ბორელმა კიევში რუსულ ენერგორესურსებზე სანქციები დააანონსა

ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უკრაინაში მისი ინტერვენციის გამო. ამის შესახებ 8 აპრილს კიევში ვიზიტისას, საგარეო ურთიერთობის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

“ჩვენ სანქციებს ვუწესებთ რუსეთს და ასე გავაგრძელებთ. თქვენ გვითხარით, რომ მეტი სანქციები დაგვეწესებინა. გვესმის თქვენი და ვიცით, რომ მართალი ხართ. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება რუსეთის ეკონომიკას და ჩვენ ამას გავაკეთებთ”, – განაცხადა მან.

ევროკავშირის წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი “შეეცდება რუსეთის მიერ მიწოდებულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შემცირებას”.

“ორშაბათიდან დავიწყებთ ამის გაკეთებას, ეტაპობრივად – რა თქმა უნდა, ასეთი გარდაქმნა ერთ ღამეში ვერ მოხდება, დავიწყებთ ნავთობით, რადგან უფრო მარტივი გასაკეთებელია. ჩვენ ვეცდებით ამის გაკეთებას რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ვიმოქმედებთ პრაქტიკული გზით, რათა კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მივაყენოთ გლობალურ ეკონომიკას. მაგრამ ეს გაკეთდება და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებაზე სრულად უარის თქმის გზაზე”, – განმარტა ბორელმა.

Leave a Reply

Menu Title