ოკეანეების პლასტიკური დაბინძურება საგანგაშო დონეზეა

ასობით აკადემიური კვლევის მიმოხილვის მიხედვით, ოკეანეების პლასტმასის მასალით დაბინძურება საგანგაშო დონეს აღწევს და გაიზრდება მაშინაც კი, თუ მნიშვნელოვანი ზომები იქნება მიღებული ასეთი ნარჩენების მსოფლიო ოკეანემდე მიღწევის შესაჩერებლად.

გერმანიის ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტის მიმოხილვამ, რომელიც გარემოსდაცვითი ჯგუფის, WWF-ის დაკვეთით ჩატარდა, შეისწავლა თითქმის 2600 კვლევითი ნაშრომი ამ თემაზე, რათა მიმოხილვა მიმდინარე თვის ბოლოს დაგეგმილ გაეროს შეხვედრას მიაწოდოს.

“ჩვენ მას ვპოულობთ ოკეანის ღრმა თხრილებში, ზღვის ზედაპირზე და არქტიკულ ზღვის ყინულში”,- განაცხადა ბიოლოგმა მელანი ბერგმანმა, კვლევის თანაავტორმა.

ზოგიერთი რეგიონი – როგორიცაა ხმელთაშუა ზღვა, აღმოსავლეთ ჩინეთი და ყვითელი ზღვები – უკვე შეიცავს პლასტმასის საშიშ დონეებს, ზოგი მომავალში დაბინძურების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება.

ავტორებმა დაასკვნეს, რომ ოკეანეში მობინადრე თითქმის ყველა სახეობა დაზარალდა პლასტიკური დაბინძურებით და ეს ზიანს აყენებს მნიშვნელოვან ეკოსისტემებს, როგორიცაა მარჯნის რიფები და მანგროები.

როდესაც პლასტმასი უფრო და უფრო პატარა ნაწილებად იშლება, ის შედის საზღვაო კვების ჯაჭვში და მას შთანთქავს ყველა – ვეშაპი, კუ და პაწაწინა პლანქტონებიც კი.

ბერგმანის თქმით, პლასტმასის წყლიდან ამოღება თითქმის შეუძლებელია, ამიტომ პოლიტიკის შემქმნელებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმაზე, რომ თავიდან აიცილონ ოკეანეების დამატებით დაბინძურება.

ზოგიერთი კვლევის თანახმად, საზღვაო მიკროპლასტმასის რაოდენობა ათწლეულების განმავლობაში გაიზრდება.

სტოკჰოლმის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერების პროფესორმა, მეთიუ მაკლეოდმა, რომელიც არ იყო ჩართული მოხსენებაში, განაცხადა, რომ ეს იყო არსებული კვლევების კარგი მიმოხილვა, რომელიც პლასტიკური დაბინძურების ეფექტებზეა ფოკუსირებული.

“ნაწილი, რაზეც შეიძლება და იქნება კამათი – არის თუ არა საკმარისი მტკიცებულება აგრესიული ქმედებების გასამართლებლად, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უშლის პლასტმასის წარმოების, გამოყენებისა და განადგურების არსებულ მეთოდებს”,- ამბობს მაკლეოდი.

თავად მაკლეოდი ცოტა ხნის წინ ჩაერთო კვლევაში, რომელმაც ასევე დაასკვნა, რომ სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო შესაძლო გლობალური ზემოქმედების შესამცირებლად.

WWF-ის წარმომადგენელ ჰეიკე ვესპერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ დაეხმარონ პლასტიკური დაბინძურების შემცირებას ქცევის შეცვლით, მთავრობებმა უნდა გააძლიერონ და გაიზიარონ პრობლემის მოგვარების ტვირთი.

“ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ჩარჩო. ეს გლობალური პრობლემაა და გლობალურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს”,- განაცხადა ვესპერმა.

წყარო: “ბუზნესფორმულა”

Leave a Reply

Menu Title