ლევან დავითაშვილი: სახელმწიფოს ესმის რამდენად მძიმეა მოსახლეობის მდგომარეობა და გარდა პირდაპირი სუბსიდირების პროგრამებისა, ირიბად გაზის მომარაგების შეღავათს აძლევს

სახელმწიფოს ესმის რამდენად მძიმეა მოსახლეობისთვის მდგომარეობა და გარდა პირდაპირი სუბსიდირების პროგრამებისა, ირიბად, სახელმწიფო მოსახლეობას გაზის მომარაგების შეღავათს აძლევს,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით უკეთესი პირობები აქვს გაზის მიწოდების კუთხით.

„საქართველოს აქვს უკეთესი პირობები გაზის, ამაზე პრემიერმაც ისაუბრა, ვიდრე ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანას. გრძელვადიანი კონტრაქტებიც კი, რამდენიმე ასეული დოლარის, 500-600 დოლარის ფარგლებშია ევროპის სხვა და სხვა ქვეყანაში, ზოგ შემთხვევაში 1000-სს სცდება. მიმდინარე ბირჟის ფასები, მარტივად შეგიძლიათ იხილოთ, 1000-ზე ზემოთ არის. ამას გარდა, მოსახლეობაში განაწილებული გაზი უფრო იაფია, ვიდრე კომერციულ სექტორში, ესეც განსხვავებული მოცემულობაა. ევროპის ბევრ ქვეყანაში პირიქით ხდება. საქართველოში გვესმის რა სოციალური ფონი, მოსახლეობა ენერგომატარებლებს უფრო იაფად იღებს, ეს ეხება ყველა ენერგომატარებელს, როგორც ელექტროენერგიას, ისე გაზს. გვესმის, რომ ეს არ არის მარტივი მოცემულობა, სახელმწიფოს გარკვეულწილად სხვა და სხვა რესურსების გადანაწილება უწევს ამ კუთხით. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გარდა იმ პირდაპირი სუბსიდირების პროგრამებისა, რასაც ჩვენ ვაკეთებდით კომუნალური გადასახადების შემცირების კუთხით, პანდემიიდან გამომდინარე, ირიბად, სახელმწიფო კონკრეტულად სოციალური კუთხით გაზის მომარაგების შეღავათს აძლევს. ეს მოსახლეობისთვის უნდა იყოს ცნობილი იმიტომ, რომ სახელმწიფოს ესმის რამდენად მძიმეა მოსახლეობისთვის მდგომარეობა. ასევე ვცდილობთ, რომ კონკურენტუნარიანი ფასით იყოს მოწოდებული გაზის ფასი კომერციული სექტორისთვისაც, რომ მათაც გააგრძელონ ფუნქციონირება“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

Leave a Reply

Menu Title