ნავთობის ფასი უკვე პიკზე მივიდა – მსოფლიოში სწრაფი რეაგირება იწყება

მსოფლიოში ნავთობის ფასი გამუდმებით მატულობს. გაძვირების ტენდენცია შეუქცევადია. მსოფლიოს ბირჟებზე არსებულმა სიტუაციამ საქართველოზე გავლენა უკვე მოახდინა – საწვავი არანორმალურად გაძვირდა და ეს მაქსიმუმი სულაც არ არის. არ არის გამორიცხული, 1 ლიტრი ბენზინის ღირებულებამ 4 ლარსაც კი მიაღწიოს. გამოსავალი, ჯერჯერობით, არც მსოფლიოში ჩანს და არც – საქართველოში.

რუსეთ-უკრაინის ომისა და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი მკვეთრად იზრდება. 2008 წლის შემდეგ, პირველად ისტორიაში, ნავთობის ღირებულებამ 120 დოლარს გადააჭარბა და გუშინდელი დღის მონაცემებით,  „ბრენტის” ტიპის საწვავის ღირებულებამ 130 დოლარი შეადგინა. ძვირდება ნავთობპროდუქტების ღირებულებაც: ბოლო პერიოდში 1 ტონა დიზელი 50%-ით, ბენზინი კი 30%-ით არის გაძვირებული.

რუსეთისათვის დაწესებული სანქციები მათ ნავთობზე უარის თქმასაც ითვალისწინებს. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი და ამერიკა ოკუპანტი ქვეყნის ნავთობზე უარს ამბობენ, ევროკავშირმა კი დააანონსა, რომ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვას წლის ბოლომდე 2/3-ით შეამცირებს. ამ დროს ოკუპანტი სახელმწიფო ქვეყნებს აფრთხილებს, რომ, გლობალური ემბარგოს ფონზე, შესაძლოა, ნავთობის ღირებულებამ 300 დოლარს გადააჭარბოს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყნები რუსეთის სანქცირებას არ წყვეტენ.

სხვა ქვეყნებთან ერთად, პრობლემებია საქართველოშიც. ქვეყანას იმპორტდამოკიდებულების გამო, საწვავი უძვირდება, თანაც ქართული ფული მკვეთრად უფასურდება, ამიტომ გამოსავალი გზების მოძებნაა საჭირო.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოში ვითარების დასტაბილურებისა და გაუმჯობესებისათვის უნდა გაჩნდეს რუსული ნავთობის ალტერნატივა.

„მსოფლიოში ვითარება ყოველდღიურად იცვლება. ამერიკამ რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი თქვა. ასევე განცხადება გააკეთა დიდმა ბრიტანეთმა, რომ წლის განმავლობაში უარს იტყვის რუსულ ნავთობზე. მგონი, იაპონიაც მსგავსი ნაბიჯის გადადგმას აპირებს. ამას შესაძლოა, ჯაჭვური ეფექტი ჰქონდეს და სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ. ასეთ დროს საჭიროა ალტერნატივის გამოძებნა, რამაც შესაძლოა, ვითარება დააბალანსოს, რადგან რუსეთი ერთ-ერთი დიდი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა. მაგალითად, შარშანდელი სტატისტიკის მიხედვით, რუსეთს ამერიკის ექსპორტზე ყოველდღიურად 670 ათასი ბარელი გაჰქონდა.

ვითარება რომ დასტაბილურდეს და უკეთესობისკენ შეტრიალდეს, უნდა გაჩნდეს რუსული პროდუქტის ალტერნატივა. ეს შეიძლება იყოს ირანული ნავთობი, მეორე შეიძლება იყოს ვენესუელა. ამ ქვეყნებს ამერიკისგან სანქციები აქვთ დაწესებული და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვენესუელას შესაძლებლობა აქვს, რომ წლის ბოლომდე ყოველდღიური წარმოება და მიწოდება გაზარდოს 1 მილიონ ბარელამდე. ირანის შემთხვევაში საუბარია მილიონ-ნახევარ ბარელზე. გარდა ამისა, საუდის არაბეთთან დაიწყება მოლაპარაკებები, რომ გაზარდოს წარმოება. საუდის არაბეთს „ოპეკი პლუსის” შეთანხმების ფარგლებში წარმოება მკვეთრად ჰქონდა შემცირებული.

ცალკეა სტრატეგიული მარაგის საკითხი. ენერგეტიკული საერთაშორისო სააგენტოს წევრ ქვეყნებს აქვთ 1,5 მლრდ ბარელის მარაგი. მათ პირველ ეტაპზე 60 მილიონი ბარელი უკვე გამოყვეს. ესეც შესაძლებელია, რომ განვიხილოთ ალტერნატივად. ამ ყველაფერის გარშემო მსოფლიო, ალბათ, დაიწყებს აქტიურ მოქმედებას, რადგან ყველამ თვალნათლივ დაინახა, რომ ისეთ ქვეყანაზე დამოკიდებულებას, როგორიც რუსეთია, სავალალო შედეგამდე მიჰყავს მთელი მსოფლიო”, – განუცხადა „რეზონანსს” მთვრალაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოში საწვავის სიძვირის საკითხის გადასაჭრელად მთავრობასთან, ჯერჯერობით, რაიმე შეხვედრა არ იგეგმება.

მოლოდინი იმაზე მძიმეა, ვიდრე ახლანდელი სიტუაციაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ გამოსავალი არ მოიძებნა, საწვავის ფასი მალე 4 ლარს მიუახლოვდება. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი იმ გზებზე საუბრობს, რომელიც მსოფლიოში სიტუაციას დაასტაბილურებს.

„მსოფლიოში ეს პროცესები უკვე დაწყებულია. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ვენესუელასა და ირანთან. უნდა მოიხსნას ის სანქციები, რომლებიც ამ ქვეყნების ნავთობზეა დაწესებული, რათა მოახერხონ გლობალურ ბაზრებზე საკუთარი ნავთობის მიწოდება. ამაზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

ამას ემატება ისიც, რომ დაახლოებით 60 მილიონი ბარელის გახარჯვას აპირებენ სტრატეგიული რეზერვებიდან და მარაგებიდან, რაც ასევე მოხვდება საერთაშორისო ბაზარზე, თუმცა ეს არის საშუალოვადიან პესპექტივაზე გათვლილი ინსტრუმენტები”, – განაცხადა „რეზონანსთან” ბაირახტარმა და დასძინა, რომ საქართველოს შემთხვევაშიც არსებობს კონკრეტული ნაბიჯები, რომლის გადადგმის შემდეგაც შესაძლებელია საწვავის ფასის გარკვეული ნორმალიზება.

„ჩვენ, სამწუხაროდ, ცოტა შეზღუდული ვართ და მოკლებულნი ვართ იმ შესაძლებლობას, რომ რაიმე ზეგავლენა მოვახდინოთ საწვავის ფასზე, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს რაღაც ნაბიჯები, რომელთა გადადგმის შემთხვევაში შესაძლებელია გარკვეული შეღავათის მიღება. პირველ რიგში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ გაცვლითი კურსის ფაქტორზე. ლარი დღეს იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს. მეტ-ნაკლებად კურსი უნდა მოექცეს გონივრულ ჩარჩოებში. პირველ რიგში, ეს პრობლემა არის მოსაგვარებელი და ამის ბერკეტები როგორც მონეტარულ, ისე ფისკალურ ხელისუფლებას გააჩნია.

ჩვენ გვრჩება კიდევ ერთი ბერკეტი, რომელიც გადასახადების მიმართულებით მოქმედებს. მაგალითად, შესაძლებელია, აქციზის განაკვეთი გადაიხედოს, თუმცა ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ თუ მსგავსი მექანიზმი ამოქმედდება, მას ეფექტი ექნება მხოლოდ სტაბილური გაცვლითი კურსის პირობებში. სხვა შემთხვევაში, აქციზის განაკვეთის შემცირებით მიღებულ ბენეფიტს ჩაყლაპავს კურსის გაუფასურება. სწორედ ამიტომ ამ ორივე ფაქტორმა ერთმანთი უნდა გადააზღვიოს”, – დასძინა „რეზონანსთან” ბაირახტარმა.

წყარო: “რეზონანსი”

Leave a Reply

Menu Title