვარდნა 2% იყო, 2016 წელს კი თითქმის ნულოვანი 0.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბოლო პერიოდში რუსეთის ნავთობზე დამოკიდებულება შემცირდა რის გამოც 2020 წელს მისი ეკონომიკა მხოლოდ 3%-ით შემცირდა, ლიბიის 31%-ით, ერაყის 15.7%-ით, ქუვეითის 8.7%-ით. ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების მიუხედავად ფასების ვარდნა მის ეკონომიკაზე მაინც ნეგატიურად აისახება.

2004-2008 წლებში როდესაც ნავთობი ძვირდებოდა საქართველოს იმპორტი $186 მლნ-დან $762 მლნ-მდე გაეზარდა. ამ პერიოდში მოხმარებაც გაიზარდა, მაგრამ არა ამ ტემპით. 2009 წელს იმპორტი $555 მლნ-მდე შემცირდა, 2011-2014 წლებში $900 მლნ-ს აჭარბებდა, 2019 წელს $758 მლნ შეადგინა, 2020 წელს $499 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი $823 მლნ-მდე გაიზარდა. ფასის უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაშიც კი წელს იმპორტი $1 მლრდ-იან ზღვარს გადალახავს. ნავთობი ერთადერთი არაა. 2001-2021 წელსბში ენერგოდეფიციტმა $17 მლრდ-ს გადააჭარბა.

2014 წლის მეორე ნახევრამდე დოლარი ღირებულება 1.80 ლარზე ნაკლები იყო, ახლა 20 თვიანი პაუზის შემდეგ ჩამოსცდა 3.00-იან ნიშნულს. 10 წლის წინ 1 ტონა (1300 ლიტრი) ბენზინზე აქციზის საფასური 250 ლარს შეადგენს ანუ ლიტრზე 19 თეთრს, ახლ 500 ლარია რაც ლიტრზე 38 თეთრს ნიშნავს. საწვავის ფასის ზრდა კი ყველაფერს აძვირებს, რაც პირველ რიგში სოციალურად დაუცველთა მდგომარეობას ამძიმებს. გასულ წელს ეკონომიკის 10.6%-იანი ზრდის მიუხედავად სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 100 000-ზე მეტით გაიზარდა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც 13.9%-იანი ინფლაცია გახდა.

თუ 80-იან წლებში ნავთობზე ფასების ვარდნამ საბჭოთა კავშირის დაშლა დააჩქარა 10 წლის შემდეგ 1999 წელს მოსკოვს საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანაზე თანხმობის მიცემა მოუწია. ამის საპირისპიროდ, 2008 წელს, საქართველოში შემოჭრის წინა პერიოდში ბარელზე ფასმა $140-ს გადააჭარბა, რაც მსყიდველუნარიანობით დღევანდელ $180-ს უთანაბრდება. კურსის კორექტირებით 2014 წლის თებერვალში ფასი $120-ს აღემატებოდა. ეკონომიკური გაძლიერების პარალელურად რუსეთის იმპერიული ამბიციებიც ყოველთვის იზრდებოდა და ამ მიმართულებით დღემდე არაფერი შეცვლილა.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title