ევროპა ეკოლოგიური საფრთხის ზღვარზე – ომის გავლენა გარემოზე

განგრძობადი აგრესიული სამხედრო მოქმედებების პარალელურად ჰუმანიტარულ კრიზისს თან დაერთო ეკოლოგიური საფრთხეებიც. 80-მდე ქვეყნიდან 1000-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გარემოსდაცვითი სამშვიდობო ასოციაციის მეშვეობით ღია წერილი გაავრცელა და მიმდინარე მოვლენების პოტენციურ შედეგებზე ისაუბრა. საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ახლა სხვა ყველაფერთან ერთად გარემოსდაცვითი პრობლემებიც აღმოჩნდა. წერილში ნათქვამია, რომ სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმები იწვევს ჰაერის, მიწისა და წყლის დაბინძურებას, და რომ ომი რისკის წინაშე აყენებს უკრაინისა და სხვა ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებასაც.

სპეციალისტების აზრით, ყველაზე საშიში შედეგი, რაც შეიძლება რუსულ აგრესიას მოჰყვეს, რადიოაქტიური ნივთიერებების გამოფრქვევა და მათი ჰაერში მოხვედრაა.

„უკრაინაში 15 რეაქტორია, საიდანაც ნაწილი გაჩერებულია და ნაწილი მოქმედებს, თუმცა გაჩერებული რეაქტორების ყოველდღიური მოვლაა საჭირო, რათა რაიმე არ დაირღვეს და რადიოაქტიური ნივთიერებები ჰაერში არ მოხვდეს. მაგალითად, ის ურანის საწვავი, რომელიც გამოიყენებოდა ჩერნობილის გაჩერებულ ოთხივე ბლოკში ამოღებულია და სპეციალურ “ბასეინებში” იმყოფება, სადაც ის უნდა გაცივდეს. ამ გაციების პროცესში საჭიროა ელექტროენერგიით მომარაგება იმ მოწყობილობების, რომელიც უზრუნველყოფენ ამ საწვავის გაციებას. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მომხდარი საბრძოლო შეტაკებების შედეგად დაირღვა ელექტროენერგიით მომარაგება, რამაც გამოიწვია ის, რომ მომარაგება გადავიდა ავარიულ სისტემაზე. ეს ავარიული სისტემა არის უბრალოდ დიზელ-გენერატორები, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში ამ მოწყობილობებს ელექტროენერგიით ამარაგებს. ამ საბრძოლო მოქმედებების შედეგად, სულ 2-3 დღის მარაგი იყო დარჩენილი. საბედნიეროდ, მოხერხდა და ელექტროენერგია აღდგა. ამ ეტაპზე ეს რისკი მოიხსნა, თუმცა სამწუხაროდ, შემთხვევითი თუ მიზანმიმართული თავდასხმების შედეგად ეს საფრთხეები მაინც რჩება“, – განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ NECRES-ის (ბიომრავალფეროვნების სახეობათა კონსერვაციის ცენტრი) გამგეობის წევრმა, კახა არცივაძემ.

სპეციალისტის განმარტებით, რადიოაქტიური ნივთიერებების ჰაერში გაფრქვევის საფრთხეს ხელს უწყობს ჩერნობილის მიმდებარედ არსებული ე.წ ყავისფერი ტყეები. ეს დაბინძურებული ზონებია, რომელიც დიდი რაოდენობით რადიონუკლიდებს შეიცავს.

„დიდი რაოდენობით გამხმარი ხეებია, რომელსაც შთანთქმული აქვს ეს ნივთიერებები და მარტივად შესაძლებელია მათი აალება. შემთხვევითმა გასროლამ, ან ჭურვის მოხვედრამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს“, – აღნიშნა არცივაძემ.

რუსული ომის მეთოდებს მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველად აფასებს  CENN-ის (კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი) გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი, რეზო გეთიაშვილიც. „ბიზნესპარტნიორთან“ ის აცხადებს, რომ მსოფლიო და განსაკუთრებით ევროპა ტექნოგენური კატასტროფის წინაშე დგას.

„ვნახეთ შეტევები ატომურ ელექტროსადგურებზე, ჩერნობილზე და რა თქმა უნდა, არსებობს ძალიან დიდი საფრთხე, რომ მივიღოთ ბირთვული კატასტროფა. ვნახეთ ცეცხლმოკიდებული ტერმინალები და შეტევა სამრეწველო, ენერგეტიკულ ობიექტებზე. ეს შეიძლება დასრულდეს ძალიან ცუდი შედეგებით, რომელიც მხოლოდ ერთი ქვეყნის ფარგლებს არ მოიცავს. ჯერჯერობით რისკების შეფასება ძნელია, თუმცა რასაც ვუყურებთ ნადგურდება როგორც სასიცოცხლო გარემო, ასევე ბუნებრივი გარემო.  ვიცით, რომ აგრესორი არ ერიდება არაფერს და ყველაფერს ესვრის ბომბებს. შესაძლოა, ჩვენ უკვე გვაქვს საფრთხე ტექნოგენურ კატასტროფებთან“, – აღნიშნავს გეთიაშვილი.

მნიშვნელოვან საფრთხედ აღიქმება გარემოს ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებაც. რისკს უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ უკრაინა ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყანაა.

„ბევრი ქიმიურად საშიში წარმოებაა, სადაც ინახება სხვადასხვა ტოქსიური ნივთიერებები, ან ისეთი ნივთიერებები, რომელსაც მარტივად შეუძლია გამოიწვიოს აალება, ნიადაგის, წყლის, ჰაერის დაზიანება. რუსების ტექნიკის სიზუსტე რაც არის, მგონი, მთელმა მსოფლიომ ნახა. ძალიან მარტივად შეიძლება შემთხვევით ან მიზანმიმართულად მოხდეს ასეთი ობიექტის დაზიანება და გარემოში ტოქსიკური ნივთიერებების მოხვედრა. უკრაინა იმდენად დიდი ქვეყანაა, რომ მისი ზემოქმედება აუცილებლად იქნება შავი ზღვის რეგიონზე, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაზე. თუ ასეთი რადიოაქტიური ნივთიერებების გამოფრქვევა მოხვდა, ისინი ქარმა შეიძლება ძალიან დიდ მანძილებზე გადაიტანოს“,- განმარტავს „ბიზნესპარტნიორთან“ კახა არცივაძე.

რუსულმა აგრესიამ შესაძლოა პრობლემები სასურსათო უსაფრთხოებასაც შეუქმნას.

„ის, რაც დღეს ხდება, მაგალითად განადგურებული სასოფლო სამეურნეო სავარგულები შიმშილის მიზეზი გახდება, თუ სხვა ქვეყნები უკრაინას არ დაეხმარებიან. სასოფლო სამეურნეო სავარგულები ნადგურდება. ამის აღდგენას ძალიან ბევრი წელი დასჭირდება. ტერიტორია, რომელიც ტანკების პოლიგონი გახდა, წარმოუდგენელია, როგორც სასოფლო-სამეურნეო სავარგული, პროდუქტიული იყოს“, – განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ REC CAUCASUS-ის (კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი) დირექტორმა, სოფიკო ახობაძემ.

Leave a Reply

Menu Title